მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის შუამდგომლობა დაუშვებლად სცნო
დღეს, 14 თებერვალს, მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მზია ამაღლობელის ადვოკატების შუამდგომლობა აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის გაუქმებაზე დაუშვებლად სცნო.
აღკვეთი ღონისძიების გაუქმების შუამდგომლობით მზია ამაღლობელის ადვოკატებმა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2025 წლის 13 თებერვალს მიმართეს.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გასაჩივრდება.
„ესაა სასამართლოს მორიგი უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება მზია ამაღლობელის წინააღმდეგ. არ არსებობს არავითარი საფუძველი, რაც მის პატიმრობას გაამართლებს. ამ გადაწყვეტილებებით ქართული მართლმსაჯულება საკუთარი უკანონობის ისტორიას წერს,“ – ამბობს ნონა ქურდოვანიძე, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი. იგი გიორგი ხიმშიაშვილთან და მაია მწარიაშვილთან ერთად მზია ამაღლობელის ინტერესებს იცავს.
მზია ამაღლობელი გამოცემების „ბათუმელების“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებელია. იგი პროტესტის ნიშნად უკვე 34 დღეა შიმშილობს.
შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი კვლევების ჩატარების მიზნით 4 თებერვალს კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს და ამ დრომდე იქ რჩება.
„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ დამფუძნებელი მზია ამაღლობელი 11-12 იანვარს ღამით, ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო“, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა.
14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა.
„ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მედიამენეჯერისა და ჟურნალისტის, მზია ამაღლობელის გათავისუფლების მოთხოვნით პეტიცია შეიქმნა.
„ორ ათწლეულზე მეტი მზია ამაღლობელი იბრძოდა პრესის თავისუფლებისთვის, დემოკრატიისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. ახლა ის წინასწარ პატიმრობაშია და სიცოცხლეს რისკავს ღირებულებებისთვის, რომელსაც ყოველთვის იცავდა.
ეს არ არის მხოლოდ მზიას ბრძოლა – ეს არის ბრძოლა ყველა უკანონოდ დაკავებული პატიმრისთვის, სიტყვის თავისუფლებისთვის და საქართველოს მომავლისთვის.
ვითხოვთ მზია ამაღლობელის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას“ – ვკითხულობთ პეტიციის ინგლისურენოვან ტექსტში.
QvemoQartli.ge