თვითმმართველობის არჩევნები და თვითმმართველობის გამოწვევები
მოახლოებული თვითმმართველობის არჩევნები, გვაძლევს შესაძლებლობას კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, საქართველოში თვითმმართველობის სისტემის გამოწვევებზე. QvemoQartli.ge ეცადა ამ დროისთვის არსებული უახლესი კვლევების მოძიებას და მათი მიგნებების, კიდევ ერთხელ გაანალიზებას. ამჯერად ყურადღებას ისეთ მნიშვნელოვან კვლევაზე გავამახვილებთ, რომელიც თვითმმართველობის ინდექსს ადგენს.
ადგილობრივი თვითმმართველობის ინდექსი შემუშავდა პროექტის „ღია და ანგარიშვალდებული თვითმმართველობებისათვის -მუნიციპალიტეტებში გამჭვირვალობისა და მოქალაქეთა ჩართულობის ეროვნული შეფასება“ ფარგლებში.
პროექტი განხორციელდა კონსულტაციის და ტრენინგის ცენტრის (CTC), ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტისა (IDFI) და მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის (MSDC) მიერ, ფონდი ღია საზოგადოება საქართველოს(OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.
პროექტის მიზანს წარმოადგენდა ეროვნული შეფასების მექანიზმის დანერგვის ხელშეწყობა და თვითმმართველი ორგანოების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრაქტიკის გაუმჯობესება.
პროექტის მუშაობის შედეგად მომზადებულია თვითმმართველობის ინდექსის 2017-2019 წლის ანგარიშები. მუშაობა მიმდინარეობს ინდექსის 2020 წლის ანგარიშზე.
სანამ უახლესი ანგარიში მომზადდება, გავიხსენოთ თუ როგორი შედეგები გვქონდა 2019 წელს.
მუნიციპალიტეტების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების 2019 წლის შეფასების ძირითადი მიგნებების თანახმად, შეფასების 100%-იან სკალაზე მუნიციპალიტეტების საშუალო შედეგი 28%-ია, რაც 7%-ით აღემატება 2017 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (21%).
აღნიშნული შედეგის გაუმჯობესება მერიების და საკრებულოების მაჩვენებლების პროპორციულმა ზრდამ განაპირობა. 2019 წელს, 2017 წელთან შედარებით, მერიების საშუალო შედეგი 19%-დან 25%-მდე გაიზარდა, ხოლო საკრებულოების 24%-დან 31%-მდე. ეს ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტების აღმასრულებელმა და წარმომადგენლობითმა ორგანოებმა 2017 წლის შემდეგ, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების მიმართულებით, გარკვეული პროგრესი განიცადეს. თუმცა, მაღალ სტანდარტებთან მიახლოვება, მათი მხრიდან, რადიკალური ნაბიჯების გადადგმას მოითხოვს.
ექსპერტთა მოსაზრებით, პროგრესი, რაც მუნიციპალიტეტებმა განიცადეს შეფასებებს შორის პერიოდში, სხვადასხვა ფაქტორების ერთობლიობით შეიძლება აიხსნას. პირველ რიგში, ბოლო ადგილობრივი არჩევნების შედეგად არჩეულ თანამდებობის პირებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ 2017 წლის ინდექსის შედეგებს, მეთოდოლოგიას, შეფასებით გამოვლენილ როგორც კარგ პრაქტიკებს, ასევე, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების კუთხით მათ წინაშე არსებულ გამოწვევებს და გაეთვალისწინებინათ პირველი შედეგებით გამოვლენილი ხარვეზები.
ასევე, აღინიშნა საერთაშორისო დონორების დახმარების პროგრამების და საზოგადოებრივი ორგანიზაციების ცალკეული ინიციატივების/პროექტების დადებითი გავლენა კონკრეტულ მუნიციპალიტეტებზე, მათ შორის, ღია მმართველობის პარტნიორობის (OGP) ინიციატივაში ჩართულ მუნიციპალიტეტებზე, რაც დადებითად აისახა ინდექსის საერთო შედეგებზეც.
ცალკე გამოიყო ინდექსის ფაქტორი, როგორც მოტივატორი მუნიციპალიტეტებისთვის, გააუმჯობესონ საკუთარი მდგომარეობა ერთიანი ეროვნული შეფასების შედეგებში და მაღალი პოზიცია დაიკავონ მუნიციპალიტეტების ერთიან რეიტინგში. ამავდროულად, ინდექსის არსებობამ, ხელი შეუწყო, სხვადასხვა მუნიციპალიტეტში, გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უფრო მაღალი სტანდარტების დამკვიდრებას, ვიდრე ამას საქართველოს კანონმდებლობა მოითხოვს.
მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების ნაწილში ასეთი მდგომარეობა იყო:
2019 წლის შეფასებით, თვითმმართველობაში მოქალაქეთა მონაწილეობის და ანგარიშვალდებულების საერთო მაჩვენებელი 2017 წლის შეფასების შედეგებთან შედარებით 6%-ით გაიზარდა, ძირითადად ისეთი კრიტერიუმების ხარჯზე, როგორიცაა საკრებულოს სხდომებში მოქალაქეთა მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება; მრჩეველთა საბჭოს ფუნქციონირება (მეტწილად დიდი ქალაქების ხარჯზე, თუმცა არიან წარმატებული სათემო მუნიციპალიტეტებიც); საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; მუნიციპალიტეტის პროექტების შესახებ მოსახლეობის ინფორმირება. განსაკუთრებით აღსანიშნავია, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ზრდა, რომელიც 49%-დან (2017 წ.) 64%-მდე (2019 წ.) გაიზარდა.
საბიუჯეტო დაგეგმვის პროცესში მუნიციპალიტეტების აბსოლუტური უმრავლესობა კვლავაც არ ითვალისწინებს მოქალაქეთა მონაწილეობის მხარდამჭერ პროგრამებს. აღსანიშნავია ბათუმის მუნიციპალიტეტი, რომელიც ერთადერთია, სადაც ასეთი საბიუჯეტო პროგრამა გაჩნდა.
მიუხედავად იმისა, რომ მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შექმნა კანონის ვალდებულებაა, 11 მუნიციპალიტეტში ისინი დღემდე არ შექმნილა. ხოლო, სადაც შექმნილია, დიდ ნაწილში კვლავ არასრულფასოვნად ფუნქციონირებს. არ ხდება საბჭოსთვის მერის მიერ კანონით გათვალისწინებული პროექტების რეგულარული წარდგენა, არ არის წახალისებული საბჭოს საკუთარი ინიციატივების განხილვა; ნაკლებად არის უზრუნველყოფილი მატერიალურ-ტექნიკური და საინფორმაციო მხარდაჭერა.
გამოწვევად რჩება დასახლების საერთო კრების გამართვის საკითხი. წინა შეფასების შედეგებთან შედარებით, ეს მაჩვენებელი 10%-დან 9%-მდე შემცირდა, რაც სავარაუდოდ, ამ მიმართულებით, ცალკეული საზოგადოებრივი ორგანიზაციების საპროექტო აქტივობების შემცირებას უკავშირდება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ იქ, სადაც ჩატარდა კრებები, უმნიშვნელოდ, მაგრამ გაზრდილია მერის მხრიდან სავალდებულო საკითხების წარდგენის მაჩვენებელიც.
კვლავ გამოწვევად რჩება მაღალი საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე საკითხებზე, მათ შორის, ბიუჯეტთან დაკავშირებული, საჯარო განხილვების გამართვის პრაქტიკა. მუნიციპალიტეტების 65%-ში, ბოლო ერთი წლის მანძილზე, არცერთი ასეთი განხილვა არ ჩატარებულა.
2017 წელთან შედარებით, გაუარესდა როგორც მერების, ისე საკრებულოს წევრების ანგარიშების საჯარო მოსმენების პრაქტიკა. როგორც წესი, არსებობს წერილობითი ანგარიშები, ასევე ბიუჯეტის შესრულების ანგარიშები, რომელიც საკრებულოს წარედგინება, თუმცა მუნიციპალიტეტების უმრავლესობაში კანონით დადგენილი მოსმენები არ ტარდება. ხოლო იქ, სადაც ხდება ანგარიშის მოსმენა, თითქმის ვერ აკმაყოფილებს კარგი პრაქტიკით დამკვიდრებულ სტანდარტებს.
QvemoQartli.ge
მასალის გამოყენება შეგიძლიათ, მხოლოდ, საიტის მითითებით