ისტორია ერთ ცენტრზე, რომელიც ასობით ბოლნისელის ცხოვრებას ცვლის

საქართველოს, გერმანიის და ევროკავშირის დროშები, მათ უკან კი სრულად ევროპული სტანდარტით რეაბილიტირებული შენობა. ეს ყველაფერი ხდება ქალაქ ბოლნისში და შენობაში, რომელზეც ვსაუბრობთ   „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“ მუშაობს.

2021 წელს, ცენტრმა მუშაობა დაიწყო. მათ ბოლნისის მერიისგან იჯარით მიიღეს ყოფილი არქივის შენობა, რომელიც წლების მანძილზე მიტოვებული იყო.

გარემონტდა შენობის ყველა სართული, მოხდა სატრენინგო სივრცეების გამიჯვნა, ფასადის რეაბილიტაცია, კომუნიკაციების შეყვანა და ბოლნისმაც შეიძინა, ფუნქციურად სრულად დატვირთული ცენტრი.

ირმა ზურაბაშვილი „ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი“-ს დირექტორი

ირმა ზურაბაშვილი ამ ცენტრის დირექტორია. ვინც სულ ცოტათი მაინც იცნობს ბოლნისის სამოქალაქო სექტორს, იცნობს ირმასაც. წლებია ამ სფეროში და ამ საზოგადოებაში ტრიალებს. ადგილობრივ და არა მხოლოდ ადგილობრივ სამოქალაქო სექტორს, არაერთი ახალი კადრი გაუზარდა და შესძინა.

გვიხსნის, რომ ცენტრი DVV international-ის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

„ ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრის (BAEC)  მიზანია მუდმივად იზრუნოს ახალგაზრდებისა და ზრდასრული ადამიანების უნარ-ჩვევების განვითარებაზე, ამისათვის ის მსმენელებს სთავაზობს ზრდასრულთა განათლების პაკეტს, რომელიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: პიროვნული განვითარება, სახელობო განათლება, ფინანსური წიგნიერება, სამოქალაქო განვითარება, განათლება კულტურის სფეროში და  ახალგაზრდული საქმიანობა“ – ირმა ზურაბაშვილი, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრი.

დაარსების წელს, ცენტრის კურსებით და სატრენინგო/საკონფერენციო სივრცით 1 567-მა ადამიანმა ისარგებლა, ხოლო 2022 წელს 2 086-მა.

ორგანიზაცია ჩართულია შემდეგ პროექტებში:

უნარების გაძლიერება და დასაქმების ინოვაციური შესაძლებლობები საქართველოს რეგიონული განვითარებისთვის.ინიციატივის თემატიკაა სწავლება და დასაქმება. დონორი კი გახლავთ: CSRDG და EU.

ამ პროექტის ფარგლებში, ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრში, შეიქმნა “სწავლებისა და დასაქმების ცენტრი”, რომლის დახმარებით 120-ზე მეტი ადამიანი გადაამზადეს. აქედან,  48 უკვე დასაქმებულია.

ცენტრი ასევე მონაწილეობს პროექტში “ახალგაზრდული მეწარმეობა სოფლის განვითარებისთვის” (RDYE), ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის (ADC) დაფინანსებით. ინიციატივას ახორციელებს მერსი ქორფსი ბოლნისის ზრდასრულთა განათლების ცენტრთან პარტნიორობით. პროექტის ფარგლებში გადამზადდება 100 ახალგაზრდა, თემატიკა: მეწარმეობის საბაზისო კურსი.

ორგანიზაცია ასევე მონაწილეობს სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერების სხვადასხვა პროგრამებში: CENN-ორგანიზაციების შესაძლებლობების   გაძლიერების ოთხწლიანი პროგრამა; GIZ- სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში.”

ზურაბაშვილი ამბობს, რომ თითოეული კურსის დასრულების შემდეგ, ორგანიზაცია ატარებს კმაყოფილების კვლევას და ბენეფიციარებისგან იღებს უკუკავშირს. ეს ასევე არის შესაძლებლობა, გაიგონ რომელი ახალი პროგრამის მიმართ, აქვთ ბენეფიციარებს ინტერესი. ასეთი ბოლო კითხვარით, მათ შეიტყვეს რომ ბენეფიციარებს გელლაქის (შილაკი)ხელობის შესწავლა სურთ.

ადგილობრივ საწარმოებზე და მოთხოვნებზე სრულად მორგებულია ორგანიზაციის კურსი, რომელიც ელექტრობას და შემდუღებლის ხელობას ასწავლის ადგილობრივებს.

კურსები სრულად უფასოა სოციალურად დაუცველი მოქალაქეებისთვის, შშმ პირებისთვის და დევნილებისთვის. ამასთან ერთად, ყველა სერვისი უფასოა სკოლის მოსწავლეებისთვის, მათი სოციალური სტატუსის მიუხედავად.

მოქალაქეები, რომელიც ამ სტატუსში არ ხვდებიან, თითოეულ კურსზე სწავლისთვის 30 ლარს იხდიან. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ეს თანხა ნამდვილად სიმბოლურია, რადგან ცენტრში მოსულ მოსწავლეს კვალიფიციურ მასწავლებელთან ერთად, ყველა ის მასალა ხვდება რომელიც პრაქტიკული სწავლებისთვის აუცილებელია.

დღეს ცენტრი დონორის DVV international-ის დახმარებით და მიმდინარე პროექტების წყალობით, ახერხებს როგორც არსებული კურსების, ასევე ახალი ინიციატივების განხორციელებას. ორგანიზაციაში საუბრობენ, რომ ბოლნისისთვის მათ მეტის გაკეთებაც შეუძლიათ, ამისთვის კი დამატებითი მხარდაჭერა სჭირდებათ. გვიხსნიან, რომ აქტიურად თანამშრომლობენ ბოლნისის მერიასთან და ამ თანამშრომლობის წყალობით და ასევე  აიპ “საერთაშორისო ინოვაციური ტექნოლოგიებთან“ დახმარებით   მათ, გასულ წელს  მზის პანელები დაამონტაჟეს  და თავიანთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ. ერთი წელია ელექტროენერგიის გადასახადს არ იხდიან. პროექტი დაფინანსებული იყო გერმანიის საელჩოს მიერ.

მიუხედავად, იმ ბევრი კარგი საქმისა, რომელსაც ცენტრი მუნიციპალიტეტისთვის აკეთებს, ჩვენთვის უცნაური გასაგები აღმოჩნდა ის, რომ მათ საკუთარი ძალებით ამ სრულად აღდგენილი შენობით სარგებლობისთვის, თვითმმართველობისთვის წელიწადში  4900 ლარის გადახდა უწევთ.  მართალია, ორგანიზაციაში ამაზე საყვედურის ტონით არ საუბრობენ, მაგრამ ჩვენ მარტივი მათემატიკით წარმოვიდგინეთ, რამდენი ახალი კურსის შექმნა შეეძლო ცენტრს ამ თანხით.

იმისთვის, რომ უფრო კონკრეტული წარმოდგენა შეგექმნათ ცენტრის კურსებზე. მათ ჩამონათვალს გთავაზობთ:

ტიხრული მინანქრის შემსწავლელი კურსი;

გელ-ლაქის შემსწავლელი კურსი;

ხატვის შემსწავლელი კურსი;

ხის დამუშავების კურსი;

კონდიტერიის შემსწავლელი კურსი;

გერმანული ენის  შემსწავლელი კურსი;

ინგლისური ენის  შემსწავლელი კურსი;

ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსი;

ელექტრო გაყვანილობის შემსწავლელი კურსი;

კომპიუტერის შემსწავლელი კურსი;

ბუღალტერიის  შემსწავლელი კურსი;

სუვენირების ქსოვის  შემსწავლელი კურსი:

შედუღების შემსწავლელი კურსი;

 

სტატია მომზადდა „ქალთა ფონდი საქართველოში“ მხარდაჭერით.

ავტორი: მანონ ბოკუჩავა

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით.