თვითმმართველობის ინდექსი – მუნიციპალიტეტების აღმასრულებელი ორგანოების საქმიანობის ხარისხი

ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტების შეფასება ხორციელდება ორწელიწადში ერთხელ. პირველი და მეორე ეროვნული შეფასება 2017 და 2019 წლებში განხორციელდა, ხოლო მესამე შეფასება – 2021 წელს. აღნიშნული შეფასების მიგნებების თანახმად:

მუნიციპალიტეტების მერიებიდან მხოლოდ 15-მა გამოაქვეყნა (თუმცა, უმეტეს შემთხვევაში არასრულყოფილად) ინფორმაცია მუნიციპალიტეტის ცალკეული ტიპის ადმინისტრაციული ხარჯების შესახებ. აქედან, შრომის ანაზღაურების ხარჯები გამოაქვეყნა 12-მა მერიამ, მივლინებისა და ავტოსატრანსპორტო საშუალებების ტექნიკურ მომსახურებაზე გაწეული ხარჯები – 11-მა, საწვავის ხარჯები წარმოდგენილი იყო 10 მერიის შემთხვევაში. წარმომადგენლობითი ხარჯები 9 მერიამ, სატელეკომუნიკაციო ხარჯები კი მხოლოდ 7-მა მათგანმა გახადა პროაქტიულად ხელმისაწვდომი. ოდნავ გაუმჯობესდა მუნიციპალიტეტების მერიების მიერ იურიდიული პირების შესახებ ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნების მაჩვენებელი – 2017 წლის შეფასებით, ამ კატეგორიაში მუნიციპალიტეტების საშუალო შეფასება 8% იყო, 2019 წლის შედეგებით, აღნიშნული მაჩვენებელი 11%-მდე გაიზარდა, 2021 წლის შეფასებით კი 12% შეადგინა. თუმცა, კვლავაც პრობლემურია იურიდიული პირების წლიური ანგარიშების, განხორციელებული შესყიდვების, აუდიტების და დასაქმებულ პირთა შესახებ ინფორმაციის პროაქტიული ხელმისაწვდომობა.

მუნიციპალიტეტების მერიების 72%-მა საკუთარ ვებგვერდზე არ გამოაქვეყნა ინფორმაცია მიმდინარე ტენდერების შესახებ. ამ კრიტერიუმში მუნიციპალიტეტების მაჩვენებელი ყოველწლიურად იკლებს: 2017 წლის შეფასებით მერია/გამგეობების 40% არ აქვეყნებდა მიმდინარე ტენდერების შესახებ ინფორმაციას, 2019 წლის შედეგებით, მათი წილი 66%-მდე გაიზარდა. მუნიციპალიტეტის მერიების მესამედი არ აქვეყნებს მერის წლიურ ანგარიშებსა და მუნიციპალიტეტის სტრატეგიულ დოკუმენტებს. აღნიშნულ კრიტერიუმებში პროგრესი ფიქსირდება, რადგან წინა წლებში მუნიციპალიტეტის მერიების ნახევარზე მეტი არ აქვეყნებდა მსგავს დოკუმენტებს. შედარებით გაუმჯობესდა მერიების ვებგვერდზე სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს ჩატარებული სხდომების ოქმების ხელმისაწვდომობა (22%-დან 32%-მდე), თუმცა შემცირდა დასახლების საერთო კრებების (30%-დან 24%-მდე) ოქმების პროაქტიული გამოქვეყნების საშუალო მაჩვენებელი. ასევე, მუნიციპალიტეტებიდან მხოლოდ 20 მუნიციპალიტეტში ტარდებოდა მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები. იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც შექმნილია და იმართება მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომები, გაზრდილია საბჭოს მიერ მერისთვის ინიციატივების წარდგენის მაჩვენებელი, 2017 წლის შეფასებასთან შედარებით – 6%-ით, ხოლო 2019 წლის შეფასებასთან შედარებით – 4%-ით. რაც შეეხება მერის მიერ საბჭოსთვის წარდგენილი საკითხების მაჩვენებელს, 2017 წლის შეფასებასთან შედარებით, 3%-ით არის გაზრდილი, ხოლო 2019 წლის შეფასებასთან შედარებით, 6%-იანი კლება ფიქსირდება. ეს მონაცემი ეყრდნობა მხოლოდ იმ მუნიციპალიტეტების მონაცემს, სადაც ჩატარდა საბჭოს სხდომები.

კრიტიკულად შემცირებულია მერის მიერ ანგარიშის საჯარო მოსმენის გამართვის პრაქტიკა. ასეთი მოსმენები მუნიციპალიტეტების მხოლოდ 9%-ში გაიმართა. 2017 წელთან შედარებით, შემცირებულია 14%-ით, ხოლო 2019 წელთან შედარებით, შემცირდა 8%-ით. კანონმდებლობის მიღმა დადგენილი მოქალაქეთა მონაწილეობის დამატებითი ფორმების გამოყენების მიმართულებით ლიდერობს სამოქალაქო ბიუჯეტის ფორმა. მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ განახლებული ინფორმაციის გამოქვეყნების მაჩვენებელი 2017 წლის შეფასებასთან შედარებით გაზრდილია 19%-ით, მაგრამ 2019 წლის შეფასებასთან შედარებით 3%-იანი კლებაა.

მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.

პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).

QvemoQartli.ge

მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით