თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს
თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის ხელმძღვანელი თანამდებობას ტოვებს.
ალექსანდრე მელიქიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მანამდე ხელშეკრულება არ გაუგრძელეს ერთ-ერთ თანამშრომელს, რომელსაც მისი პოსტი ჰქონდა გაზიარებული ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე:
„ ჩემი ოთხწლიანი საქმიანობა თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დასრულდა. მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ჩვენს ერთ-ერთ საუკეთესო თანამშრომელს მარიამ ჩარკვიანს, რომელსაც არ გაუგრძელეს შრომითი ხელშეკრულება. მისი აქტიური ჩართულობით ხორციელდებოდა აბსოლუტურად ყველა აქტივობა მუზეუმში. სექტემბერში, როცა თავისი ნებით მიდიოდა სამსახურიდან, ჩემი დაჟინებული თხოვნით დარჩა, რათა ბოლომდე მიგვეყვანა წამოწყებული საქმეები. მისი განთავისუფლების არანაირი საფუძველი არ არსებობდა. თუ ჩემი პოსტის (ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით) გაზიარება მის პირად გვერდზე (არასამუშაო საათებში) და ,,ლაიქი”, ,,წონადი” არგუმენტია, ამ პირობებში, არანაირი მორალური უფლება არ მქონდა ხელი მომეწერა ჩემს შრომით ხელშეკრულებაზე. ვრჩები რიგით მუზეუმელად და თეთრიწყაროს მხარეთმცოდნეობის მუზეუმის გულშემატკივრად.“
საკითხთან დაკავშირებით QvemoQartli.ge-იმ ოფიციალური წერილით მიმართა თეთრიწყაროს მერიას. უწყების პასუხს, როგორც კი მივიღებთ გავაცნობთ აუდიტორიას.
QvemoQartli.ge