მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი და რეგიონიდან ჩამოყვანილი ხალხი: ,,ოცნება” რუსთავში

ორდღიანი მზადების შემდეგ რუსთავმა ,,ქართული ოცნების” ლიდერებს უმასპინძლა. განსხვავებით სხვა ქალაქებისგან, რუსთავში საღამოს წამყვანი მასპინძელი, ქალაქის მერი, ნინო ლაცაბიძე იყო. მან წარადგინა პარტიის ლიდერები: ირაკლი ღარიბაშვილი, კახა კალაძე, შალვა პაპუაშვილი, მამუკა მდინარაძე და ბიძინა ივანიშვილი.

ქალაქის ძველ და ახალ ნაწილს შორის დამაკავშირებელ ხიდზე საცობი საღამოს 18:00 საათიდან შეიქმნა, რადგან სწორედ ამ დროს დაიწყო მუნიციპალიტეტებიდან ჩამოყვანილი ხალხისა და ავტობუსების მობილიზება რუსთავში.

კოსტავას გამზირზე თავი მოიყარა მარნეულიდან, გარდაბნიდან, ბოლნისიდან, დმანისიდან, თეთრიწყაროდან და წალკიდან ჩამოყვანილმა ამომრჩეველმა. მედიისთვის ნაცნობი საჯარო მოხელეებიც ადვილი შესამჩნევები იყვნენ.

მობილიზებული ადმინისტრაციული რესურსი

ჩვენი ინფორმაციით, რუსთავში კორპუსების თავმჯდომარეებს დაავალეს რომ მოეძებნათ მინიმუმ ორი ადამიანი თითო კორპუსიდან, რომელიც ღონისძიებას აუცილებლად დაესწრებოდა. ასე როგორც ვიცით, შეიქმნა სია, რომელიც ისეთ პერსონალურ ინფორმაციას შეიცავდა, როგორიცაა სახელი, გვარი, პირადი ნომერი და ტელეფონის ნომერი.

კოსტავას გამზირზე საგანგებოდ იყვნენ მობილიზებული საბავშვო-ბაღებისა და საჯარო სკოლების მასწავლებლები, მერიის სხვადასხვა სამსახურების თანამშრომლები, რეგიონიდან ჩამოყვანილი მოსახლეობა და საჯარო მოხელეები.

რეგიონებიდან ჩამოყვანილი სამარშრუტოების ნაწილს ეწერა: მარნეული-კაჩგანი,  ბოლნისი, შპს თეთრიწყაროს საავტომობილო კომპანია. ასევე გადავიღეთ სამარშრუტო, რომელიც სავარაუდოდ სკოლას ემსახურება – მისი მინიდან კარგად ჩანს ფაილები ტექსტით „გაკვეთილების განრიგი.“

ღონისძიებას წინ უძღოდა პოსტები და მასალები ადგილობრივი მედიიდან. Facebook-ის წალკელების ჯგუფში წერდნენ, რომ საბავშვო ბაღებიდან ბავშვები 13:00 საათზე გამოუშვეს, რადგან აღმზრდელები და მასწავლებლები რუსთავში ივანიშვილთან შესახვედრად მიჰყავდათ. მარნეულის რადიო წერდა ასევე, მარნეულის საბავშვო ბაღებში სხვადასხვა საბაბით დროზე ადრე, მუშაობის შეწყვეტაზე.

მთავარ სცენაზე პარტიის ლიდერების გამოჩენამდე ერთი საათით ადრე, მცირე სცენაზე კონცერტი გაიმართა. მხოლოდ კონცერტის დასრულების შემდეგ გამოჩნდნენ „ქართული ოცნების“ ლიდერები დიდ სცენაზე, რომლიდანაც პარტიის საპატიო თავმჯდომარემ მოსახლეობას ტყვიაგაუმტარი ტრიბუნიდან მიმართა.

ღონისძიებას ესწრებოდა მძლეოსანი და ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძეც, რომელიც პარტია ,,ქართული ოცნების” საპარლამენტო სიის ოცეულშია.

რა გვითხრა ,,ქართულმა ოცნებამ”

არცერთ სიტყვით გამომსვლელს არ უსაუბრია, რა გეგმა აქვს პარტიას ქვემო ქართლის განვითარებისთვის. თუმცა, ისაუბრეს იმაზე, რაზეც ქვეყნის მასშტაბით  გამართულ სხვა წინასაარჩევნო ტურნეებზე საუბრობდნენ.

მმართველმა გუნდმა უცვლელად იმეორა პროპაგანდისთვის დამახასიათებელი ნარატივები 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით. ბიძინა ივანიშვილმა ომის დაწყებაში ისევ ქართული მხარე დაადანაშაულა: „2008 წლის ომი, გარე დაკვეთით, სწორედ ნაციონალებმა დაიწყეს, თუმცა, არცერთ მათგანს მცდელობაც კი არ ჰქონია, თავი ემართლებინა,” – განაცხადა მან.

ომის სინანულსა და ომის დამნაშავის გამოაშკარავების აუცილებლობაზე შალვა პაპუაშვილმაც ისაუბრა: ,,ჩვენი ევროპული გზა კი არის გზა ჩვენს აფხაზ და ოს თანამოქალაქეებთან ერთად. გზა, რომელიც შერიგებით იწყება. გზა, რომელიც მიჯნავს ძმობას და მტრობას, ომის სურვილს და ომის სინანულს, ომის დამნაშავეს და ომის მსხვერპლს.’’

QvemoQartli.ge