თბილისში პროევროპული აქციების 67-ე დღეს 31 ადამიანი დააკავეს

პროევროპული აქციების 67-ე დღეს, თბილისის ერთ-ერთ გასასვლელთან, „თბილისი მოლის“ მიმდებარე ტერიტორიაზე  31 ადამიანი დააკავეს ადმინისტრაციული წესით. მათ ბრალი  173-ე (პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) მუხლით წაუყენეს.

აქციის მონაწილეები საავტომობილო გზების გადაკეტვას რამდენიმე საათის განმავლობაში ცდილობდნენ, შემდეგ კი აღმაშენებლის ხეივნიდან სანაპიროს გავლით წავიდნენ რუსთაველის გამზირისკენ – ორ თვეზე მეტია, სწორედ ამ ადგილზე იმართება უწყვეტი პროტესტი.

პოლიციამ დემონსტრანტების დაკავება დაახლოებით 18:00 საათზე დაიწყო. მედიასაშუალებების პირდაპირ ეთერში ჩანდა, დაკავების დროს როგორ ძალადობდნენ პოლიციელები აქციის მონაწილეებზე და აგინებდნენ დემონსტრანტებს.

რადიო თავისუფლების ინფორმაციით, აქციაზე დაკავებულებიდან ხუთს დაკავების შემდეგ ცემის გამო ჰოსპიტალიზაცია დაჭირდა. ისინი ინგოროყვას კლინიკაში გადაიყვანეს.

კლინიკაში სხვადასხვა დაზიანებით გადაყვანილები არიან ზურაბ შონია, ლევან ობოლაძე, გედევან კუპრაძე, ლევან ასანიძე და გურამ კაპანაძე.

დააკავეს ასევე პარტია “ახლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი და თავმჯდომარე ნიკა მელია. იგი ამ დროისთვის თავისუფალია.

პოლიციის შენობიდან გამოსვლის შემდეგ მან “ტვ პირველთან” ინტერვიუში თქვა, რომ პოლიციაში ფიზიკური ძალადობის სამიზნე გახდა ისანი-სამგორის სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილის, გიორგი ჩოქურის მხრიდან.

“სკამზე მჯდომ ადამიანს, ხელბორკილდადებულს, გიორგი ჩოქური წიხლს მირტყამს. ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე მეტია, პოლიციის შენობაში, დაკავებული ვარ – რა გვიკვირს, ნაწამები არიან ადამიანები, მაგრამ დაკავებულის ცემა როგორ შეიძლება. გამჭვირვალე შენობაში პოლიციის უფროსის მოადგილე იმას რომ ბედავს, რომ დაკავებულ ადამიანს წიხლს ურტყამს და საკუთარი თანამშრომლები რომ არა, რომლებიც სამართლიანობა მოითხოვს, შუაში ჩადგნენ”, – თქვა ნიკა მელიამ სამმართველოდან გამოსვლის შემდეგ.

პოლიციასთან ჭყლეტაში მოხვდა სანდრო აბესაძე, რომელმაც აქციაზე გონება დაკარგა და ახლობლების ცნობით, კლინიკაში გადაყვანა დასჭირდა. ის კლინიკა “ვივამედშია” ჰოსპიტალიზებული. კლინიკაში სასწრაფო დახმარების მანქანით გადაიყვანეს ასევე “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია.

მედიის ადვოკატირების კოალიცია გამოეხმაურა 2 თებერვალს საპროტესტო აქციაზე მედიის მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებებს. კოალიცია კატეგორიულად გმობს “ქართული ოცნების” პარლამენტის თავმჯდომარისა და პოლიციის წარმომადგენლების მხრიდან დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ გამოვლენილ მორიგ ძალადობრივ ქმედებებსა და დაშინების ფაქტებს.

2 თებერვლის მშვიდობიანი აქციის დროს პოლიციის წარმომადგენლებმა არაერთი მონაწილე უკანონოდ დააკავეს და მათზე ფიზიკურად იძალადეს. მათ შორის უკანონოდ ხელი შეუშალეს და შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს:

  • პოლიციამ მედია “აპრილის” თანამშომლებს, ვახო ქარელსა და ნატა ურიდიას პროფესიულ საქმიანობის განხორციელებაში უკანონოდ ხელი შეუშალა;
  • რადიო “თავისუფლების” ჟურნალისტს ხელი შეუშალეს საქმიანობაში და  დაემუქრნენ;
  • პოლიციამ მთავარი არხის ჟურნალისტ დეა მამისეიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა და უკანონოდ ხელი შეუშალა პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. ამის შესახებ ჟურნალისტი ფეისბუქზე წერს და ვიდეოს აქვეყნებს.
  • უკანონო დაკავების გაშუქებისას ფიზიკურად დაშავდა “ტვ პირველის” ოპერატორი ნიკო კოკაია, რომელიც საავამდყოფოში გადაიყვანეს სამკურნალოდ;
  • საპროტესტო აქციაზე პოლიციამ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს შეურაცხყოფა მიაყენა. პოლიციელების სამიზნე სამაუწყებლო აპარატურის დაზიანება იყო და მცდელობა ჰქონდათ “ტვ პირველის” გადამღებ ჯგუფს თავს დასხმოდნენ და აპარატურა  გაეტეხათ, იუწყება ტელეკომპანია.
  • გდდ-ის უფროსის მოადგილემ, სანქცირებულმა მირზა კეზევაძემ “ტვ პირველის” ჟურნალისტს ტელეფონი წაართვა და დაუზიანა. ”ტვ პირველის” ინფორმაციით ასევე მცდელობა იყო მიკროფონი წაერთვათ “ფორმულას” ჟურნალისტისთვის.
  • „მედიაჩეკერის“ ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს სამართალდამცავებმა ხელი შეუშალეს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში, რა დროსაც, მისი განცხადებით, ხელი ჰკრეს.
  • “გურია ნიუსის“ განცხადებით ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე მათ კამერას ხელს ურტყამდა;

” ეს ფაქტები წარმოადგენს მედიის თავისუფლებაზე პირდაპირ თავდასხმას და დემოკრატიული პრინციპების უხეშ დარღვევას. განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ აღნიშნული დანაშაულები პირველი შემთხვევები არ არის და უკვე წლებია “ქართული ოცნების” რეჟიმი ძალადობს საკუთარ მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებზე. აღსანიშნავია, რომ 2024 წლის 28 ნოემბრიდან დღემდე მედიის წინააღმდეგ ძალადობაში მონაწილე არც ერთი პირი არ მიცემულა პასუხისგებაში და უკანონო პატიმრობაში რჩება “ნეტგაზეთისა” და “ბათუმელების” დირექტორი მზია ამაღლობელი, რომელიც დაკავების დღიდან შიმშილობს.

მედიის ადვოკატირების კოალიცია სრულ სოლიდარობას უცხადებს დაზარალებულ ჟურნალისტებსა და მედია ორგანიზაციებს. დაუშვებელია სახელმწიფოში მედიის წარმომადგენლების დევნა და მათზე ზეწოლა” – მედიის ადვოკატირების კოალიცია.

ფოტო: ჯგუფი “დაიტოვე”, დ.დანელია

QvemoQartli.ge