საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტების ხარისხის მონიტორინგი
ქვემო ქართლის რეგიონში მიმდინარეობს პროექტი, რომლის მიზანიც ასოცირების ფარგლებში საქართველოს აღებული ვალდებულებების შესრულების ხელშეწყობაა. კონკრეტულად კი, აქცენტი კეთდება ასოცირების სამოქმედო გეგმის ფარგლებში, თვითმმართველობების მიერ მომზადებული საშუალოვადიანი განვითარების დოკუმენტებზე. პროექტის ექსპერტმა დავით ლოსაბერიძემ, შეისწავლა აღნიშნული დოკუმენტების ხარისხი, ქვემო ქართლის ყველა მუნიციპალიტეტის მაგალითზე. შესაბამისი ანგარიში, დღეს, ლოსაბერიძემ ქვემო ქართლის სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს, სტუდენტებს და თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნო.
„ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტებს გააჩნიათ საშუალოვადიანი ხედვისა და პრიორიტეტების დოკუმენტების პროექტები. მიზანშეწონილია, მოხდეს მათი ყოველწლიური განახლება, პრიორიტეტების დოკუმენტი წარედგინოს საკრებულოს ისეთი ფორმით, რაც შესაძლებელს გახდის მოსახლეობის ინფორმირებასა და დაინტერესებულ მოქალაქეებთან ერთად მსჯელობას არა მარტო შემდეგი წლის ბიუჯეტის დეტალებზე, არამედ მუნიციპალიტეტის განვითარების სტრატეგიულ ხედვაზე.
ასევე, მუნიციპალიტეტების მერებმა, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსის შესაბამისად, პრიორიტეტების დოკუმენტის შემუშავების თაობაზე ბრძანების გამოცემისას, დოკუმენტის პროექტზე მომუშავე ჯგუფის შემადგენლობაში უნდა ჩართონ საზოგადოების წარმომადგენლები, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს წევრები და სხვა დაინტერესებული პირები. ეს უზრუნველყოფს მოსახლეობის უკეთეს ინფორმირებულობას მომავალი წლის ბიუჯეტის შემუშავების საწყის სტადიებზე, ასევე გადაწყვეტილების მიღების პროცესში რეალურ მონაწილეობას, როდესაც ჯერ კიდევ არსებობს ალტერნატივები და შესაძლებლობები ღიაა,“- ვკითხულობთ ანგარიშის რეკომენდაციებში.
პროექტს სახელმწოდებით: „ადგილობრივი თვითმმართველობების როლი ასოცირების შესახებ შეთანხმების დღის წესრიგის შესრულებაში – ასოცირების ევროვნული სამოქმედო გეგმით აღებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგი და ადვოკატირება ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მაგალითზე“ ახორციელებს ორგანიზაცია ქვემო ქართლის მედია ა(ა) იპ „ბოლნისის ენის სახლთან“ ერთად. პროექტი მიმდინარეობს „საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის“ მხარდაჭერით, პროექტის „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის“ ფარგლებში.
პროექტი „სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა“ მიმდინარეობს ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით.
უახლოეს დღეებში, პროექტის გუნდი, ანგარიშსს ქვემო ქართლის გუბერნიას, მერებს და საკრებულოების თავმჯდომარეებს გააცნობს.