მოგვეცით შესაძლებლობა შევქმნათ ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი – ქვემო ქართლის სამოქალაქო სექტორის ნაწილის მიმართვა ხელისუფლებას

ჩვენ, განცხადებაზე ხელმომწერი ქვემო ქართლის რეგიონში მომუშავე საზოგადოებრივი ორგანიზაციები და სამოქალაქო აქტივისტები, კატეგორიულად ვეწინააღმდეგებით უცხოური გავლენის შესახებ „რუსული კანონის“ დამტკიცების მორიგ მცდელობას. კანონპროექტი არის ღია მცდელობა საქართველოში კრიტიკული აზრის გაქრობის, დამოუკიდებელი მედიის და სამოქალაქო სექტორის მუშაობის შეწყვეტის, ამასთან ერთად მისი მიზანია ერთმანეთს დააპირისპიროს ადამიანები.

ჩვენს რეგიონში უამრავი ერთობლივი პროექტია განხორციელებული საჯარო და სამოქალაქო სექტორის მიერ. ჩვენ ერთად ვესწრებით ტრენინგებს, სამუშაო შეხვედრებს, ერთად დავდივართ სასწავლო ტურებზე, ერთობლივად ვიღებთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებებს ქვეყნის და რეგიონის საკეთილდღეოდ.
ამ ყველაფერს კი სწორედ დონორების დახმარებით ვახორციელებთ. ჩვენი ერთობლივი საქმიანობის ნათელი მაგალითია დონორი ორგანიზაციების მხარდაჭერით, ჩვენს მიერ საჯარო სექტორისთვის დაფინანსებული მნიშვნელოვანი ინიციატივებიც. ეს თანამშრომლობა ხშირად დღის ცენტრების, სკოლების, საბავშვო ბაღების, სასმელი წყლის  ნაგებობების რეაბილიტაციით, ეკო ჰაბების მშენებლობითა და მოწყვლადი ჯგუფების სხვადასხვა სახის მხარდაჭერით გამოიხატება. დახმარების და მხარდაჭერის ჭრილში განვიხილავთ იმ კონსტრუქციულ და დასაბუთებულ კრიტიკასაც, რომელსაც ეს უწყებები ჩვენგან იღებენ.
„რუსული კანონის“ დღის წესრიგში დაბრუნებით, თქვენ პირველ რიგში ხელს უშლით ურთიერთთანამშრომლობის  პრაქტიკის არსებობას და ხელს უწყობთ ხიდჩატეხილობასა და გაუცხოებას.
ამით თვალსაჩინოს ხდით როგორ დაშორდით მოქალაქეებს, განსაკუთრებით მათ ვინც რეგიონებში ვცხოვრობთ.
თვალსაჩინოს ხდით თქვენს დამოკიდებულებას მოქალაქეების მიმართ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც აიძულებთ საჯარო მოხელეებს აზიარონ სიცრუე სოციალური მედიით, ლახავთ მათ ღირსებას და აპირისპირებთ მათ ხშირად კოლეგებთან, თანამოქალაქეებთან და მეგობრებთანაც კი. დიახ, რუსული კანონი არის რუსეთის ოცნება. ეს არის მცდელობა ევროკავშირმა ვერ შეძლოს ჩვენი მიღება ევროპულ ოჯახში. რუსული წესებით და კანონებით მხოლოდ ოკუპანტებს ვჭირდებით და ისევ იმისთვის, რომ წაგვართვან თავისუფლება, ღირსება და ქვეყანა.
შესაბამისად, დღეს „რუსული კანონის“ მიღება რუსული ტანკისთვის გზის გახსნის ტოლფასია. კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, ნუ გახდებით ამ ქვეყნის მოღალატეები! მოგვეცით შესაძლებლობა მოვესწროთ ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს!
_

ხელმომწერი ორგანიზაციები: 

ქვემო ქართლის მედია – QvemoQartli.ge

ნაზარლოს სათემო ცენტრი

შაუმიანის სათემო განათლების ცენტრი

პარტნიორობა თანასწორობისთვის ფსიქო რეაბილიტაციის ცენტრი

ბოლნისის ახალგაზრდული სახლი

KazretiPress.ge

ბოლნისის ენის სახლი

24 news.ge

Gundelik

პროფესიო – პიროვნული და პროფესიული განვითარების ცენტრი

პირველი ევროპელი

თაობათა გაძლიერების ქსელი

სათემო რადიო “მარნეული”

მარტყოფის ახალგაზრდული ცენტრი

ISFED- ის ქვემო ქართლის ოფისი

მარნეულის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრი

შეხვედრის ადგილი დმანისი

ბოლნისის ქალთა სათემო რადიო WW

სამოქალაქო ინტეგრაციის ფონდი

სამოქალაქო ჩართულობისა და აქტივიზმის ცენტრი (CEAC)

სამოქალაქო აქტივობისა და რეგიონული განვითარების ცენტრი

სოლიდარობის ცენტრი

ააიპ “სიქა”

ეკო ცენტრი

სოლიდარობის მოძრაობა

ნეკერი – ქვემო ქართლის სათემო ორგანიზაცია

ქვემო ქართლის ქალთა ასოციაცია “ქალი და სამყარო”

მარნეულის დემოკრატ ქალთა საზოგადოება

თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი

ახალგაზრდული ინიციატივა ცვლილებებისთვის