რუსთავის საკრებულოს წევრს „აირჩიე ევროპასთან“ დაპირისპირებაზე საუბარი აღარ სურს

სამოქალაქო მოძრაობამ “აირჩიე ევროპა“ საინფორმაციო შეხვედრა რუსთავის მოქალაქეებთან 15 სექტემბერს გამართა. მათი კამპანიის მიზანი ევროინტეგრაციის პროცესისა და ევროპის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებაა.

,,გასვლა გვქონდა რუსთავში, სადაც უბრალოდ ქუჩებში ფლაერებს ვარიგებდით მოსახლეობასთან და სკვერში გვქონდა ერთი მოცულობითი შეხვედრა დაგეგმილი. ქუჩაში სიარულისას, რაღაც მომენტში წინ დაგვხვდა რამდენიმე პიროვნება, რომელთაგანაც აღმოჩნდა რომ ორი იყო საკრებულოს წევრი და იქ დაიწყო სიტყვიერი კონფლიქტი, რაც საბოლოო ჯამში ფიზიკური დაპირისპირების ზღვრამდეც მივიდა”, – გვიყვება ნიკო მანაგაძე, სტუდენტური მოძრაობა ,,თავისუფლებისთვის”.

მედიაში გავრცელებულ კადრებში ჩანს მეგობრობის გამზირზე მომხდარ დაპირისპირებაში ჩართული რუსთავის საკრებულოს ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის მოადგილე მიხეილ ბერუაშვილი, რომელიც საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატია პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოდან.”

მოძრაობის ერთერთი დამფუძნებელი ხათუნა ლაგაზიძე ამბობს, რომ ქუჩაში შეხვედრილი ადამიანები შეაშფოთა კითხვამ, რომელიც ბიძინა ივანიშვილის გორში გაკეთებულ განცხადებას ეხებოდა და აგვისტოს ომის გამო ქართველების მიერ ოსებისთვის ბოდიშის მოხდას გულისხმობდა.

,,შეგვხვდა ადამიანთა ჯგუფი, რომლებსაც ახალგაზრდებმა გაუწოდეს ბუკლეტები. აღმოჩნდა, რომ ისინი ქართული ოცნების მხარდამჭერები იყვნენ და ქართული ოცნების საკრებულოს წევრი. როგორც აღმოჩნდა ისინი არ აპირებენ ბოდიშის მოხდას სეპარატისტებისთვის და ოკუპანტებისთვის, რაც ძალიან მნიშვნელოვანია”, – აცხადებს ხათუნა ლაგაზიძე ,,ტვ პირველთან”.

ჩვენ გვინდოდა თავად მიხეილ ბერუაშვილისგან გაგვერკვია დეტალები, რა გახდა ადგილზე შელაპარაკების მიზეზი, თუმცა მას შემდეგ, რაც რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა დააზუსტა, თუ რომელი მედიასაშუალება ამზადებდა ამ მასალას, მან ჩვენ ზარებს აღარ უპასუხა.

ფოტო: კადრი “ფორმულას”-ს სიუჟეტიდან. 

QvemoQartli.ge