რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი ოპოზიციური პარტიებით და მედიით უკმაყოფილოა

26 აგვისტოს, რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის სხდომა, ყველასთვის მოულოდნელად, ხმაურიანი გამოდგა. საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ გაგა აფციაურმა უკმაყოფილება გამოთქვა, მისი ოლქის მუშაობის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციებთან დაკავშირებით. აფციაური აცხადებდა, რომ ოპოზიციური პარტიები, რომლებიც არ იჩენენ სათანადო პასუხისმგებლობას და ჩართულობას, საარჩევნო პროცესების მიმართ, შემდეგ მიდიან და არასწორ ინფორმაციებს ავრცელებენ. აფციაური აცხადებდა, რომ ამით მათი შრომის გაუფასურება ხდება და მოსახლეობას წინასწარ ექმნება შთაბეჭდილება, თითქოს არჩევნები ყალბდება. უკმაყოფილების ერთ-ერთი ადრესატი, როგორც მივხვდით ჩვენი საინფორმაციო პორტალი იყო და მისი სტატია. საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი მიმართავდა კომისიის წევრებს: „ თქვენი პარტიების წარმომადგენლები არ მოდიან სხდომებზე, არ ერთვებიან ტრენინგებში და შემდეგ მიდიან და მანონისთან აკეთებენ კომენტარებს, რომ ასე ხდება და ისე.. თითქოს აქ რაღაცას უკანონოს ვაკეთებთ“,- საუბრობდა აფციაური.

მალევე ხმამაღალი და ემოციური გამოსვლისთვის კომისიის წევრებს მოუბოდიშა და ყველა პარტიის წარმომადგენელს „თანაბარი პატივისცემა” დაუდასტურა.

QvemoQartli.ge ეცადა გაერკვია, კონკრეტულად რითი იყო უკმაყოფილო საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმღვანელი და ჩვენ აღნიშნული კონტექსტით, რატომ მოგვიხსენია.

„ ჩემი უკმაყოფილება უკავშირდება მხოლოდ იმას, რომ მინდა ყველამ იაქტიუროს და ჩვენი მოვალეობები ყველამ შევასრულოთ. გამჭვირვალედ წარვმართოთ ყველა პროცესი და დავითვალოთ სწორად ხმები. იცით, რომ გარკვეული სახის აქტიურობა უკვე დაწყებულია, მიმდინარეობს ძალიან საჭირო და სასარგებლო ტრენინგები. მე უბრალოდ ვთხოვე, რომ ჩაერთონ მეტად. მე იმედი მაქვს, რომ ჩემი ძალისხმევით მეტად გავერთიანდებით. ჩვენ არ გვაინტერესებს გარე პერიმეტრში რა ხდება. ჩვენ გვაინტერესებს სწორად დავითვალოთ და სწორად მოვემსახუროთ ამომრჩეველს. სწორად დავითვალოთ ხმები და სწორად დავაჯამოთ. აი, ამაში მინდა ჩართულობა.

თქვენთან დაკავშირებით, მე უბრალოდ ვთქვი რომ როგორც სხვადასხვა პარტიების წევრებს შეუძლიათ მოვიდნენ და გააკეთონ კომენტარი, მეც ასევე შემიძლია ვესაუბრო და მან ჩემი აზრიც გააჟღეროს“,- რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, გაგა აფციაური.

QvemoQartli.ge – ს მომზადებული სტატია, რომელიც თემატურად კვეთაშია რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე:

რუსთავში ოპოზიცია საარჩევნო უბნებში კომისიის „დამოუკიდებელ“ წევრებად მმართველი პარტიის აგიტატორების დანიშნვაზე საუბრობს

 

QvemoQartli.ge

 მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით