კოდა – დევნილი ქალები წყალს ითხოვენ

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ კოდაში, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად, დევნილად ქცეულთა კომპაქტური დასახლებაა. დევნილობას, რომელიც კონკრეტული ოჯახების ტრაგედიით და მასობრივი ტრავმით არის გამოხატული, ემატება ყოფითი პრობლემები რომელთან გამკლავებაც მათ ყოველდღე უწევთ.

„გოგოების ძალა/ძალაუფლება“, „ქალთა საერთაშორისო დღე -11 ოქტომბერი“ – ასეთი წარწერა დასახლების ერთ-ერთ შენობაზეა..

როგორ შეხვდებიან დასახლებაში მცხოვრები გოგონები/ქალები მათ დღეს?!

არიან თუ არა რეალიზებულნი?

რა გამოწვევები აქვთ?

დასახლებაში მცხოვრები ქალების ნაწილს ამ კითხვებით მივმართავთ. შვიდი რესპონდენტიდან, ყველა ერთიდაიგივე პრობლემაზე საუბრობს. წყალი –  ეს არის დღეს მათთვის მთავარი გამოწვევა, რომელიც უზრდით და ურთულებთ საშინაო შრომას. ამ პრობლემასთან ერთად არსებობს ადგილობრივი თუ ცენტრალური მთავრობის კრიტიკის შიში. შვიდი რესპონდენტიდან, მხოლოდ ერთი რესპონდენტი, მეორე შვილის მომლოდინე, მარიამი გვთანხმდება გაგვიმხილოს თავისი გვარი.

„ ყველაზე მთავარი მაინც სასმელი წყლის პრობლემაა. არ ვიცით რა ვქნათ, ვის მივმართოთ.. გვეუბნებიან რომ მატორია გაფუჭებული. ეს მატორი კი ძალიან ხშირად ფუჭდება. ისე კი ზოგადად წყალი გრაფიკით გვქონდა დილის 9:00, 12:00 და 17:00 – ერთი საათით მოდიოდა ხოლმე, ახლა კი 15 წუთით. წყალი არ არის დასალევად ვარგისი, ქვიშა და ნალექი მოაქვს. აქ ყველანი ვყიდულობთ დასალევ წყალს, 5 ლარად 10 ლიტრს.

ახლა კი ამ მატორის გაფუჭების გამო, ერთი კვირაა თითქმის უწყლოდ ვართ, არ ვიცით რა ვქნათ. სხვა რა გითხრათ, აქ ადგილზე ქალებისთვის თვითრეალიზაციის პირობები ნაკლებადაა. შენთვის სახლში თუ ისწავლი რამეს, შილაკის გაკეთებას, ან რაღაც ამდაგვარს“, – საუბრობს დასახლებაში მცხოვრები, მარიამ ცხადიაშვილი.

წყალთან დაკავშირებით, ჩივიან ჩვენი სხვა რესპონდენტებიც. ამბობენ, რომ პრობლემის მოსაგვარებლად პასუხისმგებელი პირებისთვის კონკრეტული ვადა აქვთ მიცემული, თუ არ „მოხედავენ“ ყველანი გამოვლენ და აქციას მოაწყობენ.

„გრაფიკით რაც მოდის, ისიც ისეთი დაბალი ნაპორით არის, ვერაფერს აავსებ. ხომ შეიძლება მოგვხედონ, როდემდე უნდა ვიწამოთ წყლის გამო. ისიც როგორი წყლის, სარეცხს რომ გარეცხავ, წყალი ზედ ლაქებად ეტყობა. რეალურად დასაბანადაც არ ვარგა, მაგრამ რა ვქნათ“,- საუბრობენ ადგილობრივები.

კოდის დევნილების დასახლებაში ამბობენ, რომ მუნიციპალური ავტობუსიც არ ემსახურებათ. მიუხედავად ამ პრობლემისა, მოსახლეობის ნაწილთან ყოველი საუბარი წყლის პრობლემით იწყება და მთავრდება.

„500-მდე ოჯახი ვცხოვრობთ აქ. ეს ორი და სამი კაცის პრობლემა არ არის, უბრალოდ ეშინია ხალხს როგორც საჭიროა ისე ხმის ამოღების და ამიტომ არ გვარდება არაფერი“, –  ამბობს მოქალაქე, რომელიც თავადაც არ გვთანხმდება კომენტარი საკუთარი სახელით და გვარით გააკეთოს.

თემაზე კომენტარს კოდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომდგენელი ამირან დავითაშვილი აკეთებს.

„ გუშინ, საღამოს რვა საათამდე ვეწვალებოდეთ და ჩავდგით ახალი ჭაბურღილი. წინა დამწვარი არ იყო, ცოტა წყალს ქაჩავდა და რაღაც პრობლემა ჰქონდა.

ახლა კი ისევ გვაქვს პრობლემა, რადგან კორპუსების მხოლოდ ნაწილს მიეწოდება წყალი. რაღაც დარღვევა ხდება ისევ.. მე-6 და მე-7 კორპუსს აქვს ისევ პრობლემა, არადა ავზებში წყლის დებიტი საკმარისია. ეხლა ისევ უნდა ჩავიდეთ და შევამოწმოთ. ვფიქრობთ უკანონო დაერთებებია გაკეთებული. თუ ვნახეთ, რომ სადმე არის უკანონო დაერთება უნდა ჩავჭრათ, რომ წყალი ყველა კორპუსს მიეწოდოს.

დასახლებას სულ ოთხი ჭაბურღილი ემსახურება და ხან ერთი გამოდის მწყობრიდან და ხან მეორე. ძირითადი პრობლემა მაინც ის არის, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს უკანონო დაერთებები აქვს და ჩუმად რწყავს თავის პატარა ბაღებს. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია მუშაობს ამ საკითხზე, თუ სწორად მახსოვს, გასულ წელს დაიწყებს ამგვარი დაერთებების ჩაჭრები და ამან კონფლიქტი გამოიწვია“, – საუბრობს კოდის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელი ამირან დავითაშვილი.

ამბობს რომ წყლის ხარისხს თავად კომპანია ამოწმებს. ვითარების უკეთესობისკენ შეცვლის იმედი კი მომავალი წლისთვის აქვს. დავითაშვილი გვიხსნის, რომ იანვრის თვიდან კოდის თემის წყალმომარაგების საკითხზე მუშაობას ახალი კომპანია იწყებს, რომელიც გამრიცხველიანებას უზრუნველყოფს და ოპერირებას მძლავრი ჭაბურღილებით გეგმავს.

 

მასალა მომზადდა პროექტის “სამუშაოს თანასწორობა: თანასწორი, ინკლუზიური და უსაფრთხო სამუშაო გარემო საქართველოში” ფარგლებში, რომელიც პარტნიორებთან “ქალთა ფონდი საქართველოში”, ორგანიზაცია “უფლებებისა და განათლებისთვის” და “ქვემო ქართლის მედიასთან” თანამშრომლობით, ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება. მასალის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია “ქვემო ქართლის მედია”.

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითები