რუსთავის 2023 წლის ბიუჯეტში აუტიზმის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციისთვის განკუთვნილი თერაპიული სეანსების რაოდენობა, შესაძლოა, არ გაიზარდოს
2020 წელს, ჯანდაცვის მინისტრის (ეკატერინე ტიკარაძე) მიერ გამოიცა ბრძანება, რომელიც ადგენს აუტიზმის მქონე ბავშვთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტს. დოკუმენტის თანახმად, აუტიზმის მქონე ბავშვებისთვის განკუთვნილი თერაპიული სეანსების რაოდენობა, მინიმუმ 20 უნდა იყოს.
რუსთავის მერიაში მოქმედი შესაბამისი სოციალური პროგრამა კი ბენეფიციარებს, მხოლოდ, 17 სეანსის ანაზღაურებას სთავაზობს. თერაპიების რიცხვის ზრდა არ იგეგმება 2023 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვითაც.
ა(ა) იპ ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრის „პარტნიორობა თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი ნინო ნანუაშვილი, თერაპიების რაოდენობის ზრდის აუცილებლობაზე საუბრობს. ასევე აცხადებს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება ავლენს გაუმართლებელ არაკომპეტენტურობას საკითხის მიმართ. კერძოდ, ნანუაშვილი აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტი მართავს ე.წ ონლაინ გამოკითხვებს, სადაც მშობლებს თერაპიებთან ერთად სხვადასხვა კურსებს სთავაზობს. აცხადებს, რომ ეს კურსები მათი ხარისხიანად წარმართვის შემთხვევაში, შესაძლოა დადებითიც იყოს, თუმცა არც ერთი მათგანი არ არის თერაპიული სეანსის საპირწონე და არჩევანის გაკეთება მათ შორის, სამედიცინო თვალსაზრისით გაუმართლებელია.
თემაზე კომენტარს, წერილობითი ფორმით, რუსთავის მერია აკეთებს.
„ აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა დაფინანსების პროგრამის ბიუჯეტი შემცირებული არ არის და საწყისი თანხა 856 800 ლარია. 2022 წელს თერაპიის საათები მშობლებთან კონსულტაციის და მათი მოთხოვნის შესაბამისად გავზარდეთ 17 საათამდე. ამას გარდა, 2022 წელსვე გაიზარდა პროგრამით მოსარგებლე ბავშვთა ასაკობრივი ზღვარიც 15- დან 18 წლამდე.
რაც შეეხება “აუტისტური სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის პროგრამით გათვალისწინებული” სარეაბილიტაციო სეანსების ოდენობის კიდევ უფრო გაზრდას, ან ამ და სხვა სახის (სპორტული, სახელოვნებო და ა.შ.) თერაპიების დანერგვის შესაძლებლობას, ერთი თვის წინ, ბავშვების მშობლებთან გვქონდა შეხვედრა, სადაც შევთანხმდით, რომ მერიის სოციალური სამსახური მშობლების ჩართულობით ჩაატარებდა დამატებით კვლევას და ამ გზით მივიღებდით ერთობლივ გადაწყვეტილებას, თერაპიათა შორის თუ რომელ მიმართულებას უნდა მიენიჭოს უპირატესობა, რომელია ბავშვებისთვის უფრო საჭირო და საინტერესო. უკვე გვაქვს კვლევის შედეგები, უახლოეს დღეებში ვგეგმავთ შეხვედრას მშობელთა საინიციატივო ჯგუფთან, სადაც ერთად მიმოვიხილავთ გამოკვეთილ პრიორიტეტებს და დავსახავთ სამომავლო შესაძლებლობებს და გეგმებს“, – რუსთავის მერიის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მხარდაჭერის სამსახურის ხელმძღვანელი, ლაშა ბუსხრიკიძე.
შეგახსენებთ, რომ ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის თანახმად, მუნიციპალიტეტის მართვაში მოქალაქეთა ჩართულობა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტია. ბიუჯეტის ფორმირება კი საზოგადოების საჭიროებიდან გამომდინარე, ამ კომპონენტის ძირითადი შემადგენელი ნაწილია. 2021 წლის შედეგების თანახმად, აღნიშნული მიმართულებით „მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით, მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში შესაბამისი პროგრამის არსებობა“ რუსთავის მერიის შეფასება 0%-ი იყო.
მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით