ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართავენ

საქართველოს და აზერბაიჯანის ათასზე მეტმა მოქალაქემ, ილჰამ ალიევს სახმელეთო საზღვრის გახსნის თხოვნით მიმართა.

საქართველოს აზერბაიჯანლებმა და აზერბაიჯანის ეთნიკურად ქართველმა მოქალაქეებმა, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს, საზღვრების გახსნის ან სახმელეთო საზღვარზე ალტერნატიული შესვლისა და გასვლის უზრუნველყოფის თხოვნით მიმართა.

პეტიცია სამირა ბაირამოვას ინციატივით მომზადდა. ბაირამოვამ მიმართვაში აღნიშნა, რომ პანდემიის გამო სამი წლის განმავლობაში სახმელეთო საზღვრების ჩაკეტვის გამო, ხალხი მატერიალურად და მორალურად იტანჯება. 

„გარდა იმისა, რომ მეგობარი და სტრატეგიული სახელმწიფოა, არის ადამიანური ფაქტორიც, რომელიც ზნეობრივად აერთიანებს ორივე ქვეყანას. საქართველოში ცხოვრობენ აზერბაიჯანელები და აზერბაიჯანში ქართველები. გთხოვთ, გახსენით მათთვის სახმელეთო საზღვრები და შეუქმენით შესვლის და გასვლის ალტერნატივა, რადგან ისინი განსხვავდებიან სხვა ქვეყნების მოქალაქეებისგან. ოჯახური ურთიერთობები და კავშირები აერთიანებს საქართველოსა და აზერბაიჯანში მცხოვრებ ხალხებს“- სამირა ბაირამოვა.

პეტიციას ათასზე მეტმა ადამიანმა მოაწერა ხელი. მოქალაქეებმა შესაბამის ორგანოებს სთხოვეს შექმნან ალტერნატიული დაშვებისა და გასვლის შესაძლებლობები, შექმნან სახმელეთო საზღვრის გადაკვეთის შესაძლებლობა.