რედაქციების, სახლების ჩხრეკა, პატიმრობა, დევნა – რა მოუტანა ბელარუსს კანონმა „ექსტრემისტების“ შესახებ

„რუსული კანონის“ სულისკვეთების კანონების მიღების შედეგად ბელარუსი ასობით აქტივისტმა და ჟურნალისტმა დატოვა. მათი ნაწილი კი ციხეშია და დღემდე სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია.

ბელარუსში, ექსტრემიზმის ბრალდებით ლუკაშენკოს რეჟიმი დევნიდა და დღესაც დევნის დამოუკიდებელ ორგანიზაციებს. უფრო მართებული იქნება, თუ ვიტყვით რომ ბელარუსში, ადგილზე მომუშავე და თან თავისუფლებაზე მყოფი ჟურნალისტები და აქტივისტები აღარც დარჩნენ.

დღეს ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და სრულფასოვნად პროფესიულ საქმიანობას ვერ ახერხებენ.

ჩვენი რესპონდენტი ბელარუსი ჟურნალისტი და პროდიუსერი მარია მალევიჩია. იგი უკვე 20 წელია მუშაობს ჟურნალისტიკაში, აქედან 17 წელი ბელარუსის ტერიტორიიდან, ბოლო სამი წელი უცხოეთიდან.

მარიამ და მისმა რედაქციამ ბელარუსში უკვე გამოიარა ჩხრეკა, ტექნიკის კონფისკაცია და დაკავების მუქარები. სამი წლის უკან, მიიღო ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილა. ამბობს, რომ არჩევანი რეალურად არც ჰქონია.

გვესაუბრება იმაზე, თუ როგორ დაიწყო ბელარუსში ჟურნალისტების და აქტივისტების დევნა.

ჟურნალისტი: საქართველოში პარლამენტი განიხილავს კანონს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელსაც საზოგადოება „რუსულ კანონს“ უწოდებს.

მსგავსი მიზნის მატარებელი, რომელი კანონები მოქმედებს ბელარუსში? შეგიძლიათ გაიხსენოთ მათი სახელწოდებები და რა ძირითადი ჩანაწერებია მათში ისეთი, რომელიც ზიანს აყენებს მედიის მუშაობას და შეუძლებელს ხდის დამოუკიდებელი ორგანიზაციების საქმიანობას?

მარია მალევიჩი: კანონი ყოველთვის თანხვედრაშია მისი გამოყენების პრაქტიკასთან. ყველაზე ჰუმანური და იდეალური კანონიც კი, რომელიც ქაღალდზეა დაწერილი, შეიძლება ის გამოიყენონ როგორც ჩაქუჩი.

ბელარუსში ეს პრინციპი უკვე წლებია მუშაობს, იგი ძალიან უყვარს ალექსანდრე ლუკაშენკოს, რომელმაც ხელისუფლების უზურპაცია მოახდინა. მან არა ერთხელ განაცხადა, რომ არ ჰყავს პოლიტიკური პატიმრები, რადგან ვინც ციხეშია მათ ოფიციალურად არ აქვთ ბრალი წაყენებული „პოლიტიკური მუხლებით.“ ამბობს, რომ ყველანი სისხლის სამართლის მუხლების შესაბამისად იხდიან სასჯელს. და ასეა: ყველასთვის ვინც წინააღმდეგობას უწევს/არ ეთანხმება  – მოიძებნება სისხლის სამართლის კოდექსის, რომელიმე მუხლი. მედიისთვის, როგორც წესი ყველაზე ხშირად ეს არის მუხლი რომელიც შეიქმნა და გულისხმობს მონაწილეობა ექსტრემისტული მასალის მომზადებაში ან და გავრცელებას ექსტრემისტული მასალების.

რას წარმოადგენს ექსტრემისტული მასალა? კანონის ენით, ეს არის – რაღაც დესტრუქციული, ცუდი, საზიანო, მაგრამ ფაქტობრივად – ეს არის ნებისმიერი მონაცემი და მოკვლევა/ინფორმაცია, რომელიც არ მოსწონს მოქმედ ხელისუფლებას. თან ეს ეხება არა მხოლოდ, მათ ვინც კონტენტი შექმნა, ასევე მათაც ვინც გაეცნო მას.

ამიტომ არ აქვს დიდი მნიშვნელობა როგორ ჟღერს კანონი, რომლის მიღებაც უნდათ, არამედ მთავარია რისი მიღწევა სურთ მისი დახმარებით. ვშიშობ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის კარგი ტენდენციები – ეს არის მცდელობა მედიისთვის ყელზე მარყუჟის ჩამოკიდების.

ჟურნალისტი: მსგავსი კანონების მოქმედების გამო, რა შედეგი დადგა ბელარუსში? როგორ და რა პირობებში აგრძელებენ მუშაობას ბელარუსი ჟურნალისტები და აქტივისტები?

მარია მალევიჩი: სიტუაცია ბელარუსში არის კატასტროფული. სამწუხაროდ, სამყაროში ისეთი ვითარებაა, რომ „კატასტროფის“ გაგებაც კი დევალვაციას განიცდის. რეალობა არის პირქუში: დღეს ბელორუსში ადგილზე პრაქტიკულად აღარ დარჩნენ დამოუკიდებელი მედია ორგანიზაციები და აქტივისტები. არსებობს, მხოლოდ რამდენიმე კომერციული რესპუბლიკური და ადგილობრივი გამოცემები, თუმცა ისინი არ საუბრობენ პოლიტიკაზე.

ყველაფერი რაც ეხება ხელისუფლების კრიტიკას, უკრაინაში ომის შესახებ შეტყობინებებს, რეპრესიების ხსენებას და პრობლემებს ეკონომიკაში – ყველაფერი ისმის მედიისგან, რომელიც დევნილობაში მუშაობას, ბელარუსს მიღმა.

და რას ნიშნავს ეს პრაქტიკაში? წარმოიდგინეთ: ადამიანი რომელიც ეჯახება მაგალითად კომუნალური სამსახურების ცუდ მუშაობას. მას შეუძლია მივიდეს სახელმწიფო მედიაში. ამ მედიას კი შეიძლება, ერთი, არც მოუდეს ამ საკითხის გაშუქება და უარესიც – გააშუქებენ ისე, რომ თავად მომჩივანი წარმოჩინდება როგორც დამნაშავე.

დამოუკიდებელი მედიები უცხოეთიდან მუშაობენ. ჩვენ არ შეგვიძლია მივიდეთ შემთხვევის ადგილას და ვაჩვენოთ თუ რა ხდება. უფრო მეტიც თავად სხვა ადამიანსაც არ შეუძლია ჩვენთვის შეტყობინების გამოგზავნა, ფოტოსი, ან ვიდეოსი – ეს მისთვის სახიფათოა. რეალური სახლების მითითების გარეშეც, ეს ადამიანი შეიძლება გახდეს სპეცსამსახურების მსხვერპლი.

შეუძლებელია ჩინოვნიკებისგან რაიმე ინფორმაციის მიღება – ისინი უბრალოდ არ ისაუბრებენ დამოუკიდებელ მედიასთან, მაგრამ ეს ცხადია არ არის ახალი ამბავი.

ჟურნალისტიკაში 20 წლიანი მუშაობის დროს, არა ერთხელ აღმოვჩენილვარ „გემბანს მიღმა“ (როგორც ჩემი კოლეგები) არ მიშვებდნენ ღონისძიებებზე, არ მაძლევდნენ ინტერვიუს, მაგდებდნენ პრეს-კონფერეციებიდან. მახსოვს 12 წლის წინ, არც კი შემიშვეს კონფერენციაზე, რომლის თემა იყო უბრალოდ ყველი. არ მიშვებდნენ რათა არ დამესვა „ასეთი კითხვები.“

მაშინ ჩვენ კიდევ შეგვეძლო ბელარუსში მუშაობა  და თავად ვხედავდით, თუ რა ხდებოდა გარშემო, შეგვეძლო ხალხთან საუბარი და შელამაზების გარეშე რეალობის ჩვენება.

დღეს ბელარუსის მედიის მუშაობა მიმდინარეობს არასტაბილური დაფინანსებით, ინფორმაციაზე წვდომის გარეშე და მასალებით „დიდი მიწიდან“ იმ პირობებში, როდესაც ჩვენს აუდიტორიას სჯიან ჩვენთან კონტაქტისთვის.

მაგრამ ჩვენ ვაგრძელებთ ფეხზე დგომას, ისე როგორც ამას აკეთებს ჩვენი აუდიტორია ბელარუსში. მიუხედავად რეალური საფრთხეების, სისხლის სამართლის საქმეების აღძვრის მხრივ, ასევე სიცოცხლის რისკი მიუხედავად, ადამიანები ეძებენ ნამდვილ/ზუსტ ინფორმაციას.

ამ სიტუაციაში არის ძალიან ბევრი ტრაგიზმი და ღირსება, არავის ვუსურვებ ჩვენს ადგილზე ყოფნას. რეპრესიის მასშტაბმა მიაღწია სტალინურ პერიოდს, მხოლოდ ის არის განსხვავება, რომ ჯერ არ ხვრეტენ ადამიანებს, თუმცა ისიც საყურადღებოა რომ ბელარუსში სიკვდილით დასჯა ჯერ კიდევ არ არის გაუქმებული.

ჟურნალისტი: თუ შეგიძლიათ თქვენი პირადი გამოცდილება გაგვიზიარეთ, ასეთი კანონების გამოყენების კუთხით. როგორ შეცვალეს მათ თქვენი პირადი და საქმიანი ცხოვრება? გთხოვთ, გვიამბეთ თქვენი ამჟამინდელი საქმიანობის შესახებ.

მარია მალევიჩი: მე ორი სიტყვით გადმოვეცი ის სურათი რაც არის ბელარუსში, მაგრამ თუ დეტალებში ჩავალთ – ძალიან რთულია ყველაფრის აღწერა ისე რომ ეს ადამიანებმა დაიჯერონ. რადგან ასეთი სევდიანი გამოცდილება, საბედნიეროდ გარშემო არც ისე ბევრია. ყოველ შემთხვევაში ამ დროისთვის.

ცხოვრება ბელარუსში, ყველა სფეროში კონტროლდება სპეცსამსახურების მიერ. და ეს არ არის „მოცვი/კენკრა“ დასავლური ფილმებიდან საბჭოთა КГБ-ზე. ბელარუსი არის რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყანა ტექნოლოგიების თვალსაზრისით. წარმატებით იყენებს სახეების ამოცნობის სისტემებს. დღემდე იჭერენ ადამიანებს, რომლებსაც სისტემა ფოტოების დახმარებით ცნობს, 2020 წლის საპროტესტო აქციიდან.

არ აქვს მნიშვნელობა ვინ ხარ და რა პოზიციას იკავებ – თუ მოუნდებათ შენ დაგიჭერენ. მკაცრად კონტროლდება ყველაფერი, რაც ხდება განათლების სფეროში. რუსიფიკაციის პოლიტიკა, როდესაც ღიად გამოუცხადებელი აკრძალვის ქვეშ ხდება ყველაფერი, რაც უკავშირდება ნაციონალურ კონტექსტს. მათ შორის ბელარუსული ენა.

ბელარუსში ლუკაშენკოს მოსვლის შემდეგ ორ ნაწილად გაიყო – ისინი ვინც თანამშრომლობენ ხელისუფლებასთან და ისინი ვინც ცდილობს მის კრიტიკას. რაც უფრო მკაცრი იყო კრიტიკა, მით უფრო მკაცრი სასჯელი დგებოდა.

ჩხრეკა სახლებში, რედაქციაში, დაკავებები, სისხლის სამართლის საქმეები იყო 2020 წლამდეც, თუმცა ბევრს სჯეროდა ილუზიის, რომ არსებობს თამაშის წესები. მასობრივმა მშვიდობიანმა დემონსტრაციებმა ხელისუფლებას გამოიყვანა წონასწორობიდან და მანაც აჩვენა რომ არსებობს მხოლოდ ერთი წესი – ან აკეთებ იმას, რაც ხელისუფლებას უნდა, ან ეცდებიან გაგანადგურონ.

საკმაოდ სწრაფად განდევნეს ქვეყნიდან, დაკავების მუქარით, არასამთავრობო და მედია ორგანიზაციები. სწორად ამ გამოცდილებას უნდა დაეყრდნონ დღეს ჟურნალისტები სხვა ქვეყნებში, იქ სადაც სიტყვის თავისუფლება საფრთხეშია. ყოველთვის მოგეჩვენათ, რომ ხელისუფლების დათმობები, მცდელობები ადაპტირების, მოგცემთ დროს და სივრცეს ნორმალური მუშაობისთვის, მაგრამ ეს ასე არ არის. უკან გადადგმული თითოეული ნაბიჯი, დაგაშორებთ ნორმალური ცხოვრებისგან, ნორმალიზაციას მოახდენს შევიწროების და რეპრესიების.

17 წელის ვმუშაობდი ბელარუსის დამოუკიდებელ მედიაში, ქვეყნის შიგნიდან. არასდროს მიმუშავე სამთავრობო უწყებებში. გადავიტანე ჩხრეკა რედაქციაში, ტექნიკის კონფისკაცია, დაკავების მუქარები. მაგრამ სამი წლის წინ ოჯახთან ერთად დავტოვე ბელარუსი, როგორც ათობით ჩემმა კოლეგამ და ასობით მოქალაქემ ჩემი ქვეყნისა. რადგან დიქტატურამ ჩათვალა, რომ მას არანაირი კრიტიკა არ სჭირდება.

და თუ ჩვენ დავრჩებოდით, მე და ჩემს ქმარს ციხე გველოდა, ჩემს შვილს კი ბავშვთა სახლი. ამ არჩევანის წინაშე მდგარი შენ ხვდები, რომ ვერაფერს ვერ გადაწყვეტ დღეს, უნდა გადაგეწყვიტა მთელი საზოგადოების ძალით, ათწლეულების წინ. დრო გაშვებულია ხელიდან და ამისთვის საფასურს იხდის ყველა და არა მხოლოდ დარბეული მედია.

 

ავტორი: მანონ ბოკუჩავა