მეორე ტური – პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო უბნებთან

საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურს, სამოქალაქო სექტორის ნაწილი, შეზღუდული რესურსებით და შემცირებული სადამკვირვებლო ჯგუფებით აკვირდებოდა. ორგანიზაციების ნაწილმა კი უარი თქვა არჩევნების დაკვირვებაზე. შეგახსენებთ, რომ არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობას მხოლოდ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იღებდა. ოპოზიციური პარტიები, არჩევნების როგორც პირველ ასევე მეორე ტურს არალეგიტიმურად აცხადებენ.

დღეს, უკვე ცნობილია, თუ რა სახის დარღვევები აღმოაჩინეს დამკვირვებლებმა, არჩევნების მეორე ტურზე.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის განცხადებით, მათ დამკვირვებელებს გარკვეულ უბნებში არ მიეცათ საკუთარი უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. ასეთი უბნების რიცხვში მოხვდა რუსთავის #45-ე საარჩენო უბანი.

“რუსთავის ოლქი #45 – საარჩევნო უბნის კართან იმყოფებოდნენ ადამიანები, რომელთაც თან ჰქონდათ ამომრჩეველთა სიები. საიას დამკვირვებელმა მათ გადაუღო ფოტო, რასაც მოყვა მუქარა და ფოტოს წაშლის მოთხოვნა. ცდილობდნენ ტელეფონს წართმევასაც. გარდა ზემოაღნიშნული პირებისა, საიას სტატიკურ და მობილურ დამკვირვებლებს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ უბნის გარეთ მობილიზებული ადამიანებიც”- აცხადებენ, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში.

არჩევნების მეორე ტურს აკვირდებოდა ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებიც“. მათი სადამკვირვებლო მისია შედგებოდა 35 მობილური ჯგუფისგან – მოიცვეს 17 მაჟორიტარული ოლქი. ორგანიზაცია თავის ანგარიშში, სადაც ასახული აქვს დარღვევები წერს, რომ არჩევნების დღეს, მათი დამკვირვებლების მიერ გამოვლინდა პარტიის კოორდინატორების მობილიზება რუსთავის საარჩევნო ოლქის #3; #4 #11, #12, #13, #15,  #17, #18, #36 და #37  სარჩევნო უბნებზე.

მოკლევადიანი დამკვირვებლების ჯგუფით, აკვირდებოდა არჩევნების მეორე ტურს „მრავალეროვანი საქართველო“. მათი დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი იქნა შემდეგი ხასიათის ინციდენტები:

„რუსთავის #12.20.82 კენჭისყრის შენობაში, „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიის“  დამკვირვებელი ნინო ჯიბლაძე უბანზე მისულ ამომრჩევლებს მის ხელთ არსებულ სიაში აღრიცხავდა და ციფრებს ტელეფონით გადასცემდა. „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებელმა ეს ფაქტი შენიშნა და რეაგირებისთვის საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს მიმართა. საუბნო საარჩევნო კომისიის მდივნის მითითებით, დამკვირვებელი შენობის ერთ-ერთ ოთახში შევიდა, თუმცა უბანზე მისული ამომრჩევლის აღრიცხვა კვლავ გააგრძელა.  „მრავალეროვანი საქართველოს“ დამკვირვებლის მიერ შენიშვნის განმეორებით მიცემის შემდეგ, მას კენჭისყრის შენობა დაატოვებინეს.  მოგვიანებით, ნინო ჯიბლაძე საარჩევნო უბანზე მიბრუნდა, რეგისტრაცია გაიარა და უბანი დატოვა“, – მრავალეროვანი საქართველო.

ორგანიზაციამ, მეორე ტურის არჩევნების დღის მონიტორინგი, განახორციელა 200 დამკვირვებლით.

„საარჩევნო ოლქებში, სადაც „მრავალეროვანი საქართველო“ დაკვირვებას ახორციელებდა, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტური მშვიდ გარემოში ჩატარდა. ამასთან ერთად, მეორე ტური კონკურენციით არ გამოირჩეოდა, ვინაიდან ოპოზიციურმა კანდიდატებმა მეორე ტურში მონაწილეობაზე უარი განაცხადეს. დაფიქსირდა პარტიის კოორდინატორების მიერ საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის მიზნით ამომრჩეველთა მობილიზებისა და რიგ შემთხვევებში, უბნებზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვის ფაქტები“- ვკითხულობთ ორგანიზაციის, საპარლამენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღის შეფასების ანგარიშში.

ფოტო: ვიდეოკადრი, „ფორმულა“-ს სიუჟეტიდან.  

ეს პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.

QvemoQartli.ge