პანდემია, თანასწორობა და შობის ღამე

რუსთავის, ღვთაებრივი გულმოწყალების სახელობის კათოლიკური ტაძრის კართან, ასეთი გაფრთხილება დაგხვდებათ:

„ ტაძარში შესვლამდე გავიკეთოთ პირბადე და დავიმუშავოთ ხელები, სპეციალური ხსნარით. ტაძარში დავიცვათ სულ ცოტა ერთი მეტრის დისტანცია და დავსხდეთ მონიშნულ ადგილებზე. ყოვლადწმინდა ზიარების მისაღებად, გთხოვთ ჩავდგეთ რიგში, ერთმანეთისგან ერთი მეტრის დაშორებით, მონანიების საიდუმლო, აღსარება, აღსულდება არა სააღმსარებლოში, არმედ ღია სივრცეში. ლიტურგიის დასრულების შემდეგ, ტაძრიდან პირველები უნდა გავიდნენ ბოლო რიგებიდან, რათა ხალხის მოგროვება არ მოხდეს.“

ის, თუ რა გზა გაიარა ამ ტაძარმა იმისთვის, რომ რუსთავში აეშენებინათ საინტერესოა, თუმცა საუბრის სხვა თემაა. ერთი სიტყვით კი გეტყვით, რომ ამ პროცესში საკრებულო, სასამართლო, უფლებადამცველები და კიდევ, არა ერთი მხარე იყო ჩართული. საბოლოო ჯამში, დადგა შედეგი, რითაც რუსთავის კათოლიკე მრევლს, ტაძარში შეუძლია ლოცვა და ღვთისმსახურების საკუთარი მრწამსის მიხედვით აღსრულება.

აბა რა ხდება, რატომ ვწერთ ამ მასალას?!

პანდემია შეეხო ყველას ერთად და ყველას ცალ-ცალკე. მათ რიგებში არიან რელიგიური ინსტიტუციებიც. ძალიან არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვას ვერ ვპოულობ.

ბოლო ღვთისმსახურება, რომელსაც რამდენიმე დღის წინ, მართლმადიდებლურ ტაძარში დავესწარი, იყო ზეთის კურთხევა, რომელსაც მრევლი შვიდიგზის ზეთისცხებას უწოდებს. პირბადეები, დისტანცია, ზეთის ცხება ინდივიდუალური ბამბის ჩხირებით – მოკლედ, რისი დაცვაც შეიძლებოდა, მეტ-ნაკლებად იყო დაცული.  

ამ დროს რა ხდებოდა რუსთავის კათოლიკურ ტაძარში არ ვიცი, თუმცა მათ კართან გაკრული გაფრთხილება, მიქმნის შთაბეჭდილებას, რომ უსაფრთხოების დაცვის კუთხით, იქაც ამავე წესებს მისდევდნენ.

მიუხედავად ამ ერთნაირი წესებისა, იმ ინფორმაციით რაც ამჟამად გვაქვს, შობის დღესასწაულის ტრადიციულ აღნიშნვას, მხოლოდ მართლმადიდებელი მრევლი შევძლებთ ისე, როგორც ამას პანდემიამდე ვაკეთებდით.

მთავრობის მიერ, ორი თვის განმავლობაში დაწესებულ გადაადგილების შეზღუდვებს შორის გამონაკლისი არის მხოლოდ ორი დღე – 31 დეკემბრის ღამე და შობის – 6 იანვრის ღამე. ამ ორ დღეს მოქალაქეებს 21:00 საათიდან 05:00 საათამდეც შეეძლებათ ფეხით და ტრანსპორტით მოძრაობა, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.

მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მრევლისთვის დაწესებულმა გამონაკლისმა, ჩვენი საზოგადოების დანარჩენი, რელიგიური კონფესიები გაანაწყენა.

კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრატორი, ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო მთავრობას ასე მიმართავს:

„გული მწყდება, რომ შესაძლებელი იყო გეჩვენებინათ მთავრობის, ხელისუფლების მხრიდან პატივისცემა ყველასადმი, გული მწყდება, რომ მრავალმა ადამიანმა იგრძნო, რომ მოექეცით მათ, როგორც ანგარიშში არ ჩასაგდებ უმნიშვნელო უმცირესობას. ყველამ ხელიდან გავუშვით ზრდის შესაძლებლობა!!! ამ ჩემი განცდების გამოხატვით, რაც გარწმუნებთ თავისუფალია ყოველგვარი სიავისაგან, ვისურვე ოდენ მთელი მოკრძალებით დამედო ერთი აგური, რათა მეტი ყურადღებისთვის მოგვეხმო და ერთად აგვეგო ისეთი ხვალინდელი დღე, რომელიც უფრო მშვენიერი იქნებოდა და ყველას შეამჩნევდა და დააფასებდა, დისკრიმინაციისგან თავისუფალი ხვალინდელი დღე!“

ქრისტიანული საზოგადოების ნაწილთან ერთად, უსამართლობის და უპატივცემლობის განცდა აქვთ სხვა რელიგიურ კონფესიებსაც.

„გვინდა გულისტკივილით აღვნიშნოთ, რომ პანდემიასთან დაწყებული ბრძოლის კონტექსტში, დისკრიმნაციული მიდგომის არა ერთ გამოვლინებასთან გვქონდა საქმე, – თუკი დომინანტური რელიგიური გაერთიანებისა და მისი მესვეურებისთვის არ მოქმედებდა შეკრებასა თუ გადაადგილებასთან დაკავშირებით თითქმის არანაირი შეზღუდვა, საპირისპიროდ, თითქმის ყველა ტიპის შეზღუდვა იყო დაწესებული არადომინანტური რელიგიური ჯგუფებისთვის – გამონაკლისს სოციალური მსახურების განსახორიელბლად გაცემული რამდენიმე სამანქანო საშვი წარმოადგენდა. იმ შემთხვევაში თუ დასაშვებია, მრავალრციხოვანი მართლამიდიდებელი ეკლესიის მრევლისთვის გათვალისწინებული იქნას დღესასწაულის აღნიშვნის აუცილებლობა, სრულიად გაუგებარია, რა მოტივით უნდა შეიზღუდოს რელიგიური შეკრება და სადღესასწაულო მსახურება არადომინანტური რელიგიური გაერთიანებებისთვის? ამ კუთხით, საქართელოს კანომდებლობა რაიმე უპირატესობის მინიჭებას არ ითვალისწინებს“- ამ სიტყვებს ხელს აწერენ: ქართველ მუსლიმთა კავშირი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი სასულიერო სამმართველო, ევანგელისტური ეკლესია, ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია, სახარების რწმენის ეკლესია, აჰმადია მუსლიმთა გაერთიანება, ევანგელური ეკლესია სიცოცხლის სიტყვა, მეგობრთა საზოგადება – კვაკერები, სვედენბორგის რელიგიური საზოგადოება, დახსნილ ქრისტიანთა საღვთო ეკლესია და ხსნის არმია.

მთავრობის გადაწყვეტილებას სახალხო დამცველიც გამოეხმაურა, რომელმაც განაცხადა, რომ კორონავირუსთან დაკავშირებული ეს რეგულაციები, შესაძლოა, დისკრიმინაციული იყოს არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერ-მინისტრის განცხადების თანახმად, 24 დეკემბერი – 2 იანვრის პერიოდში შეზღუდვები შემსუბუქდება ქვეყნის მასშტაბით, მხოლოდ, შემდეგი მიმართულებებით: იმუშავებენ სავაჭრო ცენტრები, ღია და დახურული ბაზრობები; აღდგება როგორც მუნიციპალური, ისე – საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მუშაობა. ძალაში რჩება აკრძალვა,  21:00 საათიდან 05:00 საათამდე პირთა გადაადგილების შესახებ, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით.

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, ვებ-გვერდის მითითებით