თვითმმართველობის ინდექსი – ადგილობრივი ხელისუფლების გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების შეფასების ინსტრუმენტი
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი, რომელიც მუნიციპალიტეტების გამჭირვალობასა და ანგარიშვალდებულებას სწავლობს, 2016 წელს შეიქმნა. ინდექსის შექმნის შემდეგ უკვე სამი ეროვნული შეფასება გამოქვეყნდა, სადაც ძირითად მიგნებებსა და რეკომენდაციებზეა საუბარი. ბოლო ასეთი ანგარიში 2021 წლით თარიღდება.
ინდექსი, როგორც მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ, ისე წარმომადგენლობით ორგანოს აფასებს. შეფასება სამ თემატურ ბლოკს მოიცავს, რაც საერთო ჯამში 101 კრიტერიუმს აერთიანებს. ესენია:
საჯარო ინფორმაციის პროაქტიული გამოქვეყნება;
ელექტრონული მმართველობა;
მოქალაქეთა მონაწილეობა და ანგარიშვალდებულება;
შეფასების მეთოდოლოგიის მიხედვით, მუნიციპალიტეტები პირველი და მეორე ბლოკის მიხედვით, ძირითადად, მათი ოფიციალური ვებგვერდების მონიტორინგის საფუძველზე ფასდებიან. ხოლო მესამე ბლოკის შეფასება, მუნიციპალიტეტებიდან გამოთხოვილი საჯარო ინფორმაციის ანალიზის გზით და მოქალაქეთა მონაწილეობის პრაქტიკის ადგილზე დაკვირვებით ხდება.
შეფასება, ონლაინ პლატფორმის – WWW.LSGINDEX.ORG – გამოყენებით ხორციელდება. (ინდექსის მეთოდოლოგიის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.)
ინდექსის არსებობის მანძილზე, არა ერთი პრობლემური საკითხი გამოიკვეთა. თუმცა, როგორც ბოლო შეფასების ანგარიშში ვკითხულობთ, ინდექსის პროცენტული მაჩვენებელი იზრდება.
მიუხედავად ამისა, არსებობენ მუნიციპალიტეტები, რომლებიც მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე რჩებიან.
„ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი IDFI“- ის ადგილობრივი მმართველობის/ინტერნეტი და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი თეონა ტურაშვილი აღნიშნავს, რომ ინდექსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტია და მისი შექმნიდან დღემდე მას მაღალი ლეგიტიმაცია გააჩნია.
„ინდექსმა საკმაოდ კარგი ლეგიტიმაცია მოიპოვა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე ცენტრალურ ხელისუფლებაში. როგორც ჩვენთვის არის ცნობილი, ხელისუფლება ინდექსის მაჩვენებს იყენებს ხშირად მუნიციპალიტეტების საქმიანობის შეფასების დროს. ასევე, საერთაშორისო დონორებიც, რომლებიც იღებენ გადაწყვეტილებებს რომელ მუნიციპალიტეტებს დაეხმარონ, უმეტესად ხდება ხოლმე ჩვენი ინდექსის გამოყენება.
ინდექსის მთავარი მიზანი არის, ერთის მხრივ, შევაფასოთ მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობა და მეორეს მხრივ, წავახალისოთ მოქალაქეთა ჩართულობის მექანიზმის დანერგვა, რომელიც კანონმდებლობით არის გათვალისწინებული. ასევე ხელი შეუწყოს კარგი პრაქტიკების დანერგვას, საერთაშორისო გამოცდილებიდან გამომდინარე. აღსანიშნავია რომ მუნიციპალიტეტების ჩართულობა პროცესში მაღალია“, – თეონა ტურაშვილი.
ტურაშვილი, ასევე გვესაუბრება ქვემო ქართლის რეგიონზე, სადაც ინდექსის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თვითმმართველ ქალაქ რუსთავს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი ბოლნისის მუნიციპალიტეტს აქვს.
„ ქვემო ქართლს შედეგების მიხედვით, საერთოდ ქვეყნის მასშტაბით აქვს მესამე ადგილი. რაც შეეხება ცალკეულ მუნიციპალიტეტებს, გამორჩეული არის რუსთავი, რომელიც ყოველწლიურად პირველ ხუთეულშია. ბოლო წლის შეფასებით რუსთავს ჰქონდა 66%. დანარჩენი მუნიციპალიტეტები არ არიან ასეთი შედეგებით. რუსთავის შემდეგ გარდაბანია, რომელსაც 39% აქვს. სწორედ რუსთავს და გარდაბანს აქვს საშუალოზე მაღალი ქულა, რაც საქართველოს მასშტაბით 28%-ით არის განსაზღვრული. ყველაზე დაბალი ქულები აქვთ ბოლნისს 13%, მარნეულს 22%, წალკას და თეთრიწყაროს 26% – ეს მუნიციპალიტეტები შედარებით ჩამორჩებიან.
რაც შეეხება გაუმჯობესებას წლიდან წლამდე, წელს ყველაზე კარგი გაუმჯობესება ჰქონდა გარდაბანს 11%-ი რაც ვებგვერდიდან გამომდინარეა, უფრო მეტი ინფორმაციის განთავსება ხდება. რუსთავს 9%-ი ჰქონდა გაუმჯობესება. წალკა და მარნეული იყო უცვლელი. დმანისში და ბოლნისში -3% და -5% დაფიქსირდა. თეთრიწყაროში კი ყველაზე ცუდი შედეგი იყო,
-26%-ი.
აღსანიშნავია, რომ ყველა მუნიციპალიტეტში გამოწვევა იყო პანდემიის პერიოდი. აღმოჩნდა, რომ მუნიციპალიტეტებმა ნაკლებად დანერგეს მონაწილეობის ონლაინ ფორმები, რამაც ცუდად იმოქმედა შედეგებზე, არ იმართებოდა თუნდაც ანგარიშების მოსმენა, ასევე მოქალაქეებს საკრებულოებზე არ ჰქონდათ ჩართულობის შესაძლებლობა“, – თეონა ტურაშვილი, IDFI.
რაც შეეხება ძირითად გამოწვევებს ტურაშვილი აღნიშნავს, რომ ეს ეხება ინდექსით გათვალისწინებულ თითოეულ თემატურ ბლოკს, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად, შემდეგი საკითხები რჩება:
„ თუ ინფორმაციის გამოქვეყნების კუთხით ვმსჯელობთ, გამოწვევაა ხოლმე ადმინისტრაციული ხარჯების გამოქვეყნება. ასევე, მერიის იურიდიული პირების შეახებ ინფორმაციის გამოქვეყნება. შესყიდვებიც, როგორც წესი ნაკლებად ქვეყნდება ხოლმე ვებგვერდზე. რაც შეეხება მონაწილეობის ონლაინ ფორმებს, აქაც შედარებით ნაკლებად ავითარებენ მუნიციპალიტეტები ონლაინ ფორმებს, იმისთვის რომ მოქალაქეები ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში. ეს იყო ძირითადი გამოწვევები.“
თვითმმართველობის ინდექსის მნიშვნელობაზე QvemoQartli.ge-ს „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრიც“ აწვდის ინფორმაციას.
„კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC“- ის კვლევითი პროექტების გუნდის წევრი, ირაკლი კახიძე აღნიშნავს, რომ ინდექსი საკმაოდ დიდი მნიშვნელობისაა და მისი შედეგების გაუმჯობესებაზე მუშაობა, თითოეული მუნიციპალიტეტის თანამშრომლების ერთიანი საზრუნავი უნდა იყოს.
„ იმისათვის რომ ჩვენ დავეხმაროთ მუნიციპალიტეტებს, უკეთესად შეხვდნენ მომზადებული იმ კრიტერიუმებს, რა კრიტერიუმებიც ობიექტურია და ძალიან მარტივია მისი შესაბამისობაში მოყვანა, საჭიროა პირველ რიგში მათ გადახედონ ელექტრონულ თვითმმართვად კურსს, რომელიც საიტზე Tvitmartveloba.ge არის განთავსებული.
შეუძლიათ მოუსმინონ და უკეთესი აღქმა ჰქონდეთ, თუ რას ითხოვს ზოგადად ინდექსი, როგორ და რატომ უნდა გაითვალისწინონ კონკრეტული კრიტერიუმების შესაბამისობაში მოსვლა. ამ კურსის გავლის შემდეგ, ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტების შეფასებაში უკეთესი შედეგები გვექნება.
მეორე საკითხი არის, რომ ზოგადად გამჭვირვალობისთვის და ანგარიშვალდებულებისთვის მუნიციპალიტეტი მზად უნდა იყოს, არა მხოლოდ შეფასების წელს, არამედ ზოგადად. როგორც წესი შეფასების მომენტში დაიწყებენ ხოლმე რაღაცეების მომზადებას, როცა გაიგებენ რომ ეს შეფასება მიმდინარეობს, ამის გაკეთება კი უნდა დაიწყონ გაცილებით უფრო ადრე.
გარდა ამისა, კრიტერიუმების გაუმჯობესება ზოგადად, კარგი შედეგის გამო კი არ უნდა მოხდეს – ის ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის გაზრდას უნდა ემსახურებოდეს მუნიციპალიტეტებში. ინდექსი ეს არის, ერთგვარი ინსტრუმენტი რაც უნდა გააუმჯობესოს, მუნიციპალიტეტმა იმისთვის რომ ეფექტური ადგილობრივი ხელისუფლება ჩამოყალიბდეს. ამიტომ ამაზე ზრუნვა მუნიციპალიტეტმა უნდა დაიწყოს ყოველი შეფასების დასრულებისთანავე. ჩაიხედოს რა პრობლემა ჰქონდა. მათ გარკვეულ რუკასავით ეძლევათ ეს დოკუმენტი – აქ, ჩანს სად აქვთ ხარვეზი. მომავალ წელს დაახლოებით, ამ დროს იქნება უკვე შეფასების პროცესი და იმისთვის, რომ უკვე მზად იყოს მუნიციპალიტეტი, ახლავე უნდა დაიწყოს მუშაობა“, – საუბრობს, ირაკლი კახიძე
ის ასევე აღნიშნავს, რომ ინდექსის კარგი მაჩვენებლის დაფიქსირება, უმეტესად მუნიციპალიტეტებში დასაქმებულთა ეფექტური მუშაობითაცაა შესაძლებელი და ეს დიდ ფინანსურ დანახარჯს არ მოითხოვს.
„ ინდექსი მორგებულია საქართველოს რეალობაზე, ანუ იქ, არის რა თქმა უნდა გარკვეული მარჟა იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტმა რაღაც ზღვარს მიაღწიონ, მაგრამ ეს არ არის ძალიან დიდი, რომელიც შეიძლება იყოს სხვა უფრო მაღალი ხარისხის დემოკრატიის მქონე ქვეყნებში. ინდექსში განსახორციელებელი ინდიკატორების დაკმაყოფილება ფაქტობრივად ყველას შეუძლია. მითუმეტეს ეს არ არის დიდ ფინანსურ დანახარჯებთან დაკავშირებული, ანუ ანგარიშვალდებულების და გამჭვირვლობის უზრუნველსაყოფად კი გარკვეულწილად საჭიროა გარკვეული ხარჯები, იგივე ვებგვერდის გამართულ მდგომარეობაში ყოფნა, მაგრამ ძირითადი ინდიკატორები არის თანამშრომლების აქტიურობაზე დამოკიდებული“, – „კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი CTC“- ის კვლევითი პროექტების გუნდის წევრი, ირაკლი კახიძე.
ავტორი: ნინო ბერიძე
მასალა შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია ქვემო ქართლის მედია და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.
პროექტს ახორციელებს კონსორციუმი კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) ხელმძღვანელობით შემდეგ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად – საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი (CSRDG), სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტი (CSI), კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრი (CTC), განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC) და ევროპული პოლიტიკის ინსტიტუტი (IEP).
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით