მაია ფელიშვილი – ემიგრანტები საქართველოსთვის

QvemoQartli.ge იწყებს ახალ რუბრიკას „ემიგრანტები საქართველოსთვის.“ გაგაცნობთ საქართველოდან წასული აქტიური მოქალაქეების შეფასებებს. ვკითხავთ, რას ფიქრობენ არსებულ ვითარებაზე და რა გამოსავალს ხედავენ.  

ამ რუბრიკის პირველი რესპონდენტი ყოფილი პოლიციელი მაია ფელიშვილია. მაიას ჩვენი რედაქცია წლებია იცნობს. საქართველოში მუშაობის დროს, არა ერთხელ ვნახეთ მისი ერთგულება ადამიანის უფლებების მიმართ. მაია იყო ის „პოლიციელი ქალი“ რომელთანაც ძალადობა გამოვლილ ქალებს ვამისამართებდით და ვიცოდით, რომ ეს ის პოლიციელია, რომელიც მათ ნამდვილად დაიცავს.

–  მ ა ი ა      ფ ე ლ ი შ ვ ი ლ ი –

მე ვარ მაია ფელიშვილი 50 წლის, ყოფილი პოლიციელი. 2021 წლიდან ვიმყოფები ემიგრაციაში იტალიაში. საქართველოდან წამოსვლამდე ვმუშაობდი ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დაქვემდებარებაში მყოფ დანაყოფებში, ბოლო 14 წელი. ვმუშაობდი ქალთა მიმართ ძალადობისა და არასრულწლოვანთა მიერ და მიმართ ჩადენილი დანაშაულების ხაზით, როგორც სერტიფიცირებული გამომძიებელი.

ემიგრაციაში წამოსვლის შემდეგ აქ გავიცანი უამრავი ქალი, რომლებიც სხვადასხვა დროს იყვნენ ჩამოსულები, თუმცა უმეტესობას აერთიანებდა ოჯახის დატოვებისა და ემიგრაციაში წამოსვლის მსგავსი მიზეზი, უმეტესობა საქართველოდან ორ ძირითად პრობლემას გამოექცა: ეკონომიკურ სიდუხჭირეს ან მოძალადე მეუღლეს.

გარკვეული დროის განმავლობაში კვლავ მიკავშირდებოდნენ სოციალური ქსელებით სხვადასხვა ადამიანები. დავაზუსტებ ზოგი ნაცნობი, ზოგი უცნობი, რომლებიც ითხოვდნენ დახმარებას თავისთვის ან სხვისთვის, დახმარებას ოჯახში ძალადობისგან თავდასაცავად.

მალევე დავრწმუნდი, რომ ბევრი ქალის დახმარებას კვლავ შევძლებდი და გავაკეთე ონლაინ პლატფორმა სოციალურ ქსელში, სახელად ,,გაია რომელიც უკვე ემიგრაციაში მყოფი ქალების დასახმარებლად რამდენიმე სპეციალისტს აერთიანებს იურიდიული და სამედიცინო პროფილებიდან.  ამ ხნის განმავლობაში კვლავ არაერთ ემიგრანტ ქალს დავეხმარეთ და ამით ძალიან ვამაყობ.

თუმცა ბოლო თვეებში საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური კრიზისის ფონზე ძნელია რაიმე სხვაზე კონცენტრირება და სრულიად ვარ გადართული მიმდინარე მოვლენებზე. წინასაარჩევნო პერიოდში აქტიურად ვეხმარებოდი ემიგრაციაში მყოფ ადამიანებს საარჩევნო აღრიცხვაზე რეგისრაციაში და ასევე სხვადასხვა ონლაინ პლატფორმების საშუალებით ვესწრებოდი შეხვედრებს პოლიტიკოსებთან, ემიგრაციაში მყოფი ქართველების ძალისხმევით ნათელი გახდა თუ ვის ირჩევს მოსახლეობის დიდი ნაწილი.

თუმცა აქვე უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს ევროინტეგრაციას, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი, სამწუხაროდ, მცდარ კონტექსტში ხედავს და ვერ სწვდებიან მთელ არსს, თუ რას ნიშნავს ევროინტეგრაცია. რა თქმა უნდა, იმის შიში, რომ ვინმე ჩვენ ენას, ან სარწმუნოებას წაგვართმევს, ან ტრადიციებს გაგვიუქმებს, სრული ბოდვა და რუსული პროპაგანდის ნაწილია, მაგრამ ამას არგუმენტირებული ახსნა სჭირდება. საზოგადოების იმ ნაწილისთვის, ვინც გარკვეული მიზეზებით პროპაგანდის მანქანის მსხვერპლია და ეს სულაც არაა გასაკვირი, ჩვენ ხომ ორას წელზე მეტია რუსეთის ზეწოლის ქვეშ ვცხოვრობთ. ამ ქვეყნის სპეცსამსახურები არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში ავრცელებენ თავიანთ პროპაგანდისტულ მესიჯებს უკვე მრავალი ათასწლეულია.

ჩვენ კი დროდადრო გვავიწყდება, რომ მშვიდობისთვის ბრძოლა მშვიდობის დროსაც კი აუცილებელია და ყურადღების მოდუნება ისეთი მეზობლის მიმართ, როგორიც რუსეთია, სრულიად დაუშვებელია.

იმას ვგულისხმობ, რომ ოპოზიციური პატიების დღის წესრიგი წლების განმავლობაში არ მოიცავდა მოსახლეობის ფართო მასებთან ღრმა და საფუძვლიან კომუნიკაციას და ამომრჩეველი ყველას ყოველთვის მხოლოდ საარჩევნოდ ახსენდებოდა როგორც წესი.

ამან კი სრულ კრიზისამდე მიგვიყვანა. ახლა გამოსავალი მხოლოდ მშვიდობიან პროტესტშია,  რადგან ჩვენ გვინდა დემოკრატიული გზით ევროინტეგრაცია, და აქვე განვმარტავ, რომ ევროინტეგრაცია ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ძლიერი და დემოკრატიული ქოლგის ქვეშ გასაერთიანებლად გვჭირდება, და არა იმიტომ, რომ სხვა ქვეყანა გვირჩევნია ჩვენს სამშობლოს, არანაირად. ევროინტეგრაცია მოგვცემს გარანტიებს, რომ ქვეყნის განვითარება დემოკრატიულ გზას არ გადაუხვევს და საომარ მოქმედებებში, თუკი ამის საფრთხე წარმოიშვა, მარტოები არ აღმოვჩნდებით.

სამწუხაროდ, ბოლო ერთ წელიწადში ძალიან გაიზარდა ემიგრაციაში წამომსვლელთა რიცხვი და ამის მიზეზი არის სწორედ ის შიში, რაც საქართველოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისის გამო აქვს საზოგადოებას.

ევროპაში ემიგრაციაში მოდიან ოჯახებით, აქამდე თუ მხოლოდ ერთი წევრი მოდიოდა, ახლა მთელი ოჯახები, ბავშვებთან ერთად ტოვებენ საქართველო. ეს კი ნიშნავს, რომ ისინი კარგ შემთხვევაში რამდენიმე ათეული წელი მაინც, ან საერთოდ აღარ აპირებენ სამშობლოში დაბრუნებას. ეს არ მგონია მშვიდობა იყოს, დაცლილი და დემოგრაფიულად ჩამორჩენილი ქვეყნის მოსახლობა რამდენიმე ათწლეულშივე განახევრდება და აბა, დაფიქრდით ვის აწყობს ეს?!  ჩვენ უკვე კარგად ვხედავთ, რომ საქართვეოში კერძო საკუთრების მფლობელთა რიცხვში ძალიან ბევრი რუსი ეროვნების მესაკუთრეა. ჩვენ ვკარგვთ ქვეყანას და ამას თუ ახლა, რაღაც გამოგონილი შიშების გამო არ შევაჩერებთ, გამოუსწორებელ შეცდომას დავუშვებთ.

გამოგონილია შიშები რომლებსაც პრორუსი მთავრობის პროპაგანდისტები გვინერგავენ. უბრალოდ, დაფიქრება და წარსულში გადახედვა უნდა ინფორმაციის სწორად გააზრებას. ჯერ კიდევ როდის ვიცოდით, რომ რუსეთში განსხვავებული ორიენტაციის ადამიანები საკმაოდ ნორმალური მოვლენა იყო და ვის ვის, ჩვენ ეს არ გვესწავლება, ისტორიაში გვყავდა თამარ მეფის პირველი ქმარი, გაიხსენეთ აბა ვინ იყო ის?! რუსი. ასე რომ თუ ვინმეს იმის შიში აქვს რომ განსხვავებული ორიენტაცია გადაედება მაშინ ეს საუკუნეების წინაც დაგვემართებოდა. ასევე რელიგიის სასარგებლოდ, ჩვენი ისტორია არის საუკეთესო მაგალითი იმის, თუ როგორ ვერ წაგვართვა რელიგია ვერავინ საუკუნეების მანძილზე და ახლა ვისი გვეშინია, ევროპა წაგვართმევს რელიგიას?! ეს ხომ წარმოუდგენელია ქართველი ადამიანისთვის.  რაც შეეხება ენას, ევროკავშირში ყველა თავის საკუთარ ენაზე მეტყველებს და არავის არავისთვის თავს არ მოუხვევია სხვა ენა, როგორც ამას რუსები აკეთბდნე მუდამ. ტრადიციებს რაც შეეხება კიდევ, პირიქით, უდიდეს ინტერესს იჩენენ ჩვენი ტრადიციების მიმართ და საერთოდაც, ევროკავშირში გაწევრიანება სხვის ოჯახში გადაცხოვრებას არ ნიშნავს, ჩვენ ვრჩებით ქართველებად საქართველოში და ეს ისეთივე აქსიომაა, როგორც იყო საუკუნეების მანძილზე. ასე რომ თამამად, წინ ევროპისკენ, არ დავუთმოთ ქვეყანა რუსეთს!

QvemoQartli.ge