„მე ვერ აგიკრძალავ შენ, შეგეხები ხელით რომ ჩაგიშალო გადაღება“ – რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილე QvemoQartli.ge-ს ჟურნალისტს (ვიდეო)

ქეთევან მოსიავა, QvemoQartli.ge-ს ჟურნალისტი, დღეს ცდილობა გადაეღო „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე თბილისში ორგანიზებულად მოქალაქეების გადაყვანა.

ერთ-ერთ ლოკაციაზე, შარტავას გამზირთან მუშაობის დროს, მას ფოტო/ვიდეო გადაღების უფლება შეუზღუდა რუსთავის მუნიციპალური აიპის თავმჯდომარის მოადგილე კარლო ნოდიამ.

ნოდია ჟურნალისტისგან მოითხოვდა მედიის ბეიჯის წარდგენას მისთვის, ასევე აცხადებდა რომ არ აძლევდა ჟურნალისტს მისი გადაღების უფლებას. დაპირისპირების დროს ისმის მისი მხრიდან გაჟღერებული მუქარაც: „მე ვერ აგიკრძალავ შენ, შეგეხები ხელით რომ ჩაგიშალო გადაღება.“

მედიის წარმომადგენლის შეურაცხყოფას ცდილობენ, მის გარშემო შემოკრებილი ადამიანებიც: „შენ თავიდან ბოლომდე ვირუსი ხარ“, „25 წლის ხარ, არ გეტყობა.“

მედიის წარმომადგენელი ადგილზე მარტო მუშაობდა, შესაბამისად მას თავდაცვისთვის მხოლოდ უწყვეტი ვიდეო გადაღება შეეძლო. უხსნიდა, შეკრებილებს რომ არის ჟურნალისტი და ვიდეო გადაღებას აწარმოებს საჯარო სივრცეში, სადაც ამისი უფლება ნებისმიერ პირს აქვს.

შეგახსენებთ, რომ მედია არ მუშაობს ბეიჯით და სხვა მაიდენტიფიცირებელი ნიშნებით, მხოლოდ იმის გამო, რომ არ გახდეს ადვილი სამიზნე აგრესიული ჯგუფებისთვის და შეძლებს კრიტიკული ფაქტების გადაღება.

QvemoQartli.ge-მ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახა. ასევე, საია-ს ადგილობრივი ოფისის სამართლებრივი მხარდაჭერით, შესაბამისი ახსნა-განმარტებითი ჩვენება მისცა, რუსთავის საქალაქო სამმართველოს I განყოფილებაში.

QvemoQartli.ge მოითხოვს ფაქტის სათანადო გამოძიებას და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის გამო, მუნიციპალური აიპის მაღალჩინოსნის კარლო ნოდიას სამართლებრივ პასუხისგებაში მიცემას.

QvemoQartli.ge