რუსთავის, გარდაბნის და მარნეულის მოსახლეობას თვითმმართველობებისგან საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის კვლევა სამი ბლოკისგან შედგება, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება, ელექტრონული მმართველობა და მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება.

სტატიაში ქვემო ქართლის სამი მუნიციპალიტეტის: რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ბლოკში მიღებულ შედეგებს განვიხილავთ.

რუსთავის მუნიციპალიტეტს  ბლოკში საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება 2021 წლის მონაცემებით ჯამში 73%-იანი მაჩვენებელი აქვს. მერიას 83%, ხოლო საკრებულოს 57%.  მიუხედავად იმისა, რომ რუსთავს 2021 წლის ინდექსის კვლევის მიხედვით საკმაოდ მაღალი, 66%-იანი შედეგი აქვს, არის გარკვეული კრიტერიუმები, საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით, რომლებსაც მუნიციპალიტეტი ვერ აკმაყოფილებს და დაბალი შედეგი აქვს.

მაგალითად რუსთავის მერიის ოფიციალურ ვებგვერდზე  ვერ შეხვდებით ინფორმაციას შემდეგი საკითხების შესახებ:

  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ვაკანსიების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ;
  • ინფორმაცია რეკლამის განთავსებაზე გაწეული ხარჯების შესახებ;
  • აუდიტის ანგარიში და დასკვნა;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების მიერ განხორციელებული შესყიდვების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დასაქმებულ პირთა შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის იურიდიული პირების დასაქმებულ პირთა შესახებ;
  • საკრებულოს/თბილისის მთავრობის, საკრებულოს კომისიის, ბიუროს სხდომების ოქმები.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსთავის საკრებულოს, ამ ეტაპზე არ აქვს ინდივიდუალური ვებგვერდი რაც ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოსთვის  გამოწვევად რჩება. საკითხთან დაკავშირებით რუსთავის საკრებულოს აპარატის საზოგადოებასა და მედიასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელმა ირინა სიუკაევმა, Qvemoqartli.ge-თან ერთ-ერთ ინტერვიუში ისაუბრა.

რაც შეეხება გასული წლების დინამიკას, რუსთავის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით გაუმჯობესდა.  2017 წელს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს – 46% ჰქონდა, 2019 წელს – 54% და 2021 წელს -73%.

რაც შეეხება გარდაბნის მუნიციპალიტეტს, თვითმმართველობის ინდექსის  2021 წლის კვლევის მიხედვით დაბალი, 39%-იანი მაჩვენებელი აქვს. ხოლო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხით, გარდაბნის მერიასა და საკრებულოსთან 43% ფიქსირდება. მნიშვნელოვანი ხარვეზები იკვეთება  შემდეგ კრიტერიუმებში:

  • ადმინისტრაციული საჩივრის ფორმები/ნიმუშები და გასაჩივრების წესი;.
  • .საჯარო ინფორმაციის გაცემის რეესტრი;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგების შესახებ;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის გასხვისებული და სარგებლობაში გადაცემული ქონების შესახებ;
  • მუნიციპალიტეტის საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა და პრივატიზაციის გეგმა;
  • ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული უძრავი ქონების შესახებ;
  • ინფორმაცია წარმომადგენლობით ხარჯების შესახებ;
  • ინფორმაცია საწვავის მოხმარებაზე გაწეული ხარჯის შესახებ და ა.შ

ასევე 0% ფიქსირდება ქვებლოკში  „ინფორმაცია მუნიციპალიტეტის შესყიდვების შესახებ“, რაც თავის მხრივ 4 კრიტერიუმს მოიცავს.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თვითმმართველობის ინდექსის 2021 წლის საერთო შედეგის მსგავსად, გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერიას საკრებულო საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების კუთხითაც სჯობნის.  ამ ნაწილში მერიას 32%, ხოლო საკრებულოს 64% აქვს.

რაც შეეხება მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს. მარნეულს 2021 წლის თვითმმართველობის ინდექსის კვლევის მიხედვით საშუალოზე დაბალი, 22%-იანი მაჩვენებელი აქვს, შესაბამისად  საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ბლოკში დაბალი შედეგი გასაკვირი არ იქნება.

ამ მიმართულებით მარნეულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოს 20% აქვს.

რაც ნიშნავს იმას, რომ თითქმის ყველა  კრიტერიუმში დაბალი ან 0%-იანი შედეგი ფიქსირდება.

გარდა ამისა,  თვითმმართველობის ინდექსის გასული წლების შედეგები გვიჩვენებს, რომ  2017, 2019 და 2021 წლებში მარნეულში მკვეთრი გაუმჯობესება არ ფიქსირდება.  2017 წელს მარნეულის მერიასა და საკრებულოს, საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მიმართულებით 31% ჰქონდა, 2019 წელს – 18%, ხოლო 2021 წელს – 20%.

რაც ნიშნავს, იმას, რომ გასული წლების მანძილზე მარნეულის მუნიციპალიტეტის მაჩვენებელი ჯამში 11%-ით გაუარესდა.

ამრიგად, 2021 წლის თვითმმართველობის ინდექსზე დაყრდნობით  შეგვიძლია ვთქვათ, რომ რუსთავის, გარდაბნისა და მარნეულის მოსახლეობას საჯარო ინფორმაცია სრულფასოვნად არ მიეწოდება და მუნიციპალიტეტები, ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნების ნაწილში სერიოზული გამოწვევების წინაშე დგანან.

 

ნინია ზოდელავა

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

 

 

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით