პარლამენტი საპროტესტო აქციის ფონზე შეიკრიბა

მე-11 მოწვევის პარლამენტი პირველ სხდომაზე შეიკრიბა ამ პარლამენტის ლეგიტიმურობასთან დაკავშირებული კითხვის ნიშნების და ქუჩაში საპროტესტო აქციის ფონზე.

“ქართულმა ოცნებამ” პარლამენტის 150 წევრის უფლებამოსილება ცნო. მათ შორის იმათიც, ვინც უარს აცხადებს პარლამენტში შესვლაზე. კონსტიტუციონალისტების განმარტებით, ეს პროცედურაც და გადაწყვეტლებაც არაკონსტიტუციურია.

არცერთი ოპოზიციური პარტია, რომელმაც ცესკოს შედეგების მიხედვით 5%-იანი ბარიერი გადალახა, პარლამენტში არ შედის. მათი პოზიციაა, რომ არჩევნები გაყალბდა და არ აპირებენ ამ პარლამენტის ლეგიტიმაციაში მონაწილეობის მიღებას.

კონსტიტუციონალისტების განმარტებით, იქამდე, სანამ საკონსტიტუციო სასამართლო არ მიიღებს გადაწყვეტილებას პრეზიდენტის სარჩელზე, პარლამენტის შეკრება და დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა უკანონოა.

პრეზიდენტის სარჩელი საკონსტიტუციოში 20 ნოემბერს დარეგისტრირდა, თუმცა გამწესრიგებელი სხდომა ამ დრომდე არ გამართულა.

საქართველოს პარლამენტის რეგლამენტის 86-ე მუხლის მიხედვით, დეპუტატის მანდატი არ გადაეცემა იმ პოლიტიკოსს, რომლის არჩევის საკითხიც საკონსტიტუციო სასამართლოშია გასაჩივრებული.

“შავი ორშაბათი საქართველოში” – სალომე ზურაბიშვილი ეხმაურება მე-11 მოწვევის პარლამენტის სხდომას, რომელსაც არ ესწრებოდნენ ოპოზიცია და პრეზიდენტი. დღის ბოლოს კი ვიდეო მიმართვით, პრეზიდენმა განაცხადა, რომ “ერთმა პარტიამ დაიხია თავზე კონსტიტუცია.”

განცხადება გამოაქვეყნა ბრიტანეთის საელჩომაც საქართველოში.

“დღეს თვალყურს ვადევნებდით საქართველოს პარლამენტის სხდომას. კვლავ გამოვხატავთ სერიოზულ შეშფოთებას საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით, რომლებიც ამ დრომდე საფუძვლიანი ან დამოუკიდებელი გზით არ იქნა გამოძიებული”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.

ბრიტანეთის საელჩო, ასევე მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, შეასრულოს ODIHR-ის სადამკვირვებლო მისიის რეკომენდაციები, მისი საბოლოო ანგარიშის გამოქვეყნების შემდეგ:

“ვიზიარებთ ODIHR-ის მოწოდებას ხელისუფლების მიმართ, მშვიდობიანი პროტესტის ხელშეწყობისა და დიალოგში ჩართვის შესახებ.”

„ქართული ოცნების“ ლიდერები კი აცხადებენ, რომ მოქმედებენ კანონმდებლობის შესაბამისად და ახდენენ ახალი მთავრობის ფორმირებას.