„მხოლოდ ქალი წევრებისგან შემდგარი ოჯახები ორჯერ უფრო მაღალი ალბათობით სიღარიბეში ცხოვრობენ“ – ქალები და სიღარიბე საქართველოში
„ ქალები და სიღარიბე საქართველოში“ ამ სახელწოდების კვლევა მოამზადა ორგანიზაციამ გაეროს ქალთა ორგანიზაცია.
კვლევის თანახმად, ქალთა არაპროპორციული დატვირთვა აუნაზღაურებელი საოჯახო საქმიანობით უარყოფითად აისახება სამუშაო ძალაში ქალთა მონაწილეობაზე საქართველოში, სადაც ქალები სამჯერ მეტ დროს ხარჯავენ საოჯახო შრომაზე, ვიდრე კაცები. ეკონომიკური არააქტიურობა, შესაბამისი სოციალური დაცვის სისტემების არარსებობის პირობებში, არააქტიურ მოსახლეობაში სიღარიბის რისკს ზრდის. როდესაც საქმე ღარიბ ქალებს ეხება, აუნაზღაურებელი შრომა მათ მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს, რადგან მათი შემოსავალი განსაზღვრავს, აქვთ თუ არა წვდომა თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკასთან, რომელიც, თავის მხრივ, ამცირებს აუნაზღაურებელ შრომაზე დახარჯულ დროს. საქართველოში ქალების 70% აღნიშნავს, რომ ჩვეულებრივ ან მუდმივად პასუხისმგებელია ბავშვის მოვლაზე, ხოლო ქალთა 49% უმუშევრობის მიზეზად აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომას ასახელებს. იქიდან გამომდინარე, რომ ქალთა ეკონომიკური არააქტიურობის ძირითად მიზეზად ბავშვის მოვლასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობები სახელდება, შეიძლება ითქვას, რომ სიღარიბე საქართველოში მნიშვნელოვნად განაპირობებს საბავშვო ბაღში ბავშვების სიარულის ტენდენციებს. პანდემიამ მდგომარეობა მხოლოდ გაართულა, ქალებს უფრო მეტად დააწვა აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომისა და საოჯახო საქმის პასუხისმგებლობების ტვირთი. ამრიგად, სიღარიბე ერთდროულად ქალთა ეკონომიკური არააქტიურობის მიზეზიცაა და შედეგიც.
სიღარიბე მრავალმხრივი და სტრუქტურული ფენომენია, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს საზოგადოების ყველა სექტორს, მათ შორის: შრომის ბაზარს, ოჯახებს, სოციალური დაცვის სისტემებსა და პოლიტიკურ ცხოვრებას. სიღარიბე განსხვავებულად მოქმედებს კაცებსა და ქალებზე და განსაკუთრებით გავრცელებულია იმ ოჯახებში, რომლებიც ფინანსურად ქალ ოჯახის წევრზე არიან დამოკიდებულნი, ისევე, როგორც საქართველოში მცხოვრებ სხვა მოწყვლად ჯგუფებში. ეს კი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის ინტერსექციური და კომპლექსური მიდგომების საჭიროებას აჩენს.
კვლევის ძირითადი მიგნებები ასეთია: საქართველოში ქალებსა და კაცებს სიღარიბეში ცხოვრების უმეტესად თანაბარი ალბათობა აქვთ. თუმცა, სიღარიბის მიზეზები და შედეგები ქალებისა და კაცების შემთხვევაში არსებითად განსხვავებულია. ქალებს აუნაზღაურებელი ზრუნვის შრომის მძიმე ტვირთის ტარება უწევთ, რაც შრომის ბაზარზე მათი ჩართულობის შესაძლებლობებს ამცირებს. ღირსეული დასაქმების შესაძლებლობების ნაკლებობა ქალების სიღარიბეში ცხოვრების რისკებს ზრდის. გენდერული სახელფასო სხვაობა კიდევ უფრო ამწვავებს ქალების სიღარიბის მაჩვენებლებს. ყველა ეს ფაქტორი, სხვებთან ერთად, განაპირობებს იმას, რომ მხოლოდ ქალი წევრებისგან შემდგარი ოჯახები ორჯერ უფრო მაღალი ალბათობით სიღარიბეში ცხოვრობენ, ვიდრე მხოლოდ კაცი წევრებისგან შემდგარი ოჯახები და ეს ბავშვებზეც აისახება. კვლევები ადასტურებს, რომ გენდერულად მგრძნობიარე პოლიტიკის გატარებით ქალებისთვის განათლებასა და ფინანსურ თუ არაფინანსურ რესურსებზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა მათი სიღარიბის შემცირებასა და განვითარების მაჩვენებლების გაუმჯობესებას გამოიწვევს.
ფოტოს წყარო: პუბლიკა