„ ვიყავი აქტიური მოქალაქე და ყველა საკითხის შესახებ მქონდა ჩემი განსაკუთრებული, განსხვავებული და ოპოზიციური შეხედულებები“ – ოპოზიციონერი ქალები რუსთავის საკრებულოდან
ნანა შატბერაშვილი რუსთავის საკრებულოს წევრია „ ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან.” იგი პროფესიით განათლების მენეჯერია. ასევე, დოქტორი ეკონომიკურ მეცნიერებებში.
„ ვიყავი აქტიური მოქალაქე და ყველა საკითხის შესახებ მქონდა ჩემი განსაკუთრებული, განსხვავებული და ოპოზიციური შეხედულებები. რამაც, გავლენა მოახდინა იმაზე, რომ მიეღოთ გადაწყვეტილება ჩემი სამსახურიდან გამოშვების თაობაზე. გარკვეული პერიოდის შემდეგ მივიღე გადაწყვეტილება, როგორც პოლიტიკოსი ისე ჩავრთულიყავი ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში. მოსაყოლად ძალიან მარტივი ჩანს, თუმცა ამას ჰქონდა ძალიან დიდი ემოცია, როგორც პიროვნული ისე პროფესიული. ეს არ იყო მარტივი. თუმცა, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ამან არ მომცა იმისი მიზეზი, რომ რაღაცეებს შევეშინებინე და შემეცვალა ჩემი დამოკიდებულებები. მათ შორის პოლიტიკური დამოკიდებულებებიც“ – ნანა შატბერაშვილი.
საქართველოს უახლოეს წარსულში გენდერის ნიშნით პოლიტიკოსი ქალების დისკრიმინაციის არა ერთი ფაქტი არსებობს. შატბერაშვილის თქმით, მასაც მოუხდა ამასთან დაპირისპირება, თუმცა დღეს ხედავს გარკვეულ ცვლილებებს საზოგადოებაში.
„ საარჩევნო პერიოდი, რომელიც გავიარე პირველად და შემდგომ, 2021 წელს, იყო ძალიან განსხვავებული. მაგალითად, პირველად არჩევნებში მონაწილეობისას, ჩემი ოპონენტის მხარდამჭერები, რომლებიც ასევე საარჩევნო კამპანიაში იყვნენ ჩართულები, ჩემს წინააღმდეგ ძალიან აქტიურად მუშაობდნენ გენდერული ნიშნით. რადგან ჩემი ოპონენტი მამაკაცი იყო, ამბობდნენ – „ აი, ქალია და როგორ უნდა შეძლოს?“ – მინდა გითხრათ, რომ ამ ფაქტორმაც იმუშავა რაღაც ნაწილზე და დაარწმუნეს ამომრჩეველი, რომ კაცი უფრო მეტად შეძლებდა იმ პრობლემების მოგვარებას მთელი უბნისთვის ვიდრე მე, ქალი.
მეორედ როცა ვიყავი მაჟორიტარობის კანდიდატი და მოვიგე, დამოკიდებულება საზოგადოების რადიკალურად შეცვლილი იყო. უფრო მეტი ქალი იყო პოლიტიკაში, უფრო მეტი სითამამე იყო ქალების მხრიდან. ჩემს გარშემო იყვნენ სხვა ქალი პოლიტიკოსები, რომლებიც ყველა აქციაზე დავდიოდით, არ შეგვშინებია.“
მაშინ როდესაც პოლიტიკაში ხარ, ოჯახის მხრიდან მხარდაჭერა ყველაზე მნიშვნელოვანია, ამბობს ნანა შატბერაშვილი. აღნიშნავს, რომ მრავალი სირთულის მიუხედავად პოლიტიკურ საქმიანობას, ბევრი დადებითი ემოციაც ახლავს.
„ რომ არა ოჯახის გვერდში დგომა, ძალიან რთული იქნებოდა. ძალიან დიდი დრო მიაქვს ამ საქმიანობას და ეს დრო აკლდება ოჯახს. მიაქვს ენერგია, ემოცია, მაგრამ როდესაც გადაწყვეტილი გაქვს პოლიტიკაში წასვლა, ამისთვის უკვე ოჯახიც ემოციურად მზად უნდა იყოს.
მინდა გითხრათ რომ ხშირია შეურაცხყოფა თუნდაც კოლეგების მხრიდან. მაშინ, როდესაც განსხვავებული აზრი დამიფიქსირებია, ისეთი კომენტარი გაკეთებულა მმართველი პარტიის დეპუტატებისგან, რომ სხვა შემთხვევაში შეიძლება უპასუხოდ და რეაქციის გარეშე არ დაგეტოვებინა. თუმცა, არის რაღაც, რასაც გამომუშავება სჭირდება. რა თქმა უნდა, შეურაცხყოფას არ აიტან, მაგრამ უნდა იყო მზად, რომ ესეც იქნება და გქონდეს უნარი საპასუხო რეაქციის.
ჩემს პრაქტიკაში იყო მუქარის შემცველი ზარებიც, ამისგანაც არ ხარ დაზღვეული, რომ ვიღაცამ შენზე სიტყვიერი მუქარა არ განახორციელოს, ან ფსიქოლოგიური ზეწოლა არ მოახდინოს. თუმცა, ასეთი შემთხვევებიც არის მოგვარებადი. მთავარია ხასიათი. უნდა იმუშაო საკუთარ თავზე, არ უნდა შეგაშინონ. ძალიან ხშირად ვამბობ, რომ ჩვენ არ გვაქვს უფლება დავიღალოთ და შევშინდეთ. ჩვენ გააზრებულად ვართ ამ საქმეში, რომელსაც ადამიანების უფლებებისთვის და საჭიროებებისთვის ბრძოლა ჰქვია,“ – ნანა შატბერაშვილი.
ჩვენი მომდევნო რესპონდენტი აფხაზეთიდან დევნილი, პოლიტიკოსი ქალი ნათია შელეგიაა. იგი რუსთავის საკრებულოს წევრია პარტიიდან „საქართველოსთვის.“
ვსაუბრობთ პოლიტიკაზე და არსებულ გამოწვევებზე.
„ პროფესიით ვარ იურისტი და თითქმის 10 წელია უკვე ჩემს პროფესიულ საქმიანობაში აქტიურად ვარ ჩართული. მერიის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი ვიყავი რამდენიმე წელი. მოგვიანებით კერძო სამსახურში ვმუშაობდი. თუმცა, შემდგომ თავად გიორგი გახარია და მისი გუნდი ჩემთვის ერთ-ერთი ფაქტორი გახდა, აქტიურ პოლიტიკაში წასვლის გადაწყვეტილების მიღებისთვის. მაშინ არსებული პოლიტიკური გუნდი, როგორც სამთავრობო ასევე, ოპოზიციური მიუღებელი იყო ჩემთვის.
როცა მივიღე ეს შემოთავაზება, ჩემს მეგობრებსაც და ოჯახის წევრებსაც, ჰქონდათ კითხვები თუ რატომ მინდოდა პოლიტიკაში მოღვაწეობა. იმ ფონზე, როცა მშვენივრად ვმუშაობდი რამდენიმე სამსახურში და კიდევ ამის დამატება იყო გარკვეულ პრობლემებთან დაკავშირებული. იყო მუქარებიც, თავად მმართველი პარტიის მხრიდან. ასევე, მაგ პერიოდში მყავდა მცირეწლოვანი შვილი და მეორეს ველოდებოდი, ორსულად ვიყავი. ამის მიუხედავად, მაინც გადავწყვიტე რომ დამეკავშირებინა ჩემი პოლიტიკური საქმიანობა ამ გუნდთან და ჩემთვის გადამწყვეტი იყო ის, რომ ეს იყო გიორგი გახარიას გუნდია, თავისი პრინციპულობით და მიდგომებით“ – ნათია შელეგია.
საქართველოში ჩატარებული არა ერთი კვლევა მეტყველებს იმაზე, რომ ქვეყანაში ქალები კვლავ მოწყვლად ჯგუფებად რჩებიან და ეს თითქმის ყველა სფეროში იკვეთება.
„პატრიარქალური სახელმწიფოს მიდგომები გვაქვს. ის რომ ქალი აუცილებლად ოჯახში, ბავშვებთან, სამზარეულოში აღიქმება. ეს სტერეოტიპები ისევ არსებობს და ჩვენს ირგვლივ არის ძალიან მძაფრად. უფრო მეტად კი იგრძნობა როდესაც რეგიონში ჩადიხარ. ასევე, სტიგმატიზებული მიდგომები, მიუხედავად იმისა რომ კანონმდებლობის დონეზე ჩვენ თითქოს მოწესრიგებული გვაქვს ეს თანასწორუფლებიანობა კონსტიტუციით, მაინც ქმედითი მექანიზმები არის არასწორი. მაშინ როდესაც ჩვენ ქვეყანაში ვხედავთ ზეწოლებს როგორიცაა, პირდაპირი მუქარა, პირდაპირი დაშინება, – დატოვე თანამდებობა, წადი სამსახურიდან, ნუ მიიღებ ამ პოლიტიკურ პლატფორმაზე მონაწილეობას. როცა ხედავ, რომ ეს ყველაფერი აქტიურია, სახელმწიფოს როლი უნდა იყოს რომ აღმოფხვრა და დასაჯო ამ ქმედებისთვის, განსაკუთრებით მაშინ როცა კანონმდებლობა გაძლევს ამის შესაძლებლობას.
ეს არის ირიბი და პირდაპირი მანიშნებელი სახელმწიფოსგან, რომ ნაკლები აქტიურობა იყოს ქალების პოლიტიკაში. გადაწყვეტილების მიღების ნაწილშიც, ყველა ეტაპზე აწყდები ამ ბარიერს – ქალმა როგორ უნდა გადაწყვიტოს რამე, როგორ უნდა იყოს წამყვან პოზიციებზე და ა.შ. ზოგადად გასაზრდელი გვაქვს ყველას პოლიტიკური კულტურა. კომპრომისის ხელოვნება, ეთიკის ნორმების დაცვა. არ აქვს მნიშვნელობა ქალი ხარ თუ კაცი, აქ გენდერს არ აქვს მნიშვნელობა, თუმცა რუსთავის საკრებულოში ეს იგრძნობა. ჩემთვის ძალიან გამაღიზიანებელი იყო როდესაც საკრებულოს წევრმა სხვა პარტიიდან, „შვილოთი“ მომმართა, ეს არაერთხელ იყო ნახსენები, რასაც ჩემი ძალიან დიდი აგრესია მოჰყვა და შემდგომ მისგან საპასუხო ბოდიში მივიღე, თუმცა მაინც თანასწორობის განცდის პრობლემაა. ის რომ ოპოზიციაში ხარ, აღიქმება, თითქოს შენ ყოველთვის ცუდი უნდა თქვა, ცუდი ილაპარაკო.
დღეს რუსთავის საკრებულოში უმრავლესობა აქვს ოპოზიციას და ეს დიდი გამოწვევაა მმართველი პარტიისთვის, თუმცა, იქნებ დავიწყოთ აქედან მცირე ნაბიჯებით იმ დემოკრატიული რეალური სისტემისკენ წინსვლა, რასაც პროპორციული სისტემა გვაძლევს და რისთვისაც ზოგადად ხდება სხვადასხვა პარტიების გაერთიანება ერთ სივრცეში“ – ნათია შელეგია.
ავტორი: ნინო ბერიძე
სტატია მომზადდა “ქალთა ფონდის საქართველოში” და „შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს (SIDA)” მხარდაჭერით. მის შინაარსზე პასუხისმგებელია „ქვემო ქართლის მედია“ და იგი შესაძლოა არ ასახავდეს დონორის შეხედულებებს.