„მეტი ევროკავშირი საქართველოში“: ახალგაზრდა ევროპელი ელჩების საინფორმაციო კვირეული ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის შედეგებზე
26-28 სექტემბერს, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები (YEAs) საქართველოდან და ევროკავშირიდან დასავლეთ საქართველოში ღონისძიებების კვირეულს გამართავენ. ინიციატივის მიზანი ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის შედეგების წარმოჩენა და გზავნილის, „მეტი ევროკავშირი საქართველოში“ (More EU in Georgia), მნიშვნელობის გამოკვეთაა.
ამ მიზნის მისაღწევად, 17 ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქვეყნის სამი რეგიონის საჯარო და კერძო სკოლებს, სახელმწიფო უნივერსიტეტებსა და ევროკლუბებს ეწვევა. კერძოდ, ისინი 26 სექტემბერს იმერეთში ქუთაისს მოინახულებენ, 27 სექტემბერს სამეგრელოში ზუგდიდს ეწვევიან, ხოლო 28 სექტემბერს აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში ბათუმსა და ქედაში ჩავლენ. შეხვედრები ორიენტირებულია 16-დან 26 წლამდე ასაკის სტუდენტებსა და ახალგაზრდებზე, რომლებსაც აინტერესებთ ევროკავშირის საქმიანობა და თავიანთი ქვეყნის პარტნიორობა ევროკავშირთან, სურთ თავიანთი საზოგადოებისა და ქვეყნის განვითარების პროცესში წვლილის შეტანა და მზად არიან სამოქალაქო ჩართულობის აქტივობებისთვის დროის დასათმობად.
26 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქუთაისში ქართულ-ამერიკული სკოლა „პროგრესის“ და N26-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებს და ქუთაისის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ, ასევე ესტუმრნენ ქუთაისის ევროკლუბს, რომელიც ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის და სამეცნიერო-ინტელექტუალური კლუბის „თაობათა დიალოგი“ ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა.
„მოხარული ვარ, რომ მომეცა შესაძლებლობა ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მიერ დასავლეთ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებში მიმეღო მონაწილეობა,“ – ამბობს ება ფაგერლუნდი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩი შვედეთიდან. „ჩვენმა შეხვედრებმა დაგვანახა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა დადებითად აისახება სოფლად და რეგიონებში მცხოვრებ ახალგაზრდებზე, რომლებსაც ახლა უკვე ხელი მიუწვდებათ უნარების განვითარებისა და მეწარმეობის სხვადასხვა შესაძლებლობებზე. მოხარული ვარ, რომ უფრო მეტი ახალგაზრდა, განსაკუთრებით კი რეგიონებში და სოფლად მცხოვრები, ამ დინამიური ინიციატივის ნაწილი გახდება“.
ღონისძიებების კვირეულის მიზანია, რეგიონებში მცხოვრები ახალგაზრდების ინფორმირება ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიმდინარე კონკურსის შესახებ, რათა სოფლად მცხოვრები მეტი ახალგაზრდა დაინტერესდეს ინიციატივით, შეუერთდეს არსებულ ქსელს და გახდეს ახალგაზრდა ევროპელი ელჩი. კონკურსში განაცხადების მიღების ბოლო ვადა 1 ოქტომბერია.
საბა ჩიტორელიძე, 21 წლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი ქუთაისიდან, აღნიშნავს: „რეგიონებში შეხვედრები საშუალებას გვაძლევს, უფრო მჭიდრო კავშირები დავამყაროთ ადგილობრივ თემებთან. ახალგაზრდების ენთუზიაზმი, რომელიც შეხვედრებზე იგრძნობოდა, ძალიან სასიხარულოა. ვამაყობ, რომ ევროპელი კოლეგების დახმარებით, მოვახერხეთ ქუთაისიდან ამდენი ახალგაზრდის ჩართვა ინიციატივაში.“
27 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ზუგდიდის N4-ე საჯარო სკოლას, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტს და ზუგდიდის ევროკლუბს ეწვევიან, სადაც ისინი ადგილობრივ ახალგაზრდებს შეხვდებიან. ზუგდიდის ევროკლუბი ახალგაზრდა ევროპელი ელჩების და ასოციაცია „ათინათი“-ის ერთობლივი ინიციატივით დაარსდა.
28 სექტემბერს ახალგაზრდა ევროპელი ელჩები ქედის ევროკლუბს ეწვევიან, რომელიც ოფიციალურად 2023 წლის ივნისში, ქედის საჯარო სკოლასთან თანამშრომლობით გაიხსნა და მათ მიერ ორგანიზებულ აქტივობებს შეუერთდებიან. აქტივობის დროს მოსწავლეები დაამზადებენ ხელნაკეთ ნამუშევრებს ევროკავშირისა და საქართველოს სიმბოლიკით, გაეცნობიან საქართველოსა და ევროკავშირის დროშების შექმნის ისტორიას და მიიღებენ ინფორმაციას თანამშრომლობის შესახებ.
კვირეულის ფარგლებში, ახალგაზრდა ევროპელი ელჩები სხვადასხვა ინტერაქციულ აქტივობებს და ინფორმაციულ შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებს ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ იმ შესაძლებლობებს გააცნობენ, რომლებიც მათ უნარების განვითარებაში დაეხმარება. შეხვედრების დროს, ისინი კონკრეტულ მაგალითებზე დაყრდნობით ასევე წარმოაჩენენ, როგორ უჭერს მხარს ევროკავშირი უნარების განვითარებასა და მეწარმეობას საქართველოში.
შეხვედრის მონაწილეებს ექნებათ შესაძლებლობა, გაეცნონ ახალგაზრდა ევროპელი ელჩების ინიციატივის მიერ განხორციელებულ სხვადასხვა აქტივობას და მიზნებს და მიიღონ მნიშვნელოვანი ინფორმაცია კონკურსში მონაწილეობის პირობებზე. ნიცა ამბრიაშვილი, 20 წლის ახალგაზრდა ევროპელი ელჩი გორიდან, შეხვედრებს პოზიტიურად აფასებს და ასე ეხმიანება: „იყო ახალგაზრდა ევროპელი ელჩი, ნიშნავს, გქონდეს კომუნიკაცია ბევრ სხვადასხვა ადამიანთან და მე ბედნიერი ვარ, რომ მაქვს შესაძლებლობა, მქონდეს ურთიერთობა აქტიურ და მიზანდასახულ ახალგაზრდებთან. ეს ურთიერთობა ყოველ ჯერზე ადასტურებს ქართველი ახალგაზრდების უსაზღვრო პოტენციალს და მიზანდასახულობას, რაც მაძლევს კიდევ უფრო დიდ მოტივაციას, გავაგრძელო ჩემი საქმე ინიციატივაში და მოუთმენლად ველი ახალი წევრების შემომატებას.“
ახალგაზრდა ევროპელი ელჩების შესახებ
„ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ (YEAs) ინიციატივა არაპოლიტიკური, მოხალისეობრივი, საკომუნიკაციო ქსელია, რომელიც აკავშირებს ახალგაზრდებს აზერბაიჯანიდან, ბელარუსიდან, მოლდოვის რესპუბლიკიდან, საქართველოდან, სომხეთიდან, უკრაინიდან, ევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიდან და გაერთიანებული სამეფოდან. ქსელის მიზანია, აამაღლოს ცნობიერება ევროკავშირის თანამშრომლობაზე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებთან, წარმოაჩინოს ამ თანამშრომლობის რეალური შედეგები, ხელი შეუწყოს პოლიტიკურ დიალოგს, გაზარდოს სამოქალაქო აქტივიზმი და წაახალისოს თანამშრომლობა უკეთესი მომავლისთვის. „ახალგაზრდა ევროპელი ელჩების“ ინიციატივას ევროკავშირმა 2016 წელს ჩაუყარა საფუძველი და მას მერე ქსელში 30-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელ 1,700-ზე მეტ ახალგაზრდას მიუღია მონაწილეობა.
ახალგაზრდა ევროპელი ელჩები | ახალგაზრდა ევროპელი ელჩები საქართველოდან
მასალა მომზადებულია პროექტ EU NEIGHBOURS east-თან თანამშრომლობით.