როგორ უნდა მოიქცნენ უფლებადამცველები მუქარის დროს
ეს მასალა მომზადდა „უფლებადამცველთა უსაფრთხოების გზამკვლევის“ მიხედვით, რომელიც ორგანიზაციამ „უფლებები საქართველოს“ შექმნა.
უფლებადამცველთა რეპრესია ფსიქოლოგიის საკითხია და, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დასუსტებას და კოლეგებს შორის ნდობის შემცირებას. უფლებადამცველთა მიმართ მუქარა ფართოდ გამოიყენება, მათ შორის დაუცველობის, დაბნეულობის და უსუსურობის გრძნობის გასაღვივებლად. ამიტომ უფლებადამცველებმა განსაკუთრებული სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ მუქარის სწორად მართვასა და უსაფრთხოების შენარჩუნებაში.
უფლებადამცველები საზოგადოებრივ ცხოვრებაზე და სოციალურ სინამდვილეზე მათი გავლენის გამო ხდებიან მუქარის ობიექტები. შესაბამისად, მათ მიმართ განხორციელებულ მუქარას, როგორც წესი, კონკრეტული მიზანი აქვს: შეაჩეროს უფლებადამცველის საქმიანობა ან აიძულოს მას რაიმეს გაკეთება ან გაკეთებისგან თავის შეკავება.
ამის გათვალისწინებით, მუქარა შედგება სამი კომპონენტისგან:
- სახეზე უნდა იყოს მუქარის წყარო – ადამიანი ან ადამიანთა ჯგუფი, რომელიც მიიჩნევს, რომ უფლებადამცველთა საქმიანობით მიადგა ან მიადგება ზიანი;
- მუქარა უნდა ემსახურებოდეს კონკრეტულ მიზანს – ზემოქმედება მოახდინოს უფლებადამცველთა საქმიანობაზე;
- მნიშვნელოვანია მუქარის გამოხატვის ფორმა, თუ როგორ გახდება ის ცნობილი უფლებადამცველისთვის.
მუქარა არის პირადი გამოცდილება და ყოველთვის გარკვეულწილად ზემოქმედებს ადრესატზე. ნებისმიერმა მუქარამ შეიძლება გავლენა მოახდინოს როგორც უსაფრთხოებაზე, ასევე გამოიწვიოს ემოციური და ფსიქოლოგიური შედეგები.
მუქარა დამაჯერებელია, თუ ის მიანიშნებს, რომ მის ავტორს აქვს უნარი და შესაძლებლობა განახორციელოს ადრესატის წინააღმდეგ მუქარაში გამოხატული ძალადობრივი ქმედება. მუქარის წყარომ თავისი შესაძლებლობების დემონსტრირება სხვადასხვა ფორმით შეიძლება მოახდინოს, მაგალითად, ჩაკეტილ მანქანაში მუქარის წერილი დატოვოს ან სახლში მისვლის შემდგომ სატელეფონო ზარი განახორციელოს და უფლებადამცველს მიანიშნოს, რომ უთვალთვალებს. ამასთან, მუქარის დამაჯერებლობისთვის, მისმა ავტორმა შესაძლოა სხვადასხვა სიმბოლური ჟესტი გამოიყენოს, მაგალითად, უფლებადამცველს გაუგზავნოს საკუთარი დაკრძალვის ცერემონიალის მოსაწვევი და ა.შ.
გასათვალისწინებელია, რომ დღის ბოლოს უფლებადამცველი უნდა ფლობდეს ინფორმაციას, თუ რამდენად რეალურია მუქარის განხორციელების საფრთხე, ვინაიდან სწორედ ამაზეა დამოკიდებული მისი საპასუხო მიდგომა. მუქარიდან მომდინარე რისკების შესაფასებლად და რელევანტური რეაგირების დასაგეგმად საჭიროა შემდეგი:
- რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის დამუშავება მუქარის წყაროს და მიზნის შესახებ;
- დასაბუთებულ და გონივრულ დასკვნამდე მისვლა, მუქარიდან მომდინარე საფრთხის დამაჯერებლობის/რეალურობის შესახებ;
- გადაწყვეტილების მიღება და სამომავლო ნაბიჯების დაგეგმვა.
ამასთან, მუქარისგან მომდინარე რისკების შესაფასებლად, მნიშვნელოვანია:
- მუქარის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. აუცილებელია იმის გამოკვლევა, ზუსტად რა მოვლენების განვითარებას აქვს ადგილი. ეს შეიძლება განხორციელდეს სხვა შესაბამის პირებთან გასაუბრებით და მათგან მიღებული ინფორმაციის დამუშავებით.
- უკანასკნელ პერიოდში მიღებული მუქარების ბუნების/მახასიათებლების შეფასება. თუ რამდენიმე მუქარას ჰქონდა ადგილი, მნიშვნელოვანია, შევისწავლოთ თითოეული ფაქტის ბუნება, მუქარის განხორციელების საშუალება, მეთოდი (სიტყვიერი ან წერილობითი), დრო, სიმბოლოები და სხვა.
- მუქარის მიზნის დადგენა.
მუქარას, როგორც წესი, აქვს კონკრეტული მიზანი, რომელიც უშუალო კავშირშია უფლებადამცველის მიერ განხორციელებულ საქმიანობასთან.
- მუქარის წყაროს დადგენა.
დიდი მნიშვნელობა ენიჭება კონკრეტულობას. მაგალითად, თუ უფლებადამცველი მივა დასკვნამდე, რომ მუქარის წყაროს წარმოადგენს სახელმწიფო უწყება, მიზანშეწონილია დაადგინოს, კონკრეტულად რომელი უწყებიდან მომდინარეობს მუქარა, ვინაიდან ისინი კომპლექსური აქტორები არიან. გასათვალისწინებელია, რომ ხელმოწერილი და დოკუმენტირებული მუქარაც კი შეიძლება იყოს ყალბი. განზრახ სხვა პირის მონაცემების მითითება მუქარის ავტორს შესაძლებლობას აძლევს, ერთი მხრივ, თავი აარიდოს შესაძლო პასუხისმგებლობას, მეორე მხრივ, მაინც მიაღწიოს მიზანს – გამოიწვიოს უფლებადამცველის შეშინება და გავლენა მოახდინოს მის სამომავლო საქმიანობაზე.
- დასაბუთებული დასკვნა, რამდენად არის შესაძლებელი მუქარის განხორციელება. შეუძლებელია წინასწარ სრული სიზუსტით იმის განსაზღვრა მუქარა განხორციელდება თუ არა. შესაძლო ძალადობრივი ქმედებების შესახებ პროგნოზის გაკეთება გულისხმობს გაცხადებას, რომ გარკვეული გარემოებების გათვალისწინებით, არსებობს რისკი, რომ პირი ან პირთა ჯგუფი უფლებადამცველის წინააღმდეგ განახორციელებს ძალადობრივ ქმედებას. უფლებადამცველები, რა თქმა უნდა, სრული დარწმუნებით წინასწარ ვერ განჭვრეტენ როგორ განვითარდება მოვლენები, მაგრამ შესაძლებელია დასაბუთებულ დასკვნამდე მისვლა, რამდენად არსებობს მუქარის რეალურ ძალადობრივ ქმედებაში გარდაქმნის საფრთხე.
ასევე, უფლებადამცველებმა შეიძლება ვერ მიიღონ საკმარისი ინფორმაცია ამ დასკვნის გასაკეთებლად ან განსხვავებული მოსაზრებები მოისმინონ კოლეგებისგან მუქარის რეალურობის შესახებ. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ უნდა იმოქმედონ ყველაზე ცუდი შესაძლო სცენარის მიხედვით. მაგალითი: უფლებადამცველმა მიიღო სიცოცხლის მოსპობის მუქარის შემცველი შეტყობინება. ჯგუფმა გაანალიზა შესაძლო საფრთხეები და მივიდა ორ ურთიერთსაწინააღმდეგო დასკვნამდე: ჯგუფის წევრების ნაწილმა აღნიშნა, რომ მუქარა იყო სრული სიყალბე, ხოლო მეორე ნაწილმა გამოხატა წუხილი მუქარის რეალურობასთან დაკავშირებით. შეხვედრის შემდეგ ჯგუფმა გადაწყვიტა ემოქმედა ყველაზე ცუდი სცენარით და მიიღო უსაფრთხოების მექანიზმების ამოქმედების გადაწყვეტილება.