რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა

რუსთავის თვითმმართველობის ოფიციალური ვებგვერდი Rustavi.gov.ge ცვლილებებს განიცდის. საიტზე ხელმისაწვდომია, მხოლოდ, რუსთავის მერიასთან დაკავშირებული ინფორმაცია. შესაბამისად, რუსთავის ოპოზიციური საკრებულო ოფიციალური ვებგვერდის გარეშე დარჩა. ამჟამად, საკრებულო სხდომების ანონსის, კომისიების მუშაობის შესახებ მოსახლეობის ინფორმირებისთვის იყენებს, სოციალურ ქსელ Facebook-ში არსებულ გვერდს:   რუსთავის საკრებულო / Rustavi Municipality City Council

რატომ განხორციელდა აღნიშნული ცვლილება? კითხვაზე, რუსთავის საკრებულოში გვპასუხობენ, რომ აღნიშნული გამოხატავს, მხოლოდ, რუსთავის მერის ნინო ლაცაბიძის დამოკიდებულებას.

„ მხოლოდ მერის პირადი დამოკიდებულებაა საკრებულოს მიმართ, სადაც ,,ქართული ოცნება“ არ არის უმრავლესობაში“, – ნანა შატბერაშვილი, რუსთავის საკრებულოს სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე. შატბერაშვილი აცხადებს, რომ რუსთაველებს ეზღუდებათ ინფორმაციის მიღება საკრებულოს  მუშაობის შესახებ. დასძენს, რომ ფინანსების მოძიების შემთხვევაში, საკრებულო შექმნის ვებგვერდს.

საკითხზე სამი სამუშაო დღის განმავლობაში QvemoQartli.ge ელოდა კომენტარს რუსთავის მერიისგან. პასუხი არ მიგვიღია კითხვებზე:

  • რა საჭიროებამ განაპირობა ახალი ვებგვერდის შექმნა, მხოლოდ მერიისთვის?
  • რა დაჯდა აღნიშნული ვებგვერდის მომზადება?
  • ამ სიახლემ განაპირობა ის, რომ საკრებულო თავისი სხდომების თარიღებზე მოსახლეობას ვერ აწვდის ინფორმაციას სრულფასოვნად და სარგებლობს, მხოლოდ, სოციალური ქსელით. რატომ არ მოხდა აღნიშნული სირთულის გათვალისწინება?

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე მუშაობისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დამხმარე ინსტრუმენტი ოფიციალური ვებგვერდებია. ეტაპობრივად, ელექტრონულ მმართველობაზე გადასვლისთვის, ხდება ვებგვერდების გამართვა და ფუნქციური დატვირთვა, რათა მოქალაქეებს სახლიდან გაუსვლელად შეეძლოთ, როგორც საჯარო ინფორმაციის, ასევე ცალკეული სერვისების მიღება.

ოფიციალური ვებგვერდის არსებობა თანაბრად მნიშვნელოვანია, როგორც მერიისთვის ასევე საკრებულოსთვის. „ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის“ თანახმად, გამჭვირვალობის კრიტერიუმების ნაწილში ფასდება, ვებგვერდების მართვა და ინფორმაციული დატვირთვაც. 2021 წლის მონაცემების თანახმად, რუსთავის თვითმმართველობას ერთ-ერთი საუკეთესო შედეგი ჰქონდა, რომელიც ეყრდნობოდა, როგორც მერიის ასევე საკრებულოს გამჭვირვალობის ხარისხს. ინდექსის შეფასების შემდეგი ეტაპი, მომავალი წლის თებერვალში აქტიურდება. ამჯერად, შემფასებლებს მხოლოდ მერიის ვებგვერდი დახვდებათ, შესაბამისად საკრებულოს გამჭვირვალობის ქულა დაბალი იქნება, რაც საერთო ჯამში, მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ინდექსის ერთიან მაჩვენებელზეც აისახება.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით