მარნეულში ქალთა კოოპერატივის სადემონსტრაციო ნაკვეთი გაიხსნა
მარნეულის მუნიციპალიტეტში „მწვანე მარადისის” სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთი გაიხსნა. ღონისძიება, პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI”-ს ფარგლებში მოეწყო, რომელსაც ორგანიზაცია CENN, HEKS-EPER-ის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
ნაკვეთი, ორი ნაწილისგან შედგება, წარმოდგენილია როგორც ჩითილების გამოსაყვანად შექმნილი თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სათბური, ასევე ღია გრუნტის ტერიტორია, სადაც უკვე რამდენიმე სახეობის კულტურა იქნა მოყვანილი.
სადემონსტრაციო ნაკვეთის პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო, კლიმატგონივრულ მეურნეობასთან დაკავშირებული საკითხები. საუბარი შეეხო, სოფლის მეურნეობაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენას.
მარნეულის მუნიციპალიტეტში სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთი ქალთა კოოპერატივის „მწვანე მარადისი“ ბაზაზე შეიქმნა, რომელიც კლიმატ გონივრული მეურნეობის ერთ-ერთი მაგალითია. კოოპერატივი სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების ჩითილებს აწარმოებს. საწარმოო პროცესის უკეთ წარმართვისთვის კი, პროექტის ფარგლებში სხვადასხვა ღონისძიებები განხორციელდა.
კოოპერატივის ერთ-ერთი წევრი ნაირა ბოლქვაძე აღნიშნავს, რომ პროექტის „კლიმატის ცვლილების მიმართ მედეგი სოფლის მეურნეობა – PRAISE MARNEULI” დახმარებით მათ შეიძინეს, ცოდნა კლიმატ გონივრული სოფლის მეურნეობის წარმოების შესახებ. გარდა ამისა, პროექტის დახმარებით შექმნეს ისეთი სასათბურე მეურნეობა, რომელიც სრულად თანამედროვე ტექნოლოგიებითაა აღჭურვილი.
„ძალიან კარგია კოოპერატივი, ზოგადად ჩვენ ქალებს ძალიან გვიყვარს ჯგუფურად მუშაობა. ვისწავლეთ ყველაფერი, რაც სოფლის მეურნეობას ეხება. პროექტი დაგვეხმარა თანამედროვე სტანდარტების დანერგვაში. სწორედ, ამ პროექტის ფარგლებში გვაქვს უკვე სათბური, სადაც გამოვიყვანთ 100 ათასობით ჩითილს და შევთავაზებთ სხვადასხვა მომხმარებელს, რომ არა ეს სათბური, ჩვენ ამ რაოდენობის ჩითილებს ვერ მოვიყვანდით”, – ამბობს ნაირა ბოლქვაძე კოოპერატივის წევრი.
ორგანიზაცია CENN-ის სოფლის მეურნეობის ექსპერტი, სანდრო გუჯაბიძე აღნიშნავს, რომ კლიმატიც ცვლილების პარალელურად აუცილებელია მცენარეების დაცვა. ამ პროცესში კი, თანამედროვე ტექნოლოგიების მქონე სათბურების არსებობა, ერთ-ერთ მთავარ როლს ასრულებს.
„ კლიმატის ცვლილების პირობებში, აუცილებელია ჩვენი მცენარეები დავიცვათ კლიმატური მოვლენებისგან, რომლის ინტენსივობის და სიხშირის ზრდაა მოსალოდნელი. სასათბურე მეურნეობა, სწორედ ერთ-ერთი მეთოდია, რომელიც შეიძლება ჩვენ გამოვიყენოთ მცენარეების დასაცავად, ვინაიდან ეს პირდაპირ ფიზიკურ ბარიერს წარმოადგენს გარეგან მოვლენებს და მცენარეს შორის. განსაკუთრებით, როდესაც ჩვენ ვაწარმოებთ ბოსტნეულს და მაღალი ღირებულების მქონე პროდუქტებს, იქ აუცილებელია რომ შევამციროთ კლიმატთან დაკავშირებული რისკები.
ძალიან მნიშვნელოვანია მსგავს მეურნეობებზე გადასვლა, ვინაიდან ჩვენ როდესაც გვინდა კლიმატის ცვლილებას ვუპასუხოთ რეზისტენტული ჯიშებით. ეს ჯიშები და სათესლე მასალა როგორც წესი ძვირადღირებულია ხოლმე და ამიტომ ჩითილების წარმოება ფაქტობრივად მინიმუმამდე ამცირებს ამ თესლების დანაკარგებს, რაც შეიძლება ჩვენ გვქონდეს ნიადაგში პირდაპირი თესვის პირობებში.
მიუხედავად იმისა, რომ სათბურის ფართობი არ არის ძალიან დიდი, დაახლოებით 300 კვადრატულია, ეს სათბური შეძლებს სეზონის განმავლობაში არა მხოლოდ კოოპერატივის 10 წევრის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებას არამედ, ისინი შეძლებენ ამ ჩითილების გაყიდვას და დამატებით შემოსავლის შექმნას”, – სანდრო გუჯაბიძე, სოფლის მეურნეობის სპეციალისტი.
სასათბურე, სადემონსტრაციო ნაკვეთის გახსნის ღონისძიებას, პროექტიs განმახორციელებელი ორგანიზაცია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორი ნანა ჯანაშია ესწრებოდა. როგორც მან აღნიშნა, კლიმატის ცვლილების პარალელურად, სოფლის მეურნეობის ადაპტირებაა საჭირო.
„ორი წლის წინ, HEKS-EPER-ის დახმარებით, დავიწყეთ პროექტის განხორციელება ქვემო ქართლში მარნეულში, რომლის მიზანი იყო კლიმატის ცვლილებისადმი მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება. კლიმატი იცით რომ იცვლება და მთელი მსოფლიო საზოგადოება ცდილობს გააკეთოს კლიმატის ცვლილებისადმი ადაპტირებული ეკონომიკა. ეკონომიკის ტრანსფორმაცია ხდება მაქსიმალურად, რომ ამ ცვლილებას მოვერგოთ.
სოფლის მეურნეობა ძალიან მნიშვნელოვანია ქვემო ქართლისათვის და იმდენად დეფიციტურია უკვე წყლის რესურსებიც და ტემპერატურაც ისე შეიცვალა, რთული ხდება ამ ზეგავლენასთან ადაპტირება. ამიტომ ჩვენი ერთ-ერთი მიზანი იყო, შეგვექმნა კოოპერატივი ისეთ რეგიონში, სადაც არის მოწყვლადი თემი. აქცენტი გაკეთდა ქალთა კოოპერატივზე სოფელ მარადისში, რომელიც ძალიან აქტიურად მუშაობს”, – ნანა ჯანაშია CENN-ის აღმასრულებელი დირექტორ.
სადემონსტრაციო ნაკვეთის გახსნის ღონისძიების ბოლოს, მონაწილეები გაეცნენ სოფლად მცხოვრები ქალი ფერმერების საჭიროებებს, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებულ ადგილობრივ გამოწვევებს. ღონისძიების სტუმრებმა მონაწილეობა მიიღეს, ასევე, საჩითილე სუბსტრატის მომზადებასა და სხვადასხვა ბოსტნეული კულტურების თესვაში.
ავტორი: ნინო ბერიძე
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით