მთავრობა „რუსული კანონის“ აღსრულებას იწყებს

კანონი, რომელსაც საქართველოში და საქართველოს ფარგლებს გარეთაც „რუსულს“ უწოდებს  ოფიციალურად ამოქმედდა.  მისი აღსრულებისთვის საჭირო, შესაბამისი ტექნიკური ბაზის მომზადების შესახებ, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა:

„თუ ორგანიზაცია არ შეასრულებს კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს, ანუ არ დაემორჩილება საქართველოს კანონმდებლობას, ასევე კანონში არის გაწერილი, იცით თქვენ კარგად შესაბამისი პასუხისმგებლობა, რაც გულისხმობს 25 ათასი ლარით დაჯარიმებას”, – რატი ბრეგაძე, იუსტიციის მინისტრი.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოში უკვე შექმნილია ფინანსური დეკლარირების დეპარტამენტი . მისი  ვალდებულებაა „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი“ ორგანიზაციების რეესტრის წარმოება და საჯაროობის უზრუნველყოფა, აგრეთვე “უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ საქმიანობაში სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის მხარდაჭერა.

რეესტრში დარეგისტრირება სავალდებულო ხდება ყველა იმ ორგანიზაციისთვის, რომლის შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდან არის მიღებული.

კანონი საქართველოს საკანონმდებლო მაცნეზე  უკვე გამოქვეყნებულია. მას პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი აწერს ხელს.

კანონი „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციის გამოსავლენად“ იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილებას ანიჭებს ნებისმიერ დროს კვლევა ჩაატაროს და საკითხის შესწავლა-მონიტორინგი განახორციელოს.

მონიტორინგის დაწყების საფუძველი შეიძლება იყოს :

  • სამინისტროს მიერ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება;
  • სამინისტროსთვის იუსტიციის სახლის მეშვეობით წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო ინფორმაციას.

რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან დეკლარაციის არშევსება გამოიწვევს ორგანიზაციის დაჯარიმებას 25 ათასი ლარის ოდენობით.  ასევე, კანონით გათვალისწინებულია შემდეგი სახის ჯარიმები: – იუსტიციის სამინისტროს ვებ-გვერდზე დაშვებიდან 10 სამუშაო დღის ვადაში, თუ ორგანიზაცია არ შეავსებს განაცხადის ფორმას – 10 ათასი ლარი; დოკუმენტებში ხარვეზების განსაზღვრულ ვადაში არგამოსწორების შემთხვევაში – 10 ათასი ლარი; კანონით გათვალისწინებული სამართალდარღვევის ერთი თვის შემდეგ ჩადენა – 20 ათასი ლარი.

„აგენტების“ კანონპროექტი პარლამენტმა    მრავალათასიანი საპროტესტო აქციებისა და საერთაშორისო პარტნიორების კრიტიკის  ფონზე მიიღო.  

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონი საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტმა, ოპოზიციამ და არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაასაჩივრეს.

QvemoQartli.ge