„ მე არ მინდა გიყვარდე ან მიმიღო, უბრალოდ, ნუ დამაზიანებ“ – ტრანსგენდერი ქალების ცხოვრება საქართველოში
ტრანსგენდერი ადამიანები საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მარგინალიზებული ჯგუფია. საზოგადოებაში ძლიერი ტრანსფობიური განწყობების გამო, ამ თემის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად დაბალია.
ჩვენი რესპონდენტი ტრანსგედერი ქალია, რომელსაც ვესაუბრებით იმ პრობლემებზე და გამოწვევებზე რასაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდება.
რესპონდენტის თხოვნით, არ ვასახელებთ მის ვინაობას.
„მე გახლავართ ტრანს გოგო. რაც შეხება ჩემს გენდერულ აღმოჩენას ეს მოხდა ძალიან პატარა ასაკში 5-6 წლის ასაკში. თუმცა, გაცნობიერება ამ ყველაფრის 16-17 წლის ასაკში მოხდა. ცოდნით, მუდამ ვიცოდი ჩემი განსხვავებულობის შესახებ.
სკოლაში ვიყავი მუდმივი ბულინგის მსხვერპლი. ასევე, თანატოლებთან ეზოში, თუმცა ვახერხებდი რომ დამეცვა თავი, რაღაცნაირად. ხანდახან საპასუხო კონტრ შეტევით. ცოტა ზრდასრულ ასაკში, ერთხელ იყო შემთხვევა, როცა ტრანსპორტში ავდიოდი, ერთმა ბიჭმა „გაეთრიე აქედან ფუ ჩემი გაატარე ხალხი-ო“ – ასე მომმართა. გავშრი, მიწა გამისკდა, დავიბენი.. ვერ მივხვდი რა უნდა მექნა.
თუმცა, იქ მყოფების რეაქცია იყო საოცარი, ქალბატონების უფრო. მამაკაცები ჩუმად იდგნენ, დარწმუნებული ვარ ბევრი გულში, ალბათ, ამბობდა „უფ, რა კარგია-ო.“ მაგრამ მოგვარდა ეს საკითხი მშვიდობიანად, უბრალოდ, სხვა ტრანსპორტს გავყევი.
თუმცა, დიდი ხანი გონზე ვერ მოვდიოდი, იცით რას ჰგავს ეს?! აი, წარმოიდგინეთ ქუჩაში ათასობით ხალხის წინაშე, რომ გაგაშიშვლონ ყინულიანი წყალი გადაგასხან და ლურსმნებზე დაგაყენონ. აი, ასეთ საშინელებას შევადარებდი. ესეც, ხატოვნად, არ გისურვებდით არავის.
ჩვენს თემში ასეთი და ამაზე მართლა ჯოჯოხეთური ისტორიებია – საზოგადოება კანიბალურად გვექცევა, გვჭამენ პირდაპირი და ირიბი გაგებით.
მიღება არ მიღება საერთოდ სხვა რამაა, არავინ არაა ვალდებული მიგიღოს, თუმცა არ მოგკლას იმის გამო რომ შენ სხვა გიყვარს – ეს ნამდვილად განსხვავდება ერთმანეთისგან. აქ, ხომ არ გვაქვს საუბარი მტრობაზე, უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, აქ საუბარია ჰომოფობიასა და ტრანსფობიაზე, რომელიც ჰომოფობიურ ჯგუფებს აქვთ, ინფორმაციის ნაკლებობიდან გამომდინარე, არასწორი ინტერპრეტირებით ტელევიზიებიდან და სხვადასხვა მასობრივი თუ სოციალური მედიიდან. ამან, გააჩინა ეს სტიგმები, რომლებიც უგონო სიძულვილში გადაიზარდა.
თუმცა, ეს ჰომოფობები უმცირესობაში არიან. მოძალადე ნაწილზე უფრო ვამახვილებ ყურადღებას, რადგან რომ გავიხსენოთ წლევანდელი პრაიდი, ამ ხალხის უმეტესობაზე, მოქმედებდა ბრბოს ეფექტი. თავად არც იცოდნენ რატომ ან რისთვის, რაღაც ფსევდო ლოზუნგების დონეზე მოქმედებდნენ.
მათ ვეტყოდი, რომ იმაზე მეტი გვაქვს საერთო, ვიდრე ის სტერეოტიპებია რომლის გადმოსახედიდანაც გვხედავენ. ჩვენც გვიყვარს, გვყავს ოჯახები, მეგობრები, ვიხდით გადასახადებს, მათ შორის ჩვენი გადახდილი ფულით ტაძრების ხარჯები იფარება, ახალი ტაძრები შენდება და რა მერე.. ამავე ტაძრების წინამძღვრები „ტაბურეტკებით“ დაგვსდევენ, ესაა ის, რასაც ლიბერალური ქრისტიანობა ქადაგებს?
არა, რა თქმა უნდა! ვეტყოდი ერთს, სქესი, გენდერი და სექსუალობა სხვადასხვა რამაა. ადამიანები ბევრად უფრო რთული არსებები ვართ ვიდრე გენიტალიები! მე არ მინდა გიყვარდე ან მიმიღო, არ მჭირდება, უბრალოდ, ნუ დამაზიანებ, ნურც სიტყვით, ნურც ქმედებით“.
ჩვენი რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის აუცილებლობაზე და საუბრობს ჯანდაცვის ხელმისაწვდომობის პრობლემაზე.
„ მე შემიძლია გითხრათ რომ ბოლო 5 წლის მანძილზე სხვადასხვა კვლევებისა და დასკვნებიდან გამომდინარე, სახეზე გვაქვს პოზიტიური ცვლილებებიც. თუმცაღა, პრობლემა ამ საკითხზე, ისევ შემაშფოთებელია. ისევ ხდება ძალადობა ქუჩებში, სამსახურში და სხვადასხვა საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებში. როგორც ზემოთ ვახსენე ბოლო 5 წლის ცვლილები, სამწუხაროდ, ტრანს თემს არ შეგვხებია. ტრანს*ფობია ისევ და ისევ რჩება მთავარ გამოწვევად.
რაც შეეხება სახელმწიფოს მხირდან მხარდაჭერას, სია გრძელია. გენდერის სამართლებრივი აღიარება თვით იდენტიფიკაციაზე დაყრდნობით, ტრანს ჯანდაცვა, ღირსეული დასაქმება, განათლება და სიცოცხლის უფლება, მოგეხსენებათ რომ ტრანს * ქალები ყველაზე მოწყვლადი ჯგუფია მთელს ლგბტ+ საზოგადოებაში. თანაც ჩვენ ხილვადები ვართ, რის გამოც მეტ ჩაგვრაში ვართ, ტრანს * ქალები არიან ქალები, რომლებიც საკუთარი ქალობის გამო გამოყარეს სახლებიდან, უარი თქვეს მათზე დედებმა, მამებმა, მეგობრებმა და საზოგადოებამ.
ისინი იძულებულები ხდებიან ჩაერთონ „სექს ვორქინგში“ რომ იარსებონ, იცხოვრონ კი არა იარსებონ. პატარა ასაკიდანაც კი რადგან გენდერული დისფორია სხვადასხვა ასაკშია, მაგრამ ძირითადად გარდატეხის ასაკში იჩენს ყველაზე ძლიერად თავს. ნეტავ იცოდეთ რას გადიან ეს გოგოები და მაინც, მთელი ცხოვრება კაცებს გვეძახიან, ღლიცინებენ!
იმაზე მეტი სიძლიერე სულისა და სხეულის, რაც ტრანსგენდერ ქალებს აქვთ, ამ ქვეყანაში, არავის აქვს. ის რასაც ჩვენ ვუძლებთ ასეთს ვერავინ გაუძლებს. გადიოდე ქუჩაში, მაღაზიაში, ტრანსპორტში და არ იცოდე მოხვალ თუ არა უკან. თუ მოხვალ, როგორი და იაზრებ რომ ხვალაც მოგიწევს გასვლა და ეს ჯოჯოხეთის ჩაკეტილი წრე, შენს გარშემო ტრიალებს, უმოწყალოდ.
ძალიან ბევრ ტრანს ადამიანს არ შეუძლია ქირურგიული ჩარევებით ისარგებლოს, ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე და არა მარტო ამ მიზეზით. სხვადასხვა მიზეზებით: ხელმიუწვდომლობა მათ შორის ფინანსური, რადგან ეს ოპერაციები ორი ლარი არ ღირს. ვაგინო პლასტიკა 37 000 ლარი ღირს, თუ კიდევ არ გაიზარდა. მასტექტომია ტრანს კაცებისთვის 12 000 გახდა, როცა 5000- 6 000 ღირდა. ექიმები ითბობენ ჩვენზე ხელს, რაც საწყენია. ამ ჯანდაცვის სპეციალისტების ნაწილში, ძალიან ცოტა ენდოკრინოლოგია, ერთ ხელზე ჩამოსათვლელი, ვისაც ჰორმონალური თერაპიის დანიშვნა შეუძლიათ. ამ ნაწილს არ სწავლობენ ალბათ, რადგანაც ნაკლებად შემოსავლიანია.
ასევე, გასაუქმებელია სავალდებულო ცნობა ტრანსსექსუალიზმის შესახებ. ჯანმომ ამოიღო როგორც ფსიქიკური ჯანმრთელობის პათოლოგია. იმედია, აქამდეც მოაღწევს უახლოეს მომავალში, რადგან ამ ცნობის გარეშე ენდოკრინოლოგთან ვერ მიხვალ და ვერ დაიწყებ თერაპიას“ – ტრანსგენდერი ქალი.
კვლევაში, ტრანსგენდერი ქალების საჭიროებები საქართველოში, რომელიც 2019 წელს გამოქვეყნდა საუბარია, იმ რიგ პრობლემებზე რის წინაშეც ლგბტ+ თემი დგას და კვლევის ავტორები გვთავაზობენ შესაბამის რეკომენდაციებს რომელიც ამ თემის ცხოვრების ხარისხს მნიშვნელოვნად გაზრდის.
„სამართლებრივი საჭიროებები – საკანონმდებლო თვალსაზრისით ტრანსგენდერი ადამიანების საჭიროება ხშირად იკარგება უფრო ზოგადი ფემინისტური და ქვიარ ინიციატივების ფონზე. ამისთვის საჭიროა კანონმდებლობაში არსებული ესენციალიზმის აღმოჩენა და მის საპირისპიროდ ქმედითი ალტერნატივების შეთავაზება;
ფიზიკური და კიბერ უსაფრთხოება – საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ტრანსგენდერი ადამიანების მიმართ ფიზიკური და ვერბალური ძალადობა ზღუდავს მათი სოციალიზაციის, გადაადგილებისა და დასაქმების შესაძლებლობებს. ამ პროცესში პოლიციის მხრიდან ძალადობა, შანტაჟი და, ზოგადად, ჰომოფობიური დამოკიდებულება არსებით გამოწვევას წარმოადგენს, რაც ამ ეტაპზე მხოლოდ ტრანსგენდერი ადამიანების უკეთესად ინფორმირებით, უფრო გულისხმიერი სერვისების შეთავაზებით და თემის გაძლიერებით დაიძლევა.
ეკონომიკური მდგომარეობა – ტრანსფობია და ეკონომიკური პრობლემები იმდენადაა ერთმანეთთან გადაბმული, რომ ძალიან ძნელია, გამოვაცალკევოთ. გენდერულად არაკონფორმულ ბავშვებს სკოლაში ბულინგისა და ძალადობის გამო ხშირად სწავლის გაგრძელების სურვილი არ აქვთ. ამას ემატება ზოგადად განათლების ხელმისაწვდომობის პრობლემა, რაც საბოლოოდ ტრანსგენდერი ადამიანების დასაქმების შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად ამცირებს.
ჯანდაცვა – ეკონომიკური ფაქტორი როგორც ზოგადი ჯანდაცვის, ისე ტრანსსპეციფიკური სერვისების მიღების შესაძლებლობებს ზღუდავს ტრანსთემისთვის. აივ-ის და სგგდ-ების შესახებ გარკვეული ცოდნა ორგანიზაციებმა გაავრცელეს და აივ-ის და ბე და ცე ჰეპატიტების ტესტირებაც მართალია, ვერ ფარავს სრულიად თემს, მაგრამ სხვადასხვა აუთრიჩ აქტივობებით საკმაოდ ბევრ ადამიანს მოიცავს. თუმცა საზოგადოებაში მწირი ცოდნისა და ჩვევების არარსებობის გამო ტესტირება პრევენციულ ხასიათს ნაკლებად ატარებს. ანალოგიური პრობლემებია რეპროდუქციული სერვისების მიღების თვალსაზრისით,“ – ვკითხულობთ კვლევაში.
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.