კონტრაცეფციის და უსაფრთხო აბორტის ხელმისაწვდომობა საქართველოში
აბორტი ნაადრევად შეწყვეტილი ორსულობაა, რაც ქალისთვის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ სირთულეებთან არის დაკავშირებული.
ზოგჯერ ქალი იძულებულია, მიმართოს აბორტს. ასეთ გადაწყვეტილებას უმეტესად საფუძვლად სამედიცინო ჩვენება უდევს და ამას რამდენიმე მიზეზი შეიძლება ჰქონდეს. ყველაზე ხშირად – ნაყოფის თანდაყოლილი მძიმე პათოლოგია ან ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა. თუმცა, არის შემთხვევები, როდესაც ქალს უბრალოდ არ სურს შვილის გაჩენა და ამისთვის, არც ფიზიკური და არც ემოციური მზაობა აქვს.
სამწუხაროდ, კონტრაცეფცია და უსაფრთხო აბორტი, ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება საქართველოსთვის.
ექიმის ზედამხედველობის გარეშე ორსულობის შეწყვეტა კი დღემდე გავრცელებული პრაქტიკაა, რაც განსაკუთრებით სოფლად მცხოვრები ქალებისა და გოგოების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს.
“საქართველოში არადომინანტი ეთნიკური ჯგუფების წარმომადგენელი ქალებისა და გოგოების სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის და უფლებების კუთხით არსებული მდგომარეობის შეფასების“ სპეციალურ ანგარიშში საუბარია, რომ – კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებზე დაბალი წვდომის გამო, აბორტი, ხშირ შემთხვევაში, ქალებისთვის საკუთარი რეპროდუქციის კონტროლის ერთადერთი საშუალებაა.
„სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობის სერვისებს შორის, აბორტის სერვისი ერთ-ერთი ყველაზე რთულად მისაწვდომი სერვისია, რაც, პირველ რიგში, აბორტთან დაკავშირებული სტიგმით და ასევე, სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში აბორტის სერვისის დაუფინანსებლობით არის გამოწვეული. თავის მხრივ, აბორტთან დაკავშირებული სტიგმის განხილვისას, მნიშვნელოვანია, საზოგადოებაში, და სამედიცინო სერვისის გამცემებში არსებული სტიგმისა და მისით გამოწვეული სერვისის მიღების ბარიერების გათვალისწინება.
სტიგმის გამო, ქალები აბორტის შესახებ გადაწყვეტილებას ოჯახის წევრებთანაც მალავენ და ზოგადად, უჭირთ ამაზე საუბარი. დედათა ჯანმრთელობის სერვისებისგან განსხვავებით, რომლის მისაღებადაც მთელი ოჯახის ფინანსური თუ ადამიანური რესურსია მობილიზებული, აბორტის სერვისის მიღება ქალებს მარტო და ხშირად, მალულად უწევთ. შესაბამისად, სერვისის მიღების პროცესში ისინი კარგავენ, როგორც სოციალურ, ისე ფინანსურ მხარდამჭერს” – ვკითხულობთ კვლევაში.
გასულ წელს ქვეყანაში 16 600 აბორტი დარეგისტრირდა, რაც წინა წელთან შედარებით, კლების ტენდენციის გაგრძელებაა. თუმცა, რა განაპირობებს კლების ტენდენციას, ამასთან დაკავშირებით კონკრეტული მონაცემები არ გვაქვს. იმ ფონზე კი როდესაც ქვეყანაში აბორტი ნაწილობრივ აკრძალულია და მხოლოდ რიგ შემთხვევებს გულისხმობს, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პროცედურების თავიდან აცილების მიზნით, ქალები ხშირად მედიკამენტოზურ აბორტს მიმართავენ, როცა მედიკამენტის შეძენა მათ ექიმის დანიშნულების გარეშეც შეუძლიათ და ამისთვის, არ არის საჭირო სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტი.
აბორტთან დაკავშირებული პროცედურები კიდევ უფრო რთულდება 2024 წლის 1 იანვრიდან. კანონში ამ მიმართულებით რამდენიმე ცვლილებები შევიდა. საყურადღებოა ერთი ჩანაწერიც, რომელიც სავალდებულო ქმედებას მოითხოვს. კერძოდ, ის ქალები, რომლებიც გადაწყვეტენ აბორტის გაკეთებას, ვალდებულნი იქნებიან, 5 დღიანი მოცდის პერიოდის შემდეგ, კონსულტაცია არა მხოლოდ ექიმ-გინეკოლოგთან გაიარონ, არამედ ფსიქოლოგთან და სოციალურ მუშაკთან.
ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რა ხარჯებთან იქნება დაკავშირებული ეს პროცედურები და დაფარავს თუ არა სახელმწიფო აღნიშნულ ხარჯებს. განსაკუთრებით იმ ფონზე კი, როცა აბორტი და მასთან დაკავშირებული ფიფინასები ხშირ შემთხვევაში გარკვეულ ბარიერებს ისედაც ქმნიდა. არსებულ გამოწვევებზე საუბარია სახალხო დამცველის ანგარიშშიც, „სექსუალური და რეპროდუქციული ჯანმრთელობა და უფლებები: ეროვნული შეფასება“.
„ აბორტის ღირებულება ქალს რიგ შემთხვევებში უბიძგებს მიმართოს ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას, მაგალითად, ექიმთან კონსულტაციის გარეშე ორსულობის შეწყვეტისთვის მედიკამენტების მიღებას, რაც ხშირად იწვევს ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებას, ასევე სხვა სახიფათო ხერხებს, მაგალითად, დაცემას და სხეულის დაზიანებას ორსულობის შეწყვეტის მიზნით. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ხშირად ქალები თავიანთი ძალებით ცდილობენ ორსულობის შეწყვეტას და სამედიცინო დაწესებულებას იმ შემთხვევაში მიმართავენ, როდესაც ეს დამოუკიდებლად არ გამოსდით.
აბორტისთვის მოსაფიქრებელი 5-დღიანი პერიოდი, რომელმაც ადრე მოქმედი 3-დღიანი პერიოდი შეცვალა, პრაქტიკაში არ მუშაობს და ვერ აღწევს აბორტების შემცირების ან რაიმე სხვა ლეგიტიმურ მიზანს. პირიქით, იგი ქალებს აბორტზე წვდომის დამატებით, არასაჭირო ბარიერს უქმნის – აღინიშნა შემთხვევები, როდესაც 5-დღიანი პერიოდის გასვლის შემდეგ ქალი სამედიცინო დაწესებულებაში აღარ დაბრუნდა – აბორტი სხვა დაწესებულებაში გაიკეთა, ან ორსულობის შეწყვეტის თვითნებურ გზას მიმართა“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.
დავუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნულ საკანონმდებლო ცვლილებებს, რომელმაც ბუნებრივია ბევრი მიზეზის გამო საზოგადოებაში კიდევ დამატებითი კითხვები გააჩინა. უპირველესად კი საინტერესოა, რატომ გახდა ამ ცვლილებების განხორციელება აუცილებელი არსებულ პირობებში და რა მიზანს ემსახურებოდა. ორგანიზაცია „საფარის“ ხელმძღვანელი ბაია პატარაია ცვლილებებს დამატებით ბარიერად მიიჩვენს და „რადიო თავისუფლებასთან“ ინტერვიუში განმარტავს რომ გაურკვეველია მისთვის კანონმდებლების ეს გადაწყვეტილება.
„ თუ ეს ცვლილება არ არის ბარიერი, მაშინ ჩემთვის გაუგებარია, რას ემსახურება ეს ცვლილება? თუ ბარიერია, ეს ნიშნავს, რომ კიდევ ბევრ ქალს ჰკრავ ხელს არალეგალური, თვითნებური აბორტისკენ, რაც კატასტროფაა.
თუ ეს ცვლილება გაზრდის მომსახურების ფასს, ქალები ავტომატურად დაიწყებენ თვითნებური აბორტების გზების ძიებას, რაც ქალების ჯანმრთელობის საფრთხეებსაც გაზრდის.
თუ ამ ცვლილების მიზანი დემოგრაფიის გაზრდაა, მაინც არასწორი გზაა არჩეული, იმიტომ, რომ საქართველოში, დემოგრაფიული პრობლემის სათავე სიღარიბეა და მას უნდა ებრძოლო. დედა გააძლიერო. მისი პირობების გაუმჯობესებაზე იზრუნო” – ბაია პატარაია.
ცვლილებების პაკეტი, შესასწავლად, „გაეროს მოსახლეობის ფონდმა – UNFPA“ შესაბამის ექსპერტულ ჯგუფს უკვე გადაუგზავნა. ორგანიზაცია წლებია ქალთა რეპროდუქციული ჯანმრთელობის საკითხებზე მუშაობს. UNFPA-ს კომუნიკაციის ანალიტიკოსი სალომე ბენიძე გვიხსნის, რომ აბორტის შესახებ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გარკვეული პოზიციები აქვთ, თუმცა ამის თაობაზე კომენტარს, მხოლოდ სპეციალური დასკვნის შემდეგ გააკეთებენ, რომელსაც ორგანიზაციაში მომავალი წლის იანვრისთვის ელოდებიან.
საქართველოში კონტრაცეფციის თანამედროვე მეთოდებსა და ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის ინდექსი 52.9%-ია. ეს მაჩვენებელი ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია. ამის შესახებ ინფორმაციას „ევროპის საპარლამენტო ფორუმი სექსუალური და რეპროდუქციული უფლებებისთვის“ გავრცელებულ პუბლიკაციაში ვკითხულობთ.
„სახელმწიფო ჯანდაცვის ბიუჯეტში არ არის გათვალისწინებული კონტრაცეპტივების შესყიდვის ან განაწილების დებულება, მაშინ როცა ოჯახის დაგეგმვის კონსულტაცია ხშირად არ არის გათვალისწინებული პირველადი ჯანდაცვის დონეზე ოჯახის ექიმის მიერ. 2019 წელს საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებამ შეიმუშავა ახალი ვებგვერდი კონტრაცეფციისა და სექსუალობის შესახებ, რითაც გააუმჯობესა კონტრაცეფციის შესახებ ონლაინ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა.
რეკომენდაციები:
არსებული ონლაინ ინფორმაცია უნდა გაუმჯობესდეს, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული ვებ-საიტებით და ფართო საზოგადოებისთვის მიმართული საინფორმაციო კამპანიებით.
საკონსულტაციო სერვისები უნდა იყოს ინტეგრირებული სკოლებში და სისტემაში, რათა შეძლოს მოწყვლადი ჯგუფებისა და მოზარდების საჭიროებების სათანადოდ დაკმაყოფილება. ეს სერვისები უნდა ემსახურებოდეს კონტრაცეფციის თემის დესტიგმატიზაციას (ქართული კონტრაცეფციის გავრცელება 32-ია) და მოზარდებში სექსუალური განათლების ხელშეწყობას.
საქართველოს ჯანდაცვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა მოიცავდეს კონტრაცეპტივების განაწილებას და ანაზღაურების სპეციალურ სქემებს მოზარდებისა და მოწყვლადი ჯგუფებისთვის.“
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.