პლატფორმა „სალამ“-ის ინიციატივით და საზოგადოების მხარდაჭერით, 243 ბავშვს, სასკოლო ნივთები აჩუქეს

დასრულდა კამპანია #ერთიჩანთაერთიიმედი, რომლის ფარგლებშიც პლატფორმა „სალამ“-ის ინიციატივით და საზოგადოების მხარდაჭერით, 243 ბავშვმა, მიიღო სასკოლო ნივთებით სავსე ჩანთა.

სასკოლო სამზადისისთვის აუცილებელი საჩუქრები ბოლნისის, დმანისის, გარდაბნის, მარნეულის, საგარეჯოს და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის 54 სოფელში დარიგდა.

კამპანია დაეფუძნა სახალხო დაფინანსებას და მასში 234 პირმა მიიღო მონაწილეობა. შეგროვდა  9,682.7 ლარი.

ინიციატივის ფარგლებში „სალამ“-მა ასევე მხარდაჭერა მივიღეთ “მარმარას უნივერსიტეტის სტუდენტური გაერთიანებისგან” 203 ჩანთის სახით. ხოლო, ამ ჩანთების ჩამოტანა უზრუნველყო კომპანია “მეტა ჯგუფმა”.

„ ჩვენთვის ამ კამპანიის დაწყების მიზანი იყო ცენტრიდან შორს მდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვებისთვის საგანმანათლებლო შესაძლებლობები მცირედით მაინც ხელმისაწვდომი გაგვეხადა და გაგვეზარდა ბავშვების ინტერესი განათლების მიმართ. რადგან მნიშვნელოვანია, რომ არა დომინანტური ეთნიკური ჯგუფებით დასახლებულ სოფლებში აქტუალურ დღისწესრიგში იყოს განათლების საკითხი. მოგეხსენებათ, რომ საბავშვო ბაღებზე ხელმისაწვდომობა სამჯერ უფრო დაბალია – ბოლნისის და დმანისის მუნიციპალიტეტში არც ერთ ეთნიკურად აზერბაიჯანელებით დასახლებულ სოფლებში არ არის საბავშვო ბაღი, ბევრ სოფელში სკოლის შენობა ავარიულ მდგომარეობაშია და საკმაოდ დიდ გამოწვევად რჩება ანტისანიტარიული მდგომარეობა. ასევე,   მასწავლებლების რაოდენობა ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებული სოფლების სკოლებში ორ ჯერ უფრო ნაკლებია.

პლატფორმა “სალამ”-ში გაერთიანებულ ახალგაზრდებს გვჯერა, რომ აქ ჩამოთვლილ და არ ჩამოთვლილ პრობლემების აღმოსაფხვრელად საჭიროა სახელმწიფოს სწორი სისტემური ხედვა და ცვლილება. თუმცა, მანამდე ჩვენ – თავად საზოგადოებას გვიწევს ამ ხილული სიმპტომების გასაყუჩებლად ურთიერთ-მხარდაჭერა და  სოლიდარობა, რამაც შესაძლებელი გახადა ამ კონკრეტული კამპანიის მიზნების წარმატებით შესრულება“ – პლატფორმა “სალამ.”

 

QvemoQartli.ge