რეგიონებში ახალგაზრდების საგანმანათლებლო კერებს პრობლემებს უქმნიან
წლების განმავლობაში, საქართველოს რეგიონებში მომუშავე ახალგაზრდული ორგანიზაციების საქმიანობა საფრთხეშია. მათი ნაწილი ნელ-ნელა წყვეტს მუშაობას, ნაწილი კი ცდილობს გაუმკლავდეს მათთვის ხელოვნურად შექმნილ პრობლემებს.
ასეთი ორგანიზაციების ისტორია იმით დაიწყო, რომ თავიანთ მუნიციპალიტეტებში ყველასგან მივიწყებული შენობები დაიკავეს – დაასუფთავეს, გაარემონტეს და არაფორმალური განათლების კერები შექმნეს.
ეს ორგანიზაციები ხშირად სოფლის და დაბების სკოლებზე მეტს აკეთებდნენ ადგილობრივი ახალგაზრდებისთვის. ქმნიდნენ თანამედროვე წიგნების ბიბლიოთეკებს, მართავდნენ დისკუსიებს, ფილმების ჩვენებს და ენის კურსებს. ასევე, ამზადებდნენ ახალგაზრდებს ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად.
ცენტრები ყველაზე მეტად იმ ბავშვებისთვის იყო ღირებული, რომლებიც სოციალური მდგომარეობის გამო, ვერც მუნიციპალურ ცენტრში დადიოდნენ აქტიურად და ვერც ე.წ. რეპეტიტორებთან.
ცენტრებს ყველგან სხვადასხვა ფორმა ჰქონდა არჩეული მუშაობის, ზოგს სათემო ცენტრი ერქვა და ზოგს სოციალური საწარმო. ყველას აერთიანებდა ადგილობრივ ახალგაზრდებზე ზრუნვის მიზანი.
ასეთი ცენტრები, არც თუ დიდი ხნის წინ ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების საამაყო ადგილი იყო. მათ სანახავად უცხოელი სტუმრები აქტიურად დაჰყავდათ და ამაყობდნენ მუნიციპალიტეტში ასეთი ადგილის არსებობით.
„რუსული კანონის“ მიღების შემდეგ კი რეგიონული-ლოკალური საგანმანათლებლო კერები, ხელშეწყობის ნაცვლად ხელის შეშლას შეეჯახნენ.
მუნიციპალიტეტების ნაწილი ერთმანეთზე მიყოლებით არ უგრძელებს ორგანიზაციებს შენობებით სარგებლობის დოკუმენტებს და ობიექტის დაცლას მოითხოვს.
ქვემო ქართლში ასეთი წერილები მიიღეს, როგორც შაუმიანის ცენტრში ასევე თეთრიწყაროს ახალგაზრდულ ცენტრში.
დღეს თეთრიწყაროს ცენტრის გვერდზე, სოციალურ მედიაში, ყველაზე ახალი პოსტი 25 სექტემბრის არის.
„ გული გვტკივა, რომ ამ ამბავს გიზიარებთ – ჩვენი საყვარელი თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი საფრთხის წინაშეა! როგორც იცით, თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ისტორია, დაიწყო იდეით, შეგვექმნა სივრცე მუნიციპალიტეტში, სადაც ახალგაზრდებს თუ ადგილობრივ მოსახლეობას ექნებოდა ურთიერთობის, ახალი ამბების გაგების, გართობისა და მუნიციპალიტეტზე ერთად ზრუნვისა და მისი განვითარების გარემო. სწორედ ამ მიზნით, 2018 წელს მივმართეთ მერიას და 2 წლიანი უზუფრუქტით (უსასყიდლო სარგებლობთ) გადმოგვცა ეს შენობა, ხელშეკრულება ყოველ ორ წელიწადში ახლდებოდა. 2018 წლიდან დღემდე, თქვენი დახმარებით, ის ადგილი სადაც შესაძლებელი იყო ახალგაზრდობის უსაფრთხო სივრცეში თავშეყრა და მათ განვითარებაზე ზრუნვა, მუნიციპალიტეტის გულად გადავაქციეთ. მაგრამ ახლა… მუნიციპალიტეტი გვთხოვს, 3 ოქტომბრამდე დავცალოთ შენობა და შევწყვიტოთ ახალგაზრდებზე ზრუნვა. გახსოვთ, როგორ გამოიყურებოდა ეს შენობა თავდაპირველად? რამდენი შრომა და სიყვარული ჩავდეთ მასში? რამხელა მუნიციპალური რესურსი და რამდენი დონორი ორგანიზაციის ფინანსები დაიხარჯა? და რამდენი ახალგაზრდის განვითარების იმედი დაუკავშირდა ამ ადგილს? არ ვიცით, რა იქნება შემდგომი ნაბიჯი“- თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი.
ახალგაზრდული კერას პრობლემები აქვს გორშიც. სოციალურ საწარმო „Space • სფეისი“ იძულებულია დღეს დატოვოს თავის სამუშაო გარემო.
„ ჩვენთვის, როგორც ქალაქის ერთადერთი თავისუფალი ახალგაზრდული სოციალური სივრცისთვის, განსაკუთრებით რთულია ამ პოსტის დაწერა და ჩვენი ახალგაზრდებისთვის იმის თქმა, რომ სივრცე აღარ გვაქვს! 24 იანვარს ,,გორის მუნიციპალიტეტის კულტურის განვითარების ხელშეწყობის სააგენტო’’-მ გამოგვიგზავნა წერილი, რომლის მიხედვითაც, 31 იანვრამდე აუცილებლად უნდა გამოვათავისუფლოთ ჩვენ მიერ შექმნილი სივრცე, რადგან ისინი აპირებენ ამ სივრცის დატვირთვას თეატრალური და საგანმანათლებლო პროექტებით. 2022 წელს, როდესაც შენობა იჯარის ხელშეკრულებით ავიღეთ, არაფერი არ იყო გარდა ნაცრისფერი კედლებისა, ყველასგან მივიწყებული შენობისა და კიდევ ისეთი რაღაცებისა, რაზეც საჯაროდ საუბარს საკუთარ თავს არ ვაკადრებთ. ნაცრისფერი კედლებისა და მივიწყებული შენობისგან, შევქმენით ყველაზე ფერადი, თავისუფალი, ჩარჩოებს მიღმა მოქმედი ახალგაზრდული სივრცე, სადაც დღის ნებისმიერ მომენტში, ნებისმიერ ახალგაზრდას შეეძლო სრულიად უსასყიდლოდ ეთამაშა სამაგიდო თამაშები, წაეკითხა წიგნები, ესაუბრა მეგობრებთან … ერთ დროს ცარიელი კედლები, ახალგაზრდების სახლად ვაქციეთ“ – Space • სფეისი.
ახლა ამ ცენტრებს იმ ადამიანების მხარდაჭერა სჭირდებათ, რომელთაც წლების განმავლობაში ემსახურებოდნენ.
ფოტო: Space • სფეისი
QvemoQartli.ge