თბილისში სამი სტუდენტი დააკავეს

ადვოკატის ელგუჯა ავსაჯანიშვილის ინფორმაციით სტუდენტები აჩი გოჩიტაშვილი, ლუკა ხიზაძე და გიორგი ბარბაქაძე 6 თებერვლის ღამის 3 საათისთვის დააკავეს ჭავჭავაძის გამზირზე ადმინისტრაციული წესით, მათ ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებულ დარღვევას ედავებიან, რაც სამართალდამცველის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.

ადვოკატის თქმით, გამოძიების ვერსიით, ისინი სტენსილების გაკეთების დროს დააკავეს, აჩი გოჩიტაშვილი და ლუკა ხიზაძე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები პროტესტის მონაწილეები არიან. სტუდენტია გიორგი ბარბაქაძეც.

ადვოკატის თქმით, მან უკვე მოინახულა თავისი დაცვის ქვეშ მყოფები დიღმის წინასწარი დაკავების იზოლატორში. მათ ძალადობის კვალი არ ეტყობათ.

შეგახსენებთ პროევროპული პროტესტის დაწყების მიზეზებს

GDI -ის ანგარიშზე დაყრდნობით

2024 წლის 28 ნოემბერს ირაკლი კობახიძემ გააკეთა განცხადება და 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხი დღის წესრიგში არ დაყენების შესახებ ქართული ოცნების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ირაკლი კობახიძის განცხადებამ საზოგადოების აღშფოთება გამოიწვია, რასაც მოჰყვა ეროვნული, მშვიდობიანი პროტესტი მთელი ქვეყნის მასშტაბით.

ასიათასობით ადამიანის მთავარ მოთხოვნას ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება და პროტესტის პარალელურად რეპრესიების ფარგლებში დაკავებული ადამიანების გათავისუფლება წარმოადგენს. აღნიშნულს წინ უძღოდა 2024 წლის 26 ოქტომბრის უაღრესად პრობლემური საპარლამენტო არჩევნები, რომლის შედეგებიც არ აღიარა საქართველოს პრეზიდენტმა, ბარიერგადალახულმა ოპოზიციურმა პარტიებმა და მოსახლეობის დიდმა ნაწილმა. 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები შეაფასა OSCE/ODIHR-მაც, რომლის უპრეცედენტოდ კრიტიკულ დასკვნაში საუბარია მთელ რიგ პრობლემებზე, მათ შორის არჩევნების ფუნდამენტური პრინციპის, ფარულობის, მასშტაბურ დარღვევაზე.

ყველაფერ ამას არჩევნებთან დაკავშირებით საერთაშორისო ლეგიტიმაციის არ არსებობაც ემატება. გარდა ამისა, 2024 წლის 25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციისა და პარლამენტის რეგლამენტის დარღვევით სცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება, რითაც გაწყვიტა ხელისუფლების ლეგიტიმაციის დემოკრატიული ჯაჭვი და გავიდა კონსტიტუციური წესრიგიდან. საქართველოს პარლამენტის მიერ, 25 ნოემბერს, პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობა, ეწინააღმდეგებოდა პარლამენტის რეგლამენტს, რადგან პარლამენტის წევრთა სრული შემადგენლობის არჩევის კანონეირება საკონსტიტუციო სასამართლოში იყო გასაჩივრებული.

შესაბამისად, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე პარლამენტს არ ჰქონდა უფლებამოსილება შეკრებილიყო და ეცნო პარლამენტის წევრთა უფლებამოსილება. ქართულმა ოცნებამ ხალხის ლეგიტიმურ პროტესტს მასშტაბური, ბრუტალური საპოლიციო ძალა და რეპრესიები დაუპირისპირა. პარლამენტის წინ გამართულ მშვიდობიან აქციებზე ხელისუფლებამ ამ დრომდე პროტესტის 500-მდე მონაწილე დააკავა.

მათი უმრავლესობა დაკავების დროს ან/და დაკავების შემდეგ დაექვემდებარა წამებასა და ღირსების შემლახავ ან არაადამიანურ მოპყრობას (GDI).

 

QvemoQartli.ge