თეთრიწყაროს მერია წარმატებული ახალგაზრდული ორგანიზაციისგან შენობის დაცლას მოითხოვს
„თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი” საქმიანობის განსახორციელებლად მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ შენობას 2018 წლიდან იყენებს. ამ დროის განმავლობაში, ცენტრმა სრულად მოახდინა შენობის რეაბილიტაცია და ყველასგან მივიწყებული ადგილისგან, შექმნა ახალგაზრდების თავშეყრის და არაფორმალური განათლების ცენტრი.
მათი შეთანხმება, შენობის თაობაზე, მერიასთან 2 წელიწადში ერთხელ ხელახლა ფორმდებოდა. თუმცა, მიმდინარე წლის 5 ივლისს, მუნიციპალიტეტის მერის ხელმოწერით, ორგანიზაციამ მიიღო წერილი, რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ, ახალგაზრდულმა ცენტრმა შენობა მიმდინარე წლის 3 ოქტომბრამდე უნდა დატოვოს.
ორგანიზაციამ მერიისგან ქონების უსასყიდლო უზუფრუქტის ხელშეკრულების ვადის გაგრძელება ითხოვა. მერია მათ არ დათანხმდა.
,,დღეს რთული პერიოდია სამოქალაქო საზოგადოებისთვის და კიდევ დამატებით ასეთი დაბრკოლების შექმნა, ჩემი აზრით, არის ძალიან არასწორი ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან, რომელთან ერთობლივი თანამშრომლობით წლების განმავლობაში ძალიან კარგ პრაქტიკას ვდებდით,“ – აცხადებს ლუსინე დოსტიბეგიანი, ააიპ თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის დირექტორი.
მისი ინფორმაციით, არსებობს ვარიანტი, რომ შენობა, შესაძლოა მერიის სატრანსპორტო კომპანიას გადაეცეს. გადაწყვეტილებაზე დამატებითი დეტალების გასარკვევად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი წიკლაურს დავუკავშირდით:
,, ვინ გაუშვა მაქედან?! არასწორი ინფორმაცია გაქვთ. მე ერთს გეტყვით, რომ ახალგაზრდულ ცენტრს სტატუსი შეუნარჩუნდება, ბევრად უკეთესი იქნება, ბევრად კომფორტული, უფრო მაგარი და მობილური. შენობა გადაეცემა ახალგაზრდულ ცენტრს, ოღონდ დაინიშნება ის, ვინც არის ღირსეული წარმომადგენელი. ლურსოსაც შეუძლია მოვიდეს, არ ვაგდებ მე შენობიდან. ცენტრს შეუნარჩუნდება სტატუსი და უფრო აქტიური იქნება და არა ცალკეულად ვიღაცებზე მორგებული. ყველა ახალგაზრდას შეუძლია საკუთარი აზრი დააფიქსიროს, მოვიდეს და ღიად ვისაუბროთ,“ – ამბობს (აუდიო ჩანაწერი ) თეთრიწყაროს მერი, გიორგი წიკლაური.
მსგავსი შინაარსის კომენტარი გააკეთა გიორგი წიკლაურმა ცენტრის Facebook პოსტზეც. თუმცა, გაურკვეველია, რატომ საუბრობს გიორგი წიკლაური ორგანიზაციის დახურვა – არ დახურვის შესახებ, როდესაც ,,თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი” დამოუკიდებელი ორგანიზაციაა და ის არ არის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტით დაფინანსებული. შესაბამისად, გაუქმდება თუ არა ცენტრი, მხოლოდ მისი დამფუძნებლები გადაწყვეტენ.
ლუსინე დოსტიბეგიანის თქმით, მუნიციპალიტეტთან აქამდე ორგანიზებულ შეხვედრებს პრობლემის გადაჭრისთვის არანაირი შედეგი არ მოუტანია და დღის წესრიგში მერიის მხირდან არასდროს დამდგარა საკითხი იმის შესახებ, თუ როგორ გაგრძელდებოდა მერიისა და ცენტრის თანამშრომლობა. სწორედ ამიტომ, 26 სექტემბერს ლუსინე დოსტიბეგიანმა კიდევ ერთხელ მისწერა მუნიციპალიტეტს თხოვნით, რომ მერიას ორგანიზაციის მიზნებისა და საქმიანობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გადაეხედა საკუთარი გადაწყვეტილებისთვის.
შეგახსენებთ, რომ ,,თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრი” რომელიც დონორების დახმარებით არის ათობით პროექტის ავტორი და განმახორციელებელი მუნიციპალიტეტში, არ დარეგისტრირდა ე.წ. აგენტების რეესტრში. ასევე დოსტიბეგიანი, ივნისში ჩვენი რესპონდენტი იყო და ღიად გამოხატავდა თავის პოზიციას „რუსულ კანონთან“ დაკავშირებით:
„ ეს კანონი იწვევს, ერთის მხრივ, სამოქალაქო საზოგადოების სექტორში მომუშავე წევრების სტიგმატიზაციას, რომ ისინი თითქოსდა უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარები არიან, ხოლო, მეორეს მხრივ, საზოგადოებრივი ორგანიზაციების დასუსტებას და სამომავლოდ მათ გაქრობას“,- ლუსინე დოსტიბეგიანი.
QvemoQartli.ge