“მოვუწოდებთ შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, შექმნას საგამოძიებო კომისია საქართველოს საჯარო სამსახურში მიმდინარე საკადრო წმენდასთან დაკავშირებით”
სოციალური სამართლიანობის ცენტრი და საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ მოუწოდებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციას, ყურადღება მიაპყროს საქართველოში საჯარო სექტორში “დისკრიმინაციული მოტივით მიმდინარე მასობრივ გათავისუფლებებს” და დაუყოვნებლივ განიხილოს ამ საკითხებზე საგამოძიებო კომისიის შექმნის შესაძლებლობა.
საჯარო უწყებების სია, საიდანაც საჯარო მოხელეები სავარაუდოდ დისკრიმინაციული მოტივით გაათავისუფლეს, მათ შორის, მოიცავს:
- იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირები:
- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო;
- იუსტიციის სახლი;
- დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო;
- თბილისის მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური მომსახურებისა და იურიდიული საქალაქო სამსახურები;
- თბილისის მერიის საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტო;
- თბილისის მერიის არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი – საზოგადოებასთან კომუნიკაციის სააგენტო;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ახალგაზრდობის სააგენტო;
- საქართველოს პარლამენტი;
- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია;
- საგარეო საქმეთა სამინისტრო;
- შინაგან საქმეთა სამინისტრო;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – იურიდიული დახმარების სამსახური;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო;
- საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ექსპერტიზის ეროვნული ბიურო;
- აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი;
- რუსთავის მუნიციპალიტეტი;
- ადიგენის მუნიციპალიტეტი;
” უკანონოდ გათავისუფლებულ საჯარო მოხელეთა ნაწილი თავიანთი უფლებების დასაცავად უკვე სასამართლოში იბრძვის. მათ იურიდულ დახმარებას რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაცია უწევს. ამასთან, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებელი პროფესიული კავშირი ,,კონსტიტუციის 78-ე მუხლი’’ უკვე 100-ზე მეტ პირს უწევს სამართლებრივ დახმარებას და ეს რიცხვი ყოველდღიურად მზარდია.
მასობრივ გათავისუფლებებს წინ უძღოდა ცვლილებები ,,საჯარო სამსახურის შესახებ’’ საქართველოს კანონში, რამაც უკიდურესად დაასუსტა საჯარო მოსამსახურეთა უფლებრივი გარანტიები, მათ შორის, გაამარტივა მათი სამსახურიდან გათავისუფლების შესაძლებლობა და შეზღუდა დარღვეული უფლებების აღდგენის – სამართლიანი კომპენსაციის მიღებისა და სამსახურში აღდგენის შესაძლებლობები. მაღალი თანამდებობის პირების განცხადებები ადასტურებს, რომ აღნიშნული ცვლილებები პროტესტის გამომხატველი საჯარო მოხელეების დასჯისა და საჯარო სექტორში განსხვავებული აზრის ჩახშობის მიზნით იქნა მიღებული. ცვლილებების მიღებამდე, საჯარო სექტორში გამოხატული მასობრივი პროტესტი პრემიერ-მინისტრმა საჯარო სამსახურის ,,თვითწმენდის’’, ხოლო ქალაქ თბილისის მერმა „თვითლუსტრაციის“ პროცესად შეაფასა და ხელისუფლების მხრიდან შესაბამისი საკანონმდებლო რეაგირება დააანონსა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა კი ცვლილებები საჯარო სექტორის ,,გაჯანსაღების’’ საჭიროებით ახსნა” – სოციალური სამართლიანობის ცენტრი.
უფლებადამცველების დაკვირვებით, ხელისუფლების მიმართ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლების ერთ-ერთი გავრცელებული ფორმაა შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ხელშეკრულების არგაგრძელება. ეს პრაქტიკა კი მათი შეფასებით, ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებს, რომლის თანახმად, როცა შრომითი ხელშეკრულების არგაგრძელებას საფუძვლად უდევს დისკრიმინაციული მოტივი, შრომითი ურთიერთობის დასრულება უკანონოდ უნდა იქნას ცნობილი. ასევე დასძენენ, რომ კრიტიკულად განწყობილი საჯარო მოხელეების სამსახურიდან გათავისუფლება ხდება ასევე საჯარო დაწესებულების რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის საფუძვლებით.
QvemoQartli.ge