პაველ ჰერჩინსკი – ჩვენ შოკირებული ვართ ადამიანების ცემით, მუქარით და დაშინებით
საქართველოში ევროკავშირის ელჩის, პაველ ჰერჩინსკის შეფასებით, საქართველო პოლიტიკურ კრიზისში იმყოფება და ევროინტეგრაცია უდაბლეს ნიშნულზეა.
„საქართველო ძალიან ღრმა პოლიტიკურ კრიზისშია. ქართველები თავად უნდა გამოვიდნენ ამ ძალიან სამწუხარო სიტუაციიდან. ჩვენ, როგორც ევროკავშირს, ძალიან გვინდა, საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და კანდიდატის სტატუსი მივანიჭეთ. ველოდით, რომ საქართველო შეუერთდებოდა სხვა კანდიდატ ქვეყნებს, რათა რაც შეიძლება მალე გამხდარიყო ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი. მაგრამ 23 დეკემბრის შემდეგ, კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, საქართველოში ბევრი ნეგატიური მოვლენა მოხდა. რეალურად, თუ გადავხედავთ ბოლო რამდენიმე თვეს, ცუდიდან უარესისკენაა შეცვლილი. ევროკავშირში ინტეგრაცია ყველაზე დაბალ დონეზეა“, — განაცხადა პაველ ჰერჩინსკიმ.
ელჩი განმარტავს, რომ შოკირებულია საქართველოში ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევით. საუბრობს სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ეროზიაზე და ძალის არაპროპორციულ გამოყენებაზე.
„ხელისუფლებას აქვს დამატებითი პასუხისმგებლობა, აქტიურად ეძებოს ასეთი გამოსავალი. მუდმივი დაშინება, მუდმივი ძალადობა, ძალის არაპროპორციული გამოყენება და სასამართლო სისტემისადმი ნდობის ეროზია. ჩვენ შოკირებული ვართ ადამიანების ცემით, მუქარით, დაშინებით. შოკირებული ვართ დაუსჯელობით და იმ ფაქტით, რომ მიუხედავად ქუჩებში ორთვიანი ძალადობისა, არავინ მიუციათ პასუხისგებაში. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა, რომელიც უკვე რამდენიმე თვეა გრძელდება, ჩვენი რეაქციის გარეშე ვერ დარჩება. გუშინ ევროკავშირმა მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტების მფლობელებისთვის შეზღუდვების დაწესების შესახებ, ამიტომ მათ, ვინც ხელისუფლებას წარმოადგენენ, ვიზაზე უნდა მიმართონ, თუ მათ სურთ ევროკავშირში გამგზავრება დიპლომატიური და სამსახურებრივი პასპორტებით“, — განმარტა ჰერჩინსკიმ.
მან ასევე ისაუბრა რუსულ კანონზე, რომლის მიღებას, მოსკოვის გარდა, ყველა ეწინააღმდეგებოდა.
„ გქონდათ საპროტესტო ტალღა საქართველოს ყველა დიდი ქალაქის ქუჩებში. საქართველოს პრაქტიკულად ყველა პარტნიორი, ევროკავშირის ინსტიტუტების წარმომადგენლები, ევროკავშირის წევრი ქვეყნების წარმომადგენლები, თანამოაზრე ქვეყნების წარმომადგენლები, ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები ეუბნებოდნენ „ქართულ ოცნებას“: ნუ გააკეთებთ ამას. იყო მხოლოდ ერთი ადგილი, საიდანაც სოლიდარობისა და ურთიერთგაგების ხმა ისმოდა — მოსკოვი. სამწუხაროდ, ეს კანონი მიღებულ იქნა. ჩვენ თავიდანვე ვთქვით, რომ ამას მოჰყვებოდა შედეგები. ზუსტად ეს ხდება ახლა. წარსულში თქვენ გქონდათ ორი ძირითადი მიზეზი იმისა, რომ საქართველო ყოფილიყო სამაგალითო ყველა გაფართოების ქვეყნებისთვის: აქტიური სამოქალაქო საზოგადოება და პროფესიული ადმინისტრაცია. ამ კანონით ნადგურდება სამოქალაქო საზოგადოება, ხოლო არაერთი საუკეთესო საჯარო მოხელე სამსახურიდან გათავისუფლეს, გააძევეს ან გადადგა“, — ჰერჩინსკი.