რუსთავში უფლებამოსილების შეწყვეტა საუბნო საარჩევნო კომისიის სამმა წევრმა ითხოვა

12 სექტემბერს, რუსთავის #20 საოლქო საარჩევნო კომისიაში მორიგი სხდომა გაიმართა. ვინც თვალს ადევნებს, აღნიშნული ოლქის სხდომებს, ალბათ, არ გაუკვირდება ის გარემოება, რომ ოლქმა ამჯერადაც საარჩევნო უბნებიდან წასვლის მსურველთა და მათ შემცვლელთა თემაზე იმუშავა.

საუბნო საარჩევნო კომისიის წევრობაზე უარი განაცხადეს რუსთავის 45-ე, მე-80 და 82-ე საარჩევნო უბნებიდან [სამმა წევრმა]. სხდომაზე მათი წასვლის მიზეზებზე, ოლქის მდივანმა ხათუნა გოშაძემ ისაუბრა.  გოშაძის თქმით, აღნიშნულმა წევრებმა უფლებამოსილების შეწყვეტისთვის დაწერილ განცხადებებში მიუთითეს, რომ მიზეზი “ჯანმრთელობის მდგომარეობა” და “ოჯახური პრობლემებია”.

ზემოთ ჩამოთვლილ უბნებში, ვაკანტური პოზიციების დასაკავებლად, კონკურსი დღეს გამოცხადდა და ორ დღეს გასტანს.

სხდომაზე, კომისიის წევრები სასჯელაღსრულების დაწესებულებებში, საარჩევნო უბნების გახსნის და კომისიის წევრების შერჩევის საკითხითაც დაინტერესდნენ. ოლქის ხელმძღვანელობის განცხადებით, რუსთავში სამი ე.წ ციხის უბანი გაიხსნება #85, #86 და #87. აღნიშნულ უბნებზე კომისიის წევრობის მსურველმა კი რვადღიანი სავალდებულო კარანტინი უნდა გაიაროს.

შენიშნვა: ე.წ „ციხის უბნებთან“ დაკავშირებით QvemoQartli.ge მასალას უახლოეს დღეებში მოამზადებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით