“დიდია საერთაშორისო ორგანიზაციების როლი ჩვენს სფეროში კვალიფიციური კადრების მომზადებაში” – პარტნიორობა თანასწორობისთვის

„ ჩემი ვაჟი 7 წლისაა. დემეტრეს აუტისტური სპექტრის აშლილობა აქვს. ესაჭიროება ხანგრძლივი მკურნალობა. ამჟამად ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრში ღებულობს ქცევითი და მეტყველების თერაპიების სერვისებს. უკვე მესამე წელია ამ ცენტრით ვსარგებლობთ და საკმაოდ კმაყოფილი ვარ. მანამდე თბილისში დამყავდა და შედარებაც არ არის. ქცევა საკმაოდ მოუწესრიგდა, ასევე მეტყველებაც“, – თამარ ხიდაშელი, მშობელი.

ქცევის თერაპია, კომუნიკაციის ენისა და მეტყველების თერაპია, ადრეული განვითარების ინტერვენცია, ოკუპაციური (სენსორული, კვებითი) და აკადემიური უნარების დასწავლის თერაპია –  ეს ის არასრული ჩამონათვალია, რა სერვისებსაც ორგანიზაცია „პარტნიორობა თანასწორობისთვის“  აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სთავაზობს.

ორგანიზაცია  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა და მოზარდთა საკითხებზე, უკვე რამდენიმე წელია აქტიურად მუშაობს. მისი მთავარი მიზანი, სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებისთვის სერვისების განვითარება, ბავშვთა უფლებების დაცვა, ინკლუზიური განათლების ხელშეწყობა, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და ახალგაზრდული პოლიტიკის მხარდაჭერაა.

„პარტნიორობა თანასწორობისთვის“ – ფსიქო-რეაბილიტაციის ცენტრი რუსთავში მდებარეობს. იგი 1-18 წლამდე აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს ემსახურება.  ამ ეტაპზე, ცენტრში 111 ბავშვი ირიცხება.

„ ჩვენ რუსთავში პირველი ორგანიზაცია ვართ, რომელმაც გამოკვეთა აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვების და მშობლების საჭიროებები. 2016 წლიდან აქტიურად გვქონდა შეხვედრები მერიის წარმომადგენლებთან ამ საჭიროებებზე. სწორედ, ჩვენი ორგანიზაციის აქტივობებით და ინიციატივებით დაიწყო რუსთავში ამ სერვისების მიწოდება. დღეს, უკვე ვაწვდით ფსიქო-თერაპიულ და ქცევით სერვისს განვითარების სხვადასხვა დარღვევის მქონე ბავშვებს, აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებს, ასევე ქცევითი და ემოციური აშლილობის მქონე მოზარდებს.

გარდა ამისა, ხშირად მივმართავთ ადგილობრივ თვითმმართველობას ინიციატივებით. ასეთი იყო ერთ-ერთი, განვითარების ეტაპების დაყოვნებასთან დაკავშირებით, როცა ფინანსდებოდა წელიწადში ერთხელ 600 ლარით, აქ, ძალიან დიდი პრობლემები შეიქმნა, იმიტომ რომ ამ დაფინანსებით ფაქტობრივად მხოლოდ ორი თვე შეეძლოთ ესარგებლათ. ამიტომ, გვიწევდა წყვეტა სეანსების, შემდეგ წლამდე. ახლა კვირაში ორი თერაპიით ფინანსდება. რა თქმა უნდა, არც ეს არის საკმარისი და ოპტიმალური, თუმცა მაინც უკეთესია.

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს ხარისხიანი სერვისის მიწოდებაზე და ორიენტირებულია შედეგებზე. დღეისათვის ვემსახურებით 111 ბავშვს. ჩვენი ცენტრის მოთხოვნადობას განაპირობებს მაღალკვალიფიციური გუნდი, რომელიც აკმაყოფილებს ქცევის ანალიტიკოსთა სასერტიფიკატო საბჭოს მოთხოვნებს და საქართველოს აუტიზმის მართვის მინიმალურ სტანდარტებს“, – ნინო ნანუაშვილი „პარტნიორობა თანასწორობისთვის“ ხელმძღვანელი.

როგორც ნანუაშვილი აღნიშნავს, სპეციალისტები რომლებიც ორგანიზაციაში მუშაობენ (20-მდე ადამიანი), აქტიურად ესწრებიან სხვადასხვა სასერტიფიკაციო კურსებს.

ნანუაშვილი საუბრობს, რომ შედეგები რასაც მოსწავლეებთან აღწევენ, სწორედ უცხოელი ტრენერების და სპეციალისტების დამსახურებაა.  სერვისების შეწყვეტა კი რასაც ისინი იღებენ, სფეროს განვითარებას მნიშვნელოვნად დააზარალებს. იხსენებს, რომ ამ სერვისების შეჩერების საშიშროებას ე.წ. „რუსული კანონის“ მიღება ქმნიდა.

„ საერთაშორისო დაფინანსება და მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ვინაიდან, სახელმწიფო დონეზე ორგანიზაციების მხარდაჭერა, თუ არ ჩავთვლით მათ კერძო ა(ა)იპ-ებს   – არ ხდება. ფაქტობრივად, ჩვენ მსგავსი მხარდაჭერა არ გვქონია არასდროს. სანამ საქართველოში საბოლოოდ აიდგამს ფეხს ეს სპეციალობა – ამერიკის და ევროპის საბჭოებთან ვთანამშრომლობთ. ეს ორგანიზაციები გვეხმარებიან იმისთვის, რომ ჩვენი სპეციალისტების კვალიფიკაცია ამაღლდეს. ის შედეგები რასაც ჩვენ ვაღწევთ ბავშვებთან მათი დამსახურებაა.

მე პირადად მქონია გამოცდილება, მსოფლიო ბანკთან თანამშრომლობის და სხვადასხვა ევროპულ ფონდებთან თანამშრომლობის – მე მაშინ არ ვიყავი ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელი. ძალიან ბევრი კარგი საქმე გაკეთდა მათი ჩართულობით“, – აღნიშნავს ნინო ნანუაშვილი.

აუტიზმის დიაგნოზი ყოველწლიურად მზარდია. ამერიკის დაავადებათა კონტროლის და პრევენციის ცენტრის უახლესი კვლევით, აუტიზმის დიაგნოზმა გასულ წელთან შედარებითაც მოიმატა. მონაცემების მიხედვით, ამერიკაში 2020 წელს 54 ბავშვიდან ერთს, 2021 წელს  44-დან ერთს, ხოლო 2022 წელს 36 ბავშვიდან ერთს აუტიზმი აქვს.

 

ავტორი: ნინო ბერიძე

  სტატია შექმნილია სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტის მხარდაჭერით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების  ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).