თეთრიწყაროში მუნიციპალიტეტის სოციალურ პოლიტიკაზე იმსჯელეს

„ჩემი ხელის უფლება“ ასეთი სახელწოდების პროექტი მიმდინარეობს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში. ინიციატივას ორგანიზაცია  „საქართველოს სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ასოციაცია“ (ACSDG) ახორციელებს და მისი მიზანია სოციალური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად სამოქალაქო საზოგადოების გააქტიურება და პარტნიორობის პროცესის წახალისება.

პროექტის ფარგლებში პირველი შეხვედრა თეთრიწყაროს მერიაში გაიმართა. ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, გულიკო შოშიტაშვილმა პროექტი ადგილობრივ თვითმმართველობას გააცნო და გაუზიარა აქტივობის ძირითადი მიზანი.

შოშიტაშვილის განცხადებით ინიციატივის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა მუნიციპალიტეტის სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესება და მოსახლეობის მონაწილეობის გაზრდაა. შეხვედრას თეთრიწყაროს მერი გიორგი წიკლაური, მისი მოადგილეები ლია ზურებიანი, დევი მუხაშავრია და სამსახურების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე მერის მოადგილემ, ლია ზურებიანმა განაცხადა რომ თვითმმართველობა მზადაა სამოქალაქო სექტორთან თანამშრომლობისთვის. ღონისძიების  მონაწილე საჯარო მოხელეების ნაწილმა სურვილი გამოთქვა მონაწილეობა მიიღოს პროექტის სამუშაო ჯგუფის საქმიანობაში, რომელიც კონკრეტულ ინიციატივებს მოამზადებს, თვითმმართველობის სოციალური პოლიტიკის გასაუმჯობესებლად.

QvemoQartli.ge