როგორ მუშაობს სასამართლო — მოკლედ
რა ხდება
ხშირად, როცა ქართულ სასამართლო სისტემაზე ვსაუბრობთ, მხოლოდ ე.წ. კლანი, პოლიტიზებული მართლმსაჯულება, კრიტიკული განცხადებები, ცნობილი და თან ძალიან დისკრედიტირებული მოსამართლეების სახელები გვახსენდება. სამწუხაროდ, სასამართლო საკითხებით სიღრმისეულად მხოლოდ ხელისუფლება, მედია, არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები არიან დაინტერესებული.
მოქალაქეთა ნაწილმა ცოტა რამ იცის სასამართლოში არსებულ პრობლემებზე, სისტემის მუშაობაზე და იმაზეც, რაში სჭირდება სამართლიანი სასამართლო. შესაბამისად, როცა რეფორმების აუცილებლობაზე მიდგება საქმე, ცვლილებების მსურველთა რიგი იმ ხალხით შემოიფარგლება, ვინც ზევით ჩამოვთვალეთ.
იმისთვის, რომ ინტერესი გაიზარდოს და მოქალაქემ აღიქვას, რატომ არის მნიშვნელოვანი მისი ჩართულობა, სისტემას უნდა იცნობდეს. ვეცდებით, ამ სტატიაში მარტივად და მოკლედ ავხსნათ, რა ტიპის სასამართლოები გვაქვს ქვეყანაში, რომელს როდის უნდა მიმართოთ და როგორ ფუნქციონირებს ისინი.
რას ნიშნავს სასამართლო ხელისუფლება
ალბათ, ბევრჯერ გსმენია სახელმწიფოს დანაწილების სამ შტოზე: საკანონმდებლო, აღმასრულებელ და სასამართლო ხელისუფლებაზე.
- საკანონმდებლო ხელისუფლება — პარლამენტია;
- აღმასრულებელი — მთავრობა.
საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონი გვეუბნება, რომ სასამართლო ხელისუფლება დამოუკიდებელია სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებისაგან და მას ახორციელებენ მხოლოდ სასამართლოები. კანონი განმარტავს იმასაც, რომ მართლმსაჯულება არის სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ერთ-ერთი ფორმა და მას სამოქალაქო, ადმინისტრაციულ და სისხლის სამართალწარმოებათა მეშვეობით ახორციელებენ საერთო სასამართლოები.
საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემა 3 ნაწილად იყოფა:
- რაიონული (საქალაქო) სასამართლო;
- სააპელაციო სასამართლო;
- საკასაციო (უზენაესი) სასამართლო.
დაიმახსოვრეთ: საერთო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოაქვს საქართველოს სახელით. შესაბამისად, სასამართლოს აქტი, უფლებამოსილების განსახორციელებლად სასამართლოს მოთხოვნა და განკარგულება სავალდებულოა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ყველასთვის.
საქართველოში გვაქვს საკონსტიტუციო სასამართლო, რომელიც საერთო სასამართლოების სისტემის ნაწილი არ არის. ეს არის საკონსტიტუციო კონტროლის სასამართლო ორგანო, რომელიც უზრუნველყოფს კონსტიტუციის უზენაესობას, კონსტიტუციურ კანონიერებას და ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას.
იუსტიციის უმაღლესი საბჭო
რეალობაში იმავეს თქმა გაგვიჭირდება, თუმცა, კანონის მიხედვით, სასამართლოს (მოსამართლის) დამოუკიდებლობის, მართლმსაჯულების ხარისხისა და ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით არსებობს იუსტიციის უმაღლესი საბჭო. მის უფლებამოსილებებში შედის მოსამართლეთა თანამდებობაზე დანიშვნა-გათავისუფლება, საკვალიფიკაციო გამოცდების ორგანიზება, სასამართლო რეფორმის გასატარებლად წინადადებების შემუშავება და სხვა.
როგორ მუშაობს რაიონული (საქალაქო) სასამართლო
ეს პირველი ინსტანციაა, საიდანაც სიმართლის დასადგენად ბრძოლას იწყებთ. ეს სასამართლო საქმეს ერთპიროვნულად ან, კანონით გათვალისწინებულ შემთხვევაში – კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს.
- რაიონული სასამართლო იქმნება მუნიციპალიტეტში;
- საქალაქო კი — თვითმმართველ ქალაქში.
საქალაქო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორია თვითმმართველ ქალაქთან ერთად შეიძლება მოიცავდეს მუნიციპალიტეტსაც.
- სამოქალაქო კოლეგია;
- ადმინისტრაციული კოლეგია;
- სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია;
- საგამოძიებო კოლეგია;
- წინასასამართლო სხდომის კოლეგია.
როგორ მუშაობს სააპელაციო სასამართლო
საერთო სასამართლოების სისტემაში მოქმედებს 2 სააპელაციო სასამართლო — თბილისის და ქუთაისის. სააპელაციო მეორე ინსტანციაა, რომელიც კოლეგიურად, 3 მოსამართლის შემადგენლობით განიხილავს საჩივრებს პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებზე. ამ ინსტანციაში იქმნება:
- სამოქალაქო საქმეთა პალატა;
- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
- სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
- საგამოძიებო კოლეგია.
გარკვეული კატეგორიის საქმეებზე შეიძლება დაწესდეს საჩივრების ერთპიროვნული განხილვა. ასევე, სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის მოსამართლე სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში საჩივრებს ერთპიროვნულად განიხილავს.
ხოლო ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქმედო ტერიტორიას განეკუთვნება: აბაშის, ამბროლაურის, ბაღდათის, გალი-გულრიფშისა და ოჩამჩირე-ტყვარჩელის, ვანის, ზესტაფონის, ზუგდიდის, ლენტეხის, მარტვილის, მესტიის, ოზურგეთის, სამტრედიის, საჩხერის, სენაკის, ტყიბულის, ჩხოროწყუს, ცაგერის, წალენჯიხის, წყალტუბოს, ხელვაჩაურის, ხობისა და ხონის რაიონული, ბათუმის, ფოთის და ქუთაისის საქალაქო სასამართლოების სამოქმედო ტერიტორიები.
როგორ მუშაობს უზენაესი სასამართლო
უზენაესი სასამართლო საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მართლმსაჯულების განხორციელების უმაღლესი და საბოლოო ინსტანციის საკასაციო სასამართლოა. ის ზედამხედველობს მართლმსაჯულების განხორციელებას ქვეყნის საერთო სასამართლოებში.
უზენაეს სასამართლოში იქმნება:
- სამოქალაქო საქმეთა პალატა;
- ადმინისტრაციულ საქმეთა პალატა;
- სისხლის სამართლის საქმეთა პალატა;
- დიდი პალატა;
- პლენუმი;
- სადისციპლინო პალატა;
- საკვალიფიკაციო პალატა.
უზენაესი სასამართლოს პალატა (გარდა დიდი პალატისა) საქმეს განიხილავს 3 მოსამართლის შემადგენლობით, დიდი პალატა კი — 9.
დიდი პალატა შედგება:
- უზენაესის თავმჯდომარის;
- სხვა პალატების თავმჯდომარეების;
- პლენუმის მიერ უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობიდან 2 წლის ვადით არჩეული არანაკლებ 12 მოსამართლისაგან.
- თავმჯდომარის წარდგინებით აირჩიოს დიდი პალატის შემადგენლობა;
- პლენუმის წევრის წარდგინებით აირჩიოს უზენაესი სასამართლოს პალატების შემადგენლობები და თავმჯდომარეები;
- დანიშნოს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 3 წევრი;
- უფლებების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
რაც შეეხება უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეს და მის უფლება-მოვალეობებს:
- ხელმძღვანელობას უწევს უზენაესი სასამართლოს საქმიანობას;
- შეიძლება იყოს ერთ-ერთი პალატის თავმჯდომარე;
- უძღვება უზენაესი სასამართლოს პლენუმისა და დიდი პალატის სხდომებს;
- საჭიროების შემთხვევაში თავმჯდომარეობს უზენაესის პალატების სხდომებს;
- საქართველოში მართლმსაჯულების მდგომარეობის ზოგად საკითხებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განმახორციელებელი სასამართლო ხელისუფლების სახელით წარმართავს ურთიერთობას სახელმწიფო ხელისუფლების სხვა შტოებთან, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან და მოსახლეობასთან;
- წარმართავს უზენაესი სასამართლოს აპარატის მუშაობას;
- იღებს გადაწყვეტილებებს უზენაესი სასამართლოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ.
უზენაესი სასამართლოს პალატა (სადისციპლინო და საკვალიფიკაციო პალატების გარდა) საკასაციო ინსტანციის სასამართლოა, რომელიც საპროცესო კანონით განიხილავს საკასაციო საჩივრებს სააპელაციოს გადაწყვეტილებებზე. ასევე, კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში განიხილავს მისი განსჯადობისათვის მიკუთვნებულ სხვა საქმეებს, საჩივრებს რესტიტუციისა და კომპენსაციის კომისიის გადაწყვეტილებებზე კანონით დადგენილი პროცედურების დარღვევის შემთხვევაში. დიდი პალატა კი საპროცესო კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაკუთრებით რთული კატეგორიის საქმეებს განიხილავს.
ვინ (არ) შეიძლება იყოს მოსამართლე
კანონი გვეუბნება, რომ საერთო სასამართლოების მოსამართლედ შეიძლება დაინიშნოს (აირჩეს) საქართველოს ქმედუნარიანი მოქალაქე 30 წლის ასაკიდან, რომელსაც:
- აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება — არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხით/უმაღლესი განათლების დიპლომით;
- აქვს სპეციალობით მუშაობის სულ ცოტა 5 წლის გამოცდილება;
- ფლობს სახელმწიფო ენას;
- ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა;
- გავლილი აქვს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსი და შეყვანილია იუსტიციის მსმენელთა საკვალიფიკაციო სიაში.
მოსამართლის თანამდებობაზე არ შეიძლება დაინიშნოს/აირჩეს:
- ნასამართლევი პირი;
- პირი, რომელიც გათავისუფლებული იყო მოსამართლის თანამდებობიდან კონკრეტული საფუძვლით.
კეთილსინდისიერების კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- პიროვნული კეთილსინდისიერება და პროფესიული სინდისი;
- დამოუკიდებლობა, მიუკერძოებლობა და სამართლიანობა;
- პიროვნული და პროფესიული ქცევა;
- პიროვნული და პროფესიული რეპუტაცია.
კომპეტენტურობის კრიტერიუმის მახასიათებლებია:
- სამართლის ნორმების ცოდნა;
- სამართლებრივი დასაბუთების უნარი და კომპეტენცია;
- წერისა და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- პროფესიული თვისებები;
- აკადემიური მიღწევები და პროფესიული წვრთნა;
- პროფესიული აქტივობა.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ კანონით მოსამართლე ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, საცხოვრებელი ან სამუშაო ადგილის, მანქანის ან პირადი გაჩხრეკა საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს. თუ საბჭო არ მისცემს თანხმობას, მოსამართლე დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს. თანხმობის გადაწყვეტილებას კი საბჭო სრული შემადგენლობის 2/3-ის უმრავლესობით იღებს.
- გაიგეთ მეტი: როგორ (არ) იზომება მოსამართლის კეთილსინდისიერება?
მოსამართლის შრომის ანაზღაურება შედგება თანამდებობრივი სარგოსგან და დანამატისგან. კანონის მიხედვით, მოსამართლის ყოველთვიური ხელფასები ასეთია:
- უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე — 7 000 ლარი;
- უზენაესი სასამართლოს მოსამართლე— 6 000 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე — 5 800 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს პალატის (კოლეგიის) თავმჯდომარე — 5 300 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე — 5 000 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს თავმჯდომარე — 4 600 ლარი;
- რაიონულის (საქალაქო) სასამართლოს კოლეგიის თავმჯდომარე — 4 300 ლარი;
- რაიონული (საქალაქო) სასამართლოს მოსამართლე, მაგისტრატი მოსამართლე — 4 000 ლარი;
- რეზერვში მყოფი მოსამართლე — 500 ლარი.
2023 წლის იანვარში იუსტიციის საბჭოს განკარგულებით დანამატები განსაზღვრა:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე — 4 310 ლარი;
- თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე — 4 030 ლარი;
- სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე — 3 745 ლარი.
- სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე — 4 100 ლარი.
მორიგი განკარგულებით მოქმედ, ყოველთვიურ დანამატთან ერთად მარტის თვეში კიდევ ერთი დანამატი განესაზღვრათ: თანამდებობრივი სარგოს (ხელფასის) 50%-ის ოდენობით.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი განმარტავს, რომ საერთო სასამართლოების წარმომადგენლებისთვის სოციალური უსაფრთხოებისა და მატერიალური კეთილდღეობის გარანტიების არსებობა სასამართლოს დამოუკიდებლობის მნიშვნელოვანი კომპონენტია. მათივე შეფასებით, სოციალური გარანტიები, ერთი მხრივ, სასამართლო სისტემას კორუფციული რისკებისგან იცავს, მეორე მხრივ კი, სისტემაში დასაქმებულებისთვის ღირსეულ შრომით პირობებს ქმნის.
ამის ფონზეც არასამთავრობო სექტორი მუდმივად ხაზს უსვამს სისტემაში კორუფციის და ნეპოტიზმის არსებობას.
როგორ უნდა მიმართო სასამართლოს
ყოველ ადამიანს აქვს უფლება მიმართოს სასამართლოს. ეს შესაძლებელია განცხადების ან იუსტიციის საბჭოს მიერ დამტკიცებული ფორმების მეშვეობით. უმჯობესია მიმართვამდე ისარგებლოთ იურისტის მომსახურებით, ან კონსულტაციით.
ამის შემდეგ განაცხადი ან შევსებული ფორმა უნდა წარადგინოთ მოქალაქეთა მომსახურების ცენტრში — სამუშაო დღეებში, ორშაბათიდან-პარასკევის ჩათვლით, 09:30-დან 18:00 საათამდე.
- დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ დაუკავშირდეთ საერთო სასამართლოების საინფორმაციო ცენტრს — 1545
თქვენს მიმდინარე საქმეზე ინფორმაციის მიღება შეგიძლიათ ვებ-პორტალზე. კერძოდ, სარჩელის რეგისტრაციისას გადმოგცემენ მომხმარებლის სახელსა და პაროლს, რომლის შეყვანის შემდეგ ნახავთ თქვენს გვერდს, სადაც მოცემულია ინფორმაცია განმხილველი მოსამართლის, დანიშნული სხდომისა და წარმოების შესაბამისი ეტაპების შესახებ. თუ ვერ სარგებლობთ ონლაინ სერვისით, უნდა დაუკავშირდეთ საინფორმაციო ცენტრს.
სხდომის ჩატარების თარიღისა და საქმესთან დაკავშირებული სხვა ინფორმაციის მისაღებად უნდა დაუკავშირდეით მოსამართლის თანაშემწეს შიდა ნომერზე, რომელიც გამოქვეყნებულია ვებგვერდზე ან მითითებულია სასამართლოდან გამოგზავნილ შესაბამის გზავნილში/უწყებაში.
სასამართლო განხილვა საჯაროა. სხდომაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელსაც შეუსრულდა 14 წელი და ფლობს საიდენთიფიკაციო დოკუმენტს (დაბადების მოწმობა, პირადობის დამადასტურებელი მოწმობა). გაითვალისწინეთ, რომ სასამართლოს ან მხარის ინიციატივით, შესაძლოა, სხდომა დაიხუროს.
დახურულ სხდომაზე საქმის განხილვა დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის აუდიო-ვიდეო ჩაწერის ხელმისაწვდომობა. თუ გამოტანილია განჩინება სხდომის ნაწილობრივ ან სრულად დახურვის თაობაზე, მხარეები ვალდებული არიან ხელი მოაწერონ ხელწერილს აუდიო-ვიდეო ჩანაწერის გაუმჟღავნებლობაზე.
როგორ მუშაობს საკონსტიტუციო სასამართლო
საკონსტიტუციო სასამართლოს იურისდიქცია ვრცელდება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე. მისი მოწყობა, კომპეტენცია და საქმიანობის წესი განისაზღვრება კონსტიტუციითა და საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონით.
ის თავის საქმიანობას ახორციელებს კანონიერების, კოლეგიალობის, საქვეყნოობის, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის, უფლებამოსილებათა მთელი ვადით საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დამოუკიდებლობის, ხელშეუხებლობისა და შეუცვლელობის საწყისებზე.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი შეიძლება იყოს საქართველოს მოქალაქე 35 წლის ასაკიდან, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, სპეციალობით მუშაობის არანაკლებ 10-წლიანი გამოცდილება და გამორჩეული პროფესიული კვალიფიკაცია.
საკონსტიტუციო სასამართლო შედგება პლენუმისა და ორი კოლეგიისაგან. ჯამურად ცხრა მოსამართლეა.
- სამ წევრს ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი;
- სამს — პარლამენტი;
- სამს — უზენაესი სასამართლო.
პლენუმის შემადგენლობაშია სასამართლოს 9 წევრი, კოლეგიის შემადგენლობაში — 4.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი ხელშეუხებელია. დაუშვებელია მისი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემა, დაკავება ან დაპატიმრება, მისი ბინის, მანქანის, სამუშაო ადგილის ან პირადი ჩხრეკა საკონსტიტუციო სასამართლოს თანხმობის გარეშე. გამონაკლისია დანაშაულზე წასწრების შემთხვევა, რაც დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს საკონსტიტუციო სასამართლოს. თუ იგი არ მისცემს თანხმობას, დაკავებული ან დაპატიმრებული წევრი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.
საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის ან კონსტიტუციური წარდგინების საფუძველზე უფლებამოსილია:
- ფიზიკური პირის, იურიდიული პირის ან სახალხო დამცველის სარჩელის საფუძველზე განიხილოს ნორმატიული აქტის კონსტიტუციურობა კონსტიტუციის მეორე თავით აღიარებულ ადამიანის ძირითად უფლებებთან მიმართებით;
- პრეზიდენტის, პარლამენტის წევრთა არანაკლებ ერთი მეხუთედის ან მთავრობის სარჩელის საფუძველზე მიიღოს გადწყვეტილება ნორმატიული აქტის კონსტიტუციასთან შესაბამისობის საკითხზე;
- პრეზიდენტის, პარლამენტის, მთავრობის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, გენერალური პროკურორის, ეროვნული ბანკის საბჭოს, გენერალური აუდიტორის, სახალხო დამცველის ან ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი წარმომადგენლობითი ან აღმასრულებელი ორგანოს სარჩელის საფუძველზე განიხილოს დავა შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილების შესახებ;
- უფლებამოსილებების სრული სიის ნახვა შეგიძლიათ აქ.
რაც შეეხება ანაზღაურებას, ყოველთვიური თანამდებობრივი სარგოების განაკვეთების ოდენობებია:
- საკონსტიტუციოს სასამართლოს თავმჯდომარე – 7 000 ლარი;
- საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და სასამართლოს მდივანი – 6 300 ლარი;
- საკონსტიტუციო სასამართლოს წევრი – 6 000 ლარი.
საკონსტიტუციო სასამართლოს წევრისთვის შრომის ანაზღაურების შემცირება მისი უფლებამოსილების მთელი ვადის განმავლობაში დაუშვებელია. ხოლო ყოველთვიური დანამატის ოდენობას განსაზღვრავს პლენუმი ბიუჯეტით საკონსტიტუციო სასამართლოსთვის გათვალისწინებული დაფინანსების ფარგლებში.
ავტორი: თამუნა გეგიძე
ფოტო: გელა ბოჩიკაშვილი / On.ge
სტატია მოამზადა On.ge-ს რედაქციამ
სტატია მომზადდა On.ge-ის მიერ USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია On.ge და მასში გამოთქმული მოსაზრებები, შესაძლოა, არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებებს.
The article was prepared by the On.ge with the support of the USAID Rule of Law Program funded by the United States Agency for International Development (USAID) through the East-West Management Institute (EWMI). The views expressed in this article are the sole responsibility of the author and do not necessarily reflect the views of USAID and EWMI.