რა პირობებში იხდიან სასჯელს ქალი მსჯავრდებულები N5 პენიტენციურ დაწესებულებაში
სახალხო დამცველმა გასულ წელს სპეციალური ანგარიში მოამზადა N5 პენიტენციურ დაწესებულებაში პატიმარ ქალთა უფლებრივი მდგომარეობის შესახებ.
გეგმიური მონიტორინგის მიზანი დაწესებულებაში მყოფ ქალთა პატიმრობის პირობების შესწავლა იყო. მონიტორინგის ფარგლებში ჩატარდა ინდივიდუალური1 და ჯგუფური გასაუბრებები მსჯავრდებულებთან და ბრალდებულებთან, მათ შორის უცხოელ პატიმრებთან. მონიტორინგის ჯგუფი ასევე გაესაუბრა დაწესებულების ადმინისტრაციას, სოციალურ და სამედიცინო სამსახურს, შეამოწმა დაწესებულების ფიზიკური გარემო, სამედიცინო და არასამედიცინო დოკუმენტაცია. მონიტორინგის ფარგლებში ასევე გაანალიზდა სახალხო დამცველის აპარატში 2022-2023 წლებში შემოსული განცხადებების შინაარსი და სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან მიღებული ინფორმაცია.
ანგარიშის თანახმად, პატიმართა განცხადებით, N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ცალკეულ შემთხვევებში ადგილი ჰქონდა დაწესებულების თანამშრომლების მხრიდან პატიმრების მიმართ უხეში მიმართვის სავარაუდო ფაქტებს, რაც ყვირილში და ხმამაღალ საუბარში გამოიხატებოდა. მონიტორინგის შედეგად გაირკვა, რომ N5 დაწესებულებაში ფიქსირდება პატიმართა შორის
კონფლიქტის შემთხვევები. დაწესებულებაში წარმოებული დოკუმენტაციის თანახმად, ხშირია პატიმრებს შორის სიტყვიერი დაპირისპირების შემთხვევები, ხოლო იშვიათია, პატიმართა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები. 2022 წელს დაფიქსირდა პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების 11 შემთხვევა, ხოლო, 2023 წელს – 2 შემთხვევა. პატიმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირების დროს დაწესებულების თანამშრომლები დროულად მოქმედებენ და პატიმრებს ერთმანეთისგან განაცალკევებენ. ასევე, კონფლიქტში მონაწილე პატიმრებს ეკისრებათ დისციპლინური სახდელები. პატიმართა შორის კონფლიქტებს ძირითადად იწვევს ერთმანეთის შესახებ საუბარი და ცრუ ინფორმაციების გავრცელება, ასევე სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საკითხები.
ანგარიშის მიგნებების შესახებ: N5 პენიტენციურ დაწესებულებაში ყველა მსჯავრდებულს არ აქვს თანაბარი შესაძლებლობა ჩაერთოს აქტივობებში. ამასთან, დაწესებულებაში არ არის დასაქმებული საკმარისი რაოდენობის სოციალური მუშაკი და ფსიქოლოგი. სოციალურ მუშაკებს და ფსიქოლოგებს არ აქვთ სათანადო სამუშაო პირობები და შესაბამისი მატერიალურ-ტექნიკური რესურსი, რაც ხელს უშლით სამუშაოს სრულყოფილად და ხარისხიანად შესრულებაში.
სარეაბილიტაციო აქტივობები ჩართვის შესაძლებლობა მეტწილად დამოკიდებულია იმაზე, თუ რომელ კორპუსშია მსჯავრდებული განთავსებული. ვინაიდან C და D საცხოვრებელ კორპუსებში ყველაზე მეტი სარეაბილიტაციო სივრცეებია, ამავე კორპუსებში მყოფი მსჯავრდებულები მეტად არიან ჩართული სარეაბილიტაციო აქტივობებში, ვიდრე B საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრები მსჯავრდებულები, სადაც სარეაბილიტაციო აქტივობების ჩასატარებელი სივრცეები არ არის მოწყობილი. სარეაბილიტაციო აქტივობებში ვერ ერთვებიან ის მსჯავრდებულები, რომლებიც დაწესებულების დახურული ტიპის კორპუსში არიან განთავსებული. აღსანიშნავია, რომ თითოეულ სარეაბილიტაციო აქტივობაში ჩართვის მსურველ მსჯავრდებულთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე თითოეული აქტივობის ლიმიტით არის განსაზღვრული.
დაწესებულებაში არ ხდება პატიმართა ინდივიდუალურ საჭიროებების გამოკვლევა და გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისად მსჯავრდებულებზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობების შეთავაზება. ასე მაგალითად, უცხოელი მსჯავრდებულები5 ენის ბარიერის გამო ვერ ერთვებიან სარეაბილიტაციო აქტივობებში. ასევე, დაწესებულებაში არ ხდება ხანდაზმული პირების ფსიქო-სოციალური მხარდაჭერა და არ არის დანერგილი მათზე მორგებული სარეაბილიტაციო აქტივობები. არ ხორციელდება პროგრამები ნივთიერებებზე დამოკიდებულების მქონე პირთა რეაბილიტაციისთვის. დედათა და ბავშვთა კორპუსში მყოფი დედებისთვის სარეაბილიტაციო აქტივობები არ ტარდება. აქტივობების შეთავაზების და მონაწილეობის სურვილის შემთხვევაშიც დედები ვერ შეძლებენ თავისუფალი დროის მოძიებას, ვინაიდან დაწესებულებაში აღარ ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი.
მონიტორინგის შედეგად ირკვევა, რომ შემთხვევის მართვის პროცესში 85 მსჯავრდებულია ჩართული. იმ ფონზე, რომ დაწესებულებაში 271 მსჯავრდებული იყო, 7 ეს მაჩვენებელი დაბალია. მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ მსჯავრდებულები ნაკლებად არიან ინფორმირებული სასჯელის მოხდის ინდივიდუალური დაგეგმვის შესახებ.
მიუხედავად მაღალი მოთხოვნისა, დაწესებულებაში მწირია დასაქმების შესაძლებლობები. სოციალური მუშაკების შეფასებით, ხელნაკეთი ნივთების ონლაინ მაღაზიაც სუსტად მუშაობა და ნივთები ძნელად იყიდება. აქვე უნდა ითქვას, რომ დაწესებულებაში სამეურნეო სამსახურში ჩარიცხულ მსჯავრდებულებს წლებია ხელფასი არ მომატებიათ.
რეაბილიტაციის კუთხით, მძიმე მდგომარეობაა დაწესებულების პატიმრობის და დახურილი ტიპის განყოფილებაში, სადაც ბრალდებულები და მსჯავრდებულები 23 საათი იმყოფებიან საკანში საზრისს მოკლებული აქტივობების გარეშე. დღეში მხოლოდ 1 საათით გადიან სასეირნოდ და ისიც საცხოვრებელი საკნის მსგავს ოთახებში. მართალია ამავე განყოფილების სასეირნო ეზოში განთავსებულია სავარჯიშო ინვენტარი, თუმცა, დაწესებულების ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, ის პატიმრობის და დახურული ტიპის განყოფილებაში მყოფი პატიმრებისათვის ხელმისაწვდომი არ არის.
კიდევ უფრო რთული მდგომარეობაა შიდა კლასიფიკაციის საკნებში, სადაც ახალ შემოსახლებული პატიმრები ხშირად 10-14 დღეს ატარებენ და კანონით12 გარანტირებული გასეირნების უფლებითაც კი ვერ სარგებლობენ. შიდა კლასიფიკაციის საკნები მოწყობილია დაწესებულების C საცხოვრებელ კორპუსში და ფიზიკურად არ არსებობს სასეირნო სივრცე იქ მოთავსებული პატიმრების სუფთა ჰაერზე გასაყვანად.
მონიტორინგის დროს, ირკვევა, რომ კვლავ პრობლემურია პატიმართა სატელეფონო საუბრის კონფიდენციალობის დაცვა. დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში, სატელეფონო აპარატები განთავსებულია ადმინისტრაციის სამუშაო ოთახებთან და პატიმრის საუბარი ისმის, ხოლო ნახევრად ღია ტიპის საცხოვრებელი კორპუსების გარე კედლებზე დამონტაჟებული ტელეფონის აპარატები კაბინებში არ განუთავსებიათ. რაც გარდა კონფიდენციალობის დაცვისა, მნიშვნელოვანია წვიმიანი/თოვლიანი ამინდის დროს. საბანკო ბარათები, რომლითაც ბრალდებულები დარეკვას შეძლებენ, გადაეცემათ დაწესებულებაში შესახლებიდან 10-15 დღის ვადაში. გამოკითხული პატიმრები უთითებდნენ უფრო ხანგრძლივ პერიოდსაც. შესაბამისად, შიდა კლასიფიკაციის საკნებში ყოფნის დროს, ძირითადად შეუძლებელია ოჯახთან დაკავშირება, რაც პატიმარ ქალებში იწვევს დამატებით სტრესს. გარე სამყაროსთან კონტაქტის საშუალებები განსაკუთრებით მწირია ბრალდებულებისთვის. პატიმრობის კოდექსით 1 თვის განმავლობაში მხოლოდ 3 სატელეფონო ზარის და 4 ხანმოკლე პაემნის უფლება აქვთ. ორივე უფლება შეიძლება შეიზღუდოს გამომძიებლის ან პროკურორის დადგენილების საფუძველზე. ბრალდებულების ნაწილს არ აქვს ინფორმაციის მიღების ისეთი საშუალებები, როგორიცაა ტელევიზორი/რადიო. დაწესებულებაში არ შემოდის პერიოდული პრესა.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.