„მარნეული ტვ“ მარნეულის თვითმმართველობას 199 500 ლარად მოემსახურება
მარნეულის მერიასა და მარნეულის ტელევიზიას შორის მომსახურების ხელშეკრულება მიმდინარე წლის 23 იანვარს დაიდო. მომსახურების ღირებულებად განისაზღვრა 199 500 ლარი (დღგ-ს ჩათვლით).
დოკუმენტში ვკითხულობთ, კონკრეტულად რა მომსახურებას გაუწევს ტელევიზია ადგილობრივ თვითმმართველობას:
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო ვიზუალური განცხადებების განთავსება ეთერში ქართულ ენაზე. (ერთი ერთეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წამისა) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად;
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის შემცველი აუდიო ვიზუალური განცხადებების განთავსება ეთერში აზერბაიჯანულ ენაზე. (ერთი ერთეულის ხანგრძლივობა არანაკლებ 30 წამისა) შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად.
პირდაპირი ეთერით, მერის ან მისი მოადგილეების, ან/და საკრებულოს თავმჯდომარის ან მისი მოადგილეების, ააიპ-ების ხელმძღვანელებისა და სამსახურის ან/და განყოფილებათა ხელმძღვანელების ანგარიშების, ბრიფინგების, პრესკონფერენციების (მერიიდან ან/და ტელევიზიიდან) გასვლითი და ონლაინ აქტივობების, საახალწლო და რელიგიური დღესასწაულების, ასევე სპორტული და კულტურული ღონისძიებების, თეატრალური წარმოდგენების, კონცერტების და სხვა საზოგადოებისათვის მნიშვნელოვანი მოვლენების ტრანსლირება. (შემსყიდველის მოთხოვნის შესაბამისად).
საკრებულოს სხდომების, თათბირების, ბიუროს სხდომების (შეთანხმებით), ანგარიშების, ან/და მერის, მისი მოადგილეების და სამსახურის უფროსების თათბირების, ანგარიშების განთავსება სატელევიზიო ეთერში, ერთი ერთეული, ქრონომეტრაჟით, არანაკლებ 10 წუთისა, ქართულ ენაზე; ჯამში ხელშეკრულების ფარგლებში 14 ახალი ერთეულის ოდენობით;
მე-4 პუნქტით გათვალისწინებული, ყოველი ახალი ერთი ერთეულის მომსახურების ერთჯერადი გამეორებითი ჩვენება;
საკრებულოს სხდომების, თათბირების, ბიუროს სხდომების (შეთანხმებით), ანგარიშების, ან/და მერის, მისი მოადგილეების და სამსახურის უფროსების თათბირების, ანგარიშების განთავსება სატელევიზიო ეთერში, ერთი ერთეული ქრონომეტრაჟით, არანაკლებ 10 წუთისა, აზერბაიჯანულ ენაზე; ჯამში ხელშეკრულების ფარგლებში 14 ახალი ერთეულის ოდენობით;
მე-6 პუნქტით გათვალისწინებული, ყოველი ახალი ერთი ერთეულის მომსახურების ერთჯერადი გამეორებითი ჩვენება;
საჯარო რეესტრის უახლესი ამონაწერის თანახმად, შპს მარნეულის ტვ-ს დირექტორი და მფლობელი ზაზა ბაბლუანი არის.
ახალ მეპატრონეს, საუკეთესო რეალობაში, ჟურნალისტებისთვის ღირსეული სამუშაო პირობების შექმნა და საზოგადოების მიუკერძოებელი ინფორმირება ევალება.
ქვეყანაში არსებული მანკიერი პრაქტიკიდან გამომდინარე, რაც თვითმმართველობისგან დაფინანსების მიღებას უკავშირდება, ეს უკანასკნელი რეალური გამოწვევაა. იმ გარემოების გამო, რომ დღემდე საქართველოში პარტია და თვითმმართველობა ვერ გაიმიჯნა და ბიუჯეტის თანხა ასოცირდება მმართველის გუნდის „ნების“ აღსრულებასთან – ამ ტიპის დამკვეთს, მუდმივად აქვს მოლოდინი, რომ საეთერო დროსთან ერთად, ნაყიდი აქვს სარედაქციო პოლიტიკაც. ანუ მარტივად რომ ვთქვათ, როდესაც შემოსავლით თითქმის სრულად ხარ დამოკიდებული საჯარო უწყებასთან ამ უწყების „მაკონტროლებელი“ უდიდესი ალბათობით, ვერ გახდები.
QvemoQartli.ge