რუსთავში მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური შპს/აიპების თანამშრომლებისთვის ხელფასების გაზრდას გეგმავენ
რუსთავის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს, რუსთავის თვითმმართველობა მერიის, საკრებულოს და მუნიციპალური იურიდიული პირების თანამშრომლებისთვის ხელფასების, 10%-ის ფარგლებში, გაზრდას გეგმავს.
ბიუჯეტის პროექტში, საკითხთან დაკავშირებით, ვკითხულობთ ჩანაწერს:
„დაგეგმილია შრომის ანაზღაურების გაზრდა 10%-ის ფარგლებში ქალაქ რუსთავის მერიის მიერ დაფუძნებულ იურიდიული პირებისთვის, ქალაქ რუსთავის საკრებულოსთვის, ქალაქ რუსთავის მერიისთვის ქალაქ რუსთავის მერის თანამდებობრივი სარგოს გარდა“, – წერია, 2023 წლის ბიუჯეტის პროექტში.
2023 წლის ბიუჯეტის პროექტით განსაზღვრული შემოსულობები და სავარაუდო ნაშთი, სულ ჯამში შეადგენს 87 367,7 ათ. ლარს, ხოლო გადასახდელების ნაწილში გადანაწილდა მუხლობრივად:
➢ შრომის ანაზღაურება – 25 303,3 ათ. ლარით მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებში, მის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში და რუსთავის საკრებულოში დასაქმებული თანამშრომლების ხელფასის ფონდი.
➢ საქონელი და მომსახურება – 23 092,8 ათ ლარი. მათ შორის: სკოლამდელი დაწესებულებების კვების ხარჯი, ოფისის ხარჯებში გათვალისწინებულია მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირების სხვადასხვა სახის ხარჯები; ტრანსპორტის ექსპლოატაციისა და მოვლა-შენახვის ხარჯები გათვლილია მუნიციპალიტეტისა და მის მიერ დაფუძნებულ იურიდიულ პირებში ბალანსზე რიცხული ავტოსატრანსპორტო საშუალებების მიმდინარე რემონტისა და სათადარიგო ნაწილებისთვის; ასევე საწვავ-საპოხი მასალების შეძენა; დაგეგმილია სახელშეკრულებო წესით შესასრულებელი სხვადასხვა სახის სამუშაოებისა და მომსახურების შესყიდვა, შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა ანაზღაურება მუნიციპალიტეტის მერიის სამსახურებში, მის მიერ დაფუძნებული იურიდიულ პირებში და რუსთავის საკრებულოში დასაქმებულ თანამშრომლებზე.
➢ პროცენტი – 2 235,4 ათ. ლარი გათვალისწინებულია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წინა წლებში აღებული სესხის პროცენტის დასაფარად. (მუნიციპალიტეტისთვის სამგზავრო ავტობუსების და მყარი ნარჩენების მართვის პროექტების ფარგლებში)
➢ სუბსიდიები – 6 600,3 ათ. ლარით თვითმმართველობა სუბსიდირებას უწევს ავტოტრანსპორტის საწარმოს, სასაფლაოების მოვლა-პატრონობასა და სპორტულ კლუბებს (რაგბი და კალათბურთი).
➢ გრანტები – 6,0 ათ. ლარი გათვალისწინებულია ენერგო ქალაქების საწევროს დასაფინანსებლად.
➢ სოციალური უზრუნველყოფა – 6 300,2 ათ. ლარი განკუთვნილია ქალაქის სოციალურად დაუცველი ფენების და მოსახლეობის სხვადასხვა კატეგორიებზე მუნიციპალურ ავტოტრანსპორტის შეღავათები; წყლის გადასახადზე; იმუშავებს უფასო კვების პროგრამა; გათვალისწინებულია მოსახლეობის შეღავათები მედიკამენტებზე, საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ მეომართა ოჯახების მატერიალური დახმარება, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა ცენტრის ხელშეწყობა და სხვა.
➢ სხვა ხარჯები – 11 229,1 ათ. ლარი გამიზნულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობების რეაბილიტაციისა და ამხანაგობების ხელშეწყობის პროგრამების განსახორციელებლად.
➢ არაფინანსური აქტივები – 9 426,1 ათ. ლარი გაგრძელდება ქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები და შესყიდულ იქნება ა(ა)იპ-ების მიერ ინვენტარი/ტექნიკა, რაც მათი სამუშაო პროცესისათვის არის საჭირო.
➢ ვალდებულებები – 3 174,5 ათ. ლარი გათვალისწინებულია მუნიციპალური განვითარების ფონდიდან წინა წლებში აღებული სესხის ძირი თანხის დასაფარად. (მუნიციპალიტეტისთვის სამგზავრო ავტობუსების და მყარი ნარჩენების მართვის პროექტების ფარგლებში)
ბიუჯეტის პროექტის თანახმად, მომავალ წელს, მერის სარეზერვო ფონდი განისაზღვრა 800 ათ. ლარით.
თვითმმართველობის ანგარიშვალდებულება საზოგადოების მიმართ, ერთის მხრივ, სწორედ ბიუჯეტის ფორმირებისას ვლინდება. მუნიციპალიტეტების ნაწილს აქვს შემუშავებული „მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის” მიზნით, შესაბამისი პროგრამები. 2021 წლის თვითმმართველობის ინდექსის თანახმად, შეფასების პერიოდში, მსგავსი პროგრამა რუსთავის მერიას არ ჰქონდა.
ახალი ბიუჯეტის წარდგენა მოხდა მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოსთვის, თუმცა საბჭოს ხელმძღვანელის განცხადებით, მათ მცირე დრო ჰქონდათ დოკუმენტის საფუძვლიანად შესასწავლად.
შეგახსენებთ, რომ რუსთავის საკრებულომ მხარი არ დაუჭირა მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტს და ამჟამად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცედურები კვლავ გრძელდება. რუსთავის მერია ოპონენტების და კრიტიკის საპასუხად აცხადებს, რომ მათ თითოეულ პროგრამას საფუძვლად შესაბამისი კვლევა უდევს.
მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით