“პოლიციამ და სხვა უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა”- Human Rights Watch
EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ EU-ს ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქართველი მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე, — ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დამცველი საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია Human Rights Watch წერს და თბილისში მიმდინარე აქციებსა და სამართალდამცავების მიერ მომიტინგეთა დაკავებისა და სასტიკი მოპყრობის ფაქტებს ეხმაურება.
Human Rights Watch:
“პოლიციამ და სხვა უსაფრთხოების ძალებმა გამოიყენეს სასტიკი ძალადობა საქართველოს დედაქალაქ თბილისში მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ. ფართოდ გავრცელებული და აშკარად სადამსჯელო ქმედებებით უსაფრთხოების ძალები დემონსტრანტებს დევნიდნენ, ძალადობრივად აკავებდნენ და სცემდნენ. პოლიცია აწამებდა მათ და არასათანადო მოპყრობას ახორციელებდა პოლიციის ფურგონებში და პოლიციის განყოფილებებშიც.
საქართველო მრავალი ადამიანის უფლებათა დაცვის ხელშეკრულების ხელმომწერია, მათ შორის ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის, რომელიც მთავრობას აკისრებს ვალდებულებას, პატივი სცეს შეკრების თავისუფლების უფლებას და ნებისმიერ შემთხვევაში თავი შეიკავოს აკრძალული არასათანადო მოპყრობისგან. მთავრობა ასევე ვალდებულია გამოიძიოს და გამოასწოროს ამ ვალდებულებებით გათვალისწინებული დარღვევები.
ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს პოლიციის ძალადობა, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებებს და დროულად და ეფექტურად გამოიძიოს ცემის, წამების და სხვა არასათანადო მოპყრობის ყველა ბრალდება, ასეთი გამოძიებები უნდა უზრუნველყოფდეს არა მხოლოდ ინდივიდუალურ პასუხისმგებლობას, არამედ პასუხისმგებლობას ძალის გადამეტებული გამოყენებისთვის.
საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებმა უნდა დაიწყონ დამოუკიდებელი გამოძიება არჩევნების შემდგომ ძალადობის შესახებ. 23 დეკემბერს ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის მონაწილე სახელმწიფოებმა გაააქტიურეს ვენის მექანიზმი, რომელიც მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას მიაწოდოს დეტალური ინფორმაცია თვითნებური დაპატიმრებების, დაკავებების და არასათანადო მოპყრობის შესახებ. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის თანამშრომლობაზე, მონაწილე სახელმწიფოები მზად უნდა იყვნენ მოსკოვის მექანიზმის გასააქტიურებლად, რაც გულისხმობს გამოძიების დაწყებას, რომელიც არ საჭიროებს სამიზნე სახელმწიფოს თანხმობას.
EU-ს წევრმა ქვეყნებმა უნდა გამოიყენონ EU-ს ადამიანის უფლებათა გლობალური სანქციების რეჟიმი იმ ოფიციალური პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ქართველი მომიტინგეების ცემასა და ძალადობაზე. ამავე დროს, ევროკავშირმა უნდა გააძლიეროს მოქნილი დემოკრატიის მხარდაჭერა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიისთვის.”