“მივიღეთ ცნობები აქციის მონაწილეების მიმართ განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ” – გაეროს ექსპერტების ანგარიში

გაეროს ადამიანის უფლებათა დამოუკიდებელი ექსპერტები მოუწოდებენ “ქართულ ოცნებას”, მიიღოს კონკრეტული ზომები ძალადობის თავიდან ასაცილებლად და გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალის გადაჭარბებული გამოყენების, წამების, არაადამიანური მოპყრობისა და მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და მედიის წარმომადგენლების თვითნებური დაკავების ბრალდებები, რაც 2024 წლის ნოემბერ-დეკემბერში ქვეყანაში გამართულ პროტესტების დროს მოხდა.

” ჩვენ მივიღეთ ცნობები განზრახ ფიზიკური ძალადობის, მუქარის, დაშინებისა და შურისძიების შემთხვევების შესახებ, რომლებიც მიმართულია მშვიდობიანი დემონსტრანტების, ადამიანის უფლებათა დამცველებისა და ჟურნალისტების მიმართ როგორც სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების, ისე უნიფორმისა და ამოსაცნობი ნიშნების გარეშე მოქმედი პირების მხრიდან”, – წერენ ექსპერტებმა.

აცხადებენ რომ, აღნიშნული ბრალდებების მასშტაბი და პროტესტის მონაწილეებისა და შემდგომში დაკავებულების მიმართ მიყენებული ზიანის სიმძიმე, შესაძლოა, წამებასა და სხვა სახის სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას ან დასჯას უთანაბრდებოდეს:

“ჩვენ მიერ მიღებული ინფორმაცია მიუთითებს, რომ ეს ინციდენტები შესაძლოა იზოლირებული არ ყოფილიყო და მოიცავდეს ზემდგომი სუბიექტების პასუხისმგებლობას… არსებობს სანდო ცნობები, რომ პოლიციამ დემონსტრანტების წინააღმდეგ განურჩევლად გამოიყენა წყლის ჭავლი, წიწაკის სპრეი და სხვა ქიმიური გამაღიზიანებლები. ცნობების თანახმად, ასობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის, მნიშვნელოვანი ნაწილი – თავისა და სახის მძიმე დაზიანებებით. ცნობილია, რომ ბევრი დემონსტრანტი დააკავეს და მათ არ მიეცათ ადვოკატთან წვდომის ან ოჯახებისთვის მათი ადგილსამყოფლის შეტყობინების შესაძლებლობა.”

მათი თქმით, მიიღეს შემაშფოთებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ბევრი დაკავებული სიტყვიერი შეურაცხყოფის, ხანგრძლივი და განმეორებითი ცემის, გაუპატიურების ან სხეულის ნაწილების მოტეხვის მუქარის ქვეშ იყო და მათთვის სამედიცინო დახმარება არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე დასძენენ, რომ სპეციალური საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო გამოძიება ბოლო თვეებში მომხდარი მოვლენების შესახებ და ამ დრომდე, აღნიშნულ გამოძიებას შედეგი არ გამოუღია, მაშინ როდესაც ბევრი დემონსტრანტი კვლავ პატიმრობაში რჩება.

“ამ მოვლენების სიმძიმის გათვალისწინებით, ველით, დამოუკიდებელ, მიუკერძოებელ, გამჭვირვალე და ეფექტიანი გამოძიების ჩატარებას საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად… ყველა თვითნებურად დაკავებული უნდა გათავისუფლდეს, ხოლო ვისაც სამედიცინო დახმარება სჭირდება, ეს უნდა მიეწოდოს”, – ამბობენ ექსპერტები.

ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ, ქართულ მედიაში, პირველმა “მთავარმა არხმა” გაავრცელა.