რუსთავის მუნიციპალური ა(ა)იპის თანამშრომელი დისკრიმინაციასა და პოლიტიკური ნიშნით დევნაზე საუბრობს

ელენე გახარია, რუსთავის მუნიციპალურ ა(ა) იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში“ ოთხი წელი მუშაობდა. მიმდინარე წლის 29 ნოემბერს, გახარიას ხელმძღვანელობამ შტატის გაუქმების თაობაზე შეატყობინა. ამ ფაქტს ელენე გახარიას განცხადებით, მისი აქტიური თანამშრომლობა უძღოდა წინ რუსთავის ოპოზიციური საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოსთან. კერძოდ, გახარია ამ საბჭოს სამუშაო ჯგუფის წევრია. ამასთან ერთად აცხადებს, რომ მასზე ჯერ კიდევ წინასაარჩევნო პერიოდში, ზეწოლას ახდენდა პარლამენტის წევრი ალექსანდრე დალაქიშვილი, რომელიც მისი განცხადებით, პოლიტიკური აქტიურობის შემთხვევაში სამსახურის დაკარგვით ემუქრებოდა.

განთავისუფლების თემასთან ერთად, ელენე გახარია საუბრობს, რუსთავის მუნიციპალური ა (ა) იპების პრობლემებზე. აცხადებს, რომ ეს დაწესებულებები დღეს პარტიული აქტივის დასაქმების წყაროა და თანამშრომელთა დიდი ნაწილი დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს. ამასთან ერთად, ხაზგასმით ამბობს, რომ თანამშრომლებს ეკრძალებათ კრიტიკული აზრის გამოთქმა.

თემასთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს რუსთავის მერიაში, ასევე მუნიციპალურ ა(ა) იპ „სახელოვნებო, სპორტისა და ახალგაზრდობის განვითარების ცენტრში“.

რაც შეეხება, პარლამენტის წევრ ალექსანდრე დალაქიშვილს, ამ დროისთვის, კითხვებზე პასუხი მისგან არ მიგვიღია. კითხვები პარლამენტარს ოფიციალურ მეილზე მივწერეთ.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით