ვითხოვთ ახალ არჩევნებს – საპროტესტო აქცია თბილისში
დღეს, თბილისში გამართულ აქციაზე ოპოზიციურმა გაერთიანებებმა შემდგომი ნაბიჯები და მოთხოვნები გაახმოვანეს.
საზოგადოებას სცენიდან მიმართავდნენ „კოალიცია ცვლილებებისთვის“, ერთობა – ნაციონალური მოძრაობა“ და „ძლიერი საქართველოს“ ლიდერები.
„იქამდე უნდა ვიყოთ, სანამ ივანიშვილის ხელისუფლება არ დაემხობა და არ დამარცხდება“, – განაცხადა ნიკა მელიამ.
მანვე დააანონსა შემდეგი საპროტესტო აქცია, ხვალ 14:00 საათზე, სპორტის სასახლესთან.
აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა გიორგი ვაშაძემაც:
“მინდა გაგაცნოთ მთავარი პრინციპები, რაზეც ჩვენ, პოლიტიკური ძალები შევთანხმდით – 1) ვითხოვთ, ახალი არჩევნების დანიშვნას. 2) არ ვაღიარებთ მოპარულ არჩევნებს და არ ვცნობთ პარლამენტის ლეგიტიმაციას. 3) დავიწყეთ წინააღმდეგობის მოძრაობა და ვშლით წინააღმდეგობის ფრონტს ჯერ თბილისში და შემდეგ მთელ საქართველოში. ყოველი შემდგომი პროტესტი იქნება უფრო და უფრო მწვავე, უფრო და უფრო კონკრეტულ მიზანზე ორიენტირებული.
4) ვაგრძელებთ მტკიცებულებების თავმოყრას და სრულფასოვნად საერთაშორისო გამოძიებისთვის ყველა დოკუმენტაციის შეგროვებას, რომ ყველა დამნაშავე იყოს დასჯილი, ვინც ხალხს არჩევანი მოჰპარა. 5) ამ ბრძოლაში ჩართვა არ არის მხოლოდ ჩვენი პასუხისმგებლობა. ეს არის თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა და გთხოვთ გავაცნობიეროთ, რომ ის ნაბიჯები, რასაც ჩვენ ყოველდღიურად შემოგთავაზებთ, მნიშვნელოვანია ერთად შევასრულოთ, რომ საბოლოო გამარჯვებამდე მივიდეთ. 6) ყველაფერს ვაკეთებთ ერთად. ეს გაგრძელდება მანამ, სანამ საბოლოო გამარჯვებას არ მოვიპოვებთ.“
QvemoQartli.ge