” პოლიციაში გაზრდილია მიზოგინიური და სექსისტური კულტურა და ენა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი

ბოლო კვირებში სხვადასხვა საპროტესტო აქციაზე ქალები უფრო მეტად ხდებიან პოლიციისა და ნიღბიანი ძალოვნების სამიზნეები. საკითხი შეისწავლა და საშიშ ტენდენციად შეაფასა უფლებადამცველმა ორგანიზაციამ ” სოციალური სამართლიანობის ცენტრი.” 

ორგანიზაციის მიმოხილვაში ვკითხულობთ, რომ მიმდინარე პროტესტების დროს ქალების მიმართ დაფიქსირდა პოლიციის მხრიდან გაუპატიურების და სხვა სახის, სექსუალური ძალადობის მუქარისა და სექსიტური ენის გამოყენების უმძიმესი შემთხვევები.

მშვიდობიანი შეკრებების დარბევის დროს ქალების გაუპატიურების მუქარაზე, პირველად, 26 წლის ქალმა ანონიმურად ისაუბრა რადიო თავისუფლებასთან 19 დეკემბერს. ის თვითონ გახდა ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი: ,,მიმათრევდნენ პოლიციის მანქანისკენ და მირტყამდნენ, მუხლებზე დაგაყენებთ მანქანაში და ამას გიზამთ, შე ნაბო*არო, პირში ამას გიზამ, იმას გიზამ, დედის ტ…….. რა გეგონა რომ აქ მოდიოდი, გადარჩებოდი? შიშისგან ჩავიფსი, მერე გული წამივიდა.”

” უკვე მოგვიანებით, 2 თებერვალს თბილისი მოლთან მიმდინარე აქციასთან კავშირში მედიებთან ინტერვიუებში ქალები ჰყვებიან, რომ ნიღბიანი ძალოვნები პროპაგანდისტული, სექსისტური, ძალადობის შემცველი მესიჯებითა და სალანძღავი სიტყვებით ელაპარაკებოდნენ მათ, ფიზიკურად ეხებოდნენ თმაზე, სხეულზე, და ძალის გადამეტებით ახდენდნენ მათ დაკავებას. ,,ასლარიანო ელენას მონა! რუბლი მოვიდა, ელენე! რამდენს გიხდიან, ალბათ, კარგად ჭამთ, ასე მსუქნები რომ ხართ! „დაგ…ნავთ ყველას” – ეს შეძახილები ესმოდა 2 თებერვალს მსვლელობის დროს აქტივისტ თათა ხუნდაძეს, რომელიც ელენე ხოშტარიასთან, პარტია ,,დროას” ლიდერთან ერთად იმყოფებოდა. თათა ასევე იხსენებს, თუ როგორ მიმართა პოლიციელმა აქციის მონაწილე ქალს: ,,ენა ჩაიგდე, შე ბებერო მუ…ლოო”. მიმართვები და სალანძღავი ფრაზები სხვა ქალი დემონსტრანტების მიმართ ასეთი იყო: „აბა, რამხელაზე გააღებ პირს?“, „ერთად რამდენს იდებ?”, „ბევრი გეტევათ?“ ამავე აქციაზე, სალომე კამლაძეს პოლიციამ მუშტი დაარტყა სახეში მათთან უბრალო გასაუბრების მცდელობის შედეგად. სალომეს სისხლი წამოუვიდა, პოლიციამ კი ასეთი სიტყვებით მიმართა: ,,მოგტ…ავ მუ…. იქიდანაც მასე წამოგივა სისხლიო,. – სოციალური სამართლიანობის ცენტრი.” 

ორგანიზაცია აცხადებენ, რომ აშკარაა, რომ პოლიციის რეპრესია და თვითნებობა ასევე გავლენას ახდენს ქალი აქტივისტების უსაფთხოებაზე, ღირსებასა და თავისუფლებას და ბოლო პერიოდში მშვიდობიანი შეკრებების წინააღმდეგ პოლიციის მიერ გამოყენებული ღონისძიებები მკაცრი და სასტიკი გახდა ქალების მიმართაც. უფრო მეტიც, ქალების მიმართ მუქარის, დევნის და მათ მიმართ სხვადასხვა პროცედურების გამოყენებას თან ახლავს სექსისტური და მიზოგინიური კონტექსტი და ამგვარი ენის გამოყენება პოლიციელების მხრიდან.

” ზოგადად უნდა ითქვას, რომ ავტორიტარული მმართველობის სტრუქტურები ხშირად ეფუძნება პატრიარქალურ პრინციპებს: ძალაუფლების ვერტიკალური კონცენტრაცია, მორჩილების მოთხოვნა, ძალადობაზე დაფუძნებული იერარქიები. ისტორიულად, ქალების საჯარო სივრცეში აქტიური ჩართულობა, ყოველთვის არყევდა პატრიარქალურ წესრიგსა და ნორმებს, ქალის როლისა და ადგილის შესახებ ტრადიციულ, დომინანტურ აღქმებს.შესაბამისად, ავტორიტარული პოლიტიკური სისტემებისთვის დამახასიათებელია ქალების წინააღმდეგობის ჩახშობის ინსტინქტი. პოლიციის მხრიდან სექსუალური ძალადობის მუქარა, დამცირება და ღირსების შელახვა ამ პროცესის განუყოფელი ნაწილია – ეს არის არა უბრალოდ ძალაუფლების დემონსტრირება, არამედ ქალის საჯარო სივრციდან განდევნის მცდელობა”, – სოციალური სამართლიანობის ცენტრი.”