პროტესტის 24-ე დღე – საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები საქართველოს ევროპული მომავლისთვის
დღეს საქართველოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლები საპროტესტო მარშს მართავენ თბილისში. მეგრელები, აჭარლები, მესხები, რაჭველები – თბილისის სხვადასხვა ქუჩებში იკრიბებიან და მიდიან პარლამენტისკენ. მათი მოთხოვნებია: ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და დაკავებულების განთავისუფლება.
ერთობლივ აქციაზე არაოფიციალური მონაცემებით, 200 000-მდე მოქალაქეა შეკრებილი.
აღნიშნულ აქციას წინ რამდენიმე მნიშვნელოვანი მოვლენა უძღოდა. აშშ-მა ფინანსური სანქციები დაუწესა შს მინისტრ ვახტანგ გომელაურს. მის გარდა, სანქცირებულია მირზა კეზევაძე — გდდ-ს ხელმძღვანელის, ზვიად ხარაზიშვილის ერთ-ერთი მოადგილე.
შესაბამისი გადაწყვეტილება გამოქვეყნდა აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ისინი სანქცირებული არიან მაგნიტსკის კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს ფინანსური აქტივების გაყინვას და აშშ-ში შესვლის შეზღუდვას.
მაგნიტსკის აქტი 2012 წელს მიიღეს და მასში ხვდებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, ვინც, ვაშინგტონის შეფასებით, მონაწილეობს ადამიანის უფლებების დარღვევასა და კორუფციაში. ამავე აქტის საფუძველზე აქამდე დაასანქცირეს ზვიად ხარაზიშვილიც.
ასევე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესა შს სამინისტროს მაღალჩინოსნებს: ვახტანგ გომელაურს, მის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძეს, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორ სულხან თამაზაშვილს, გდდ-ს უფროს ზვიად ხარაზიშვილს და მის მოადგილე მილერი ლაგაზაურს.
აღნიშნულ პირებს ეკრძალებათ დიდ ბრიტანეთში შესვლა და არსებობის შემთხვევაში გაიყინება მათი UK – ის ეკონომიკაში არსებული აქტივები.
UK-ის განცხადება:
„ გაერთიანებული სამეფო სანქციებს უწესებს ქართველ თანამდებობის პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან მედიისა და მომიტინგეების სასტიკ დარბევაზე.
ადამიანის უფლებების დარღვევის ბრალდებით სანქცირებულ ხუთ პირს შორის არიან საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი და თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი.
სანქციები გაგრძელებაა გაერთიანებული სამეფოს მთავრობის მიერ გასულ კვირას მიღებული ზომებისა, შეეჩერებინა საქართველოს მთავრობის პროგრამების მხარდაჭერა და შეეზღუდა თავდაცვის სფეროში თანამშრომლობა.
დიდმა ბრიტანეთმა შეერთებულ შტატებთან კოორდინირებული მოქმედებით სანქციები დაუწესა ხუთ მაღალჩინოსანს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში ჟურნალისტებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე ძალადობრივ თავდასხმაში.
საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო დემონსტრაციების, სამოქალაქო საზოგადოების, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების სისტემატური დარბევა მას შემდეგ, რაც საზოგადოებამ წინააღმდეგობა გაუწია ქართული ოცნების გადაწყვეტილებას, შეაჩეროს ქვეყნის სვლა ევროპული მომავლისკენ.
ეს გადაწყვეტილება ძირს უთხრის საქართველოს კონსტიტუციის ძირითად დებულებას და მიიჩნევა „ქართული ოცნების“ მხრიდან უკანასკნელ ნაბიჯად, რომელიც საქართველოს უფრო დაუცველს ხდის კრემლის პირისპირ.“
სანქცირებული პირები არიან:
- ვახტანგ გომელაური – შინაგან საქმეთა მინისტრი
- ალექსანდრე დარახველიძე – შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე
- სულხან თამაზაშვილი – თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
- ზვიად ხარაზიშვილი – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი
- მილერი ლაგაზაური – განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის მოადგილე
QvemoQartli.ge